ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას, საბოლოოდ აღმოიფხვრება" - მთავარ გაზსადენზე სამუშაოები ხვალ გამთენიისას დაიწყება

ზურაბ რურუა

დასავლეთ საქართველოს უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის, მთავარ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები ხვალ გამთენიისას დაიწყება.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მიზანი ბუნებრივი აირის სტაბილური მიწოდება, გაზსადენის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ავარიული გათიშვების რისკების განულებაა.

გაზის მიწოდება დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს 24 ნოემბრის დილის 4 საათიდან მეორე დღის დილის 10-მდე შეეზღუდება.

მმართველ გუნდში მთავარ გაზსადენზე დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები მინიმუმამდე შეამცირებს ავარიული გათიშვების რისკს.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მოსახლეობის პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დასავლეთ საქართველოში. მთავარი მილსადენი უნდა შეერთდეს ახალთან, ამით ის პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას, საბოლოოდ აღმოიფხვრება.

სწორედ ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების მიზანი და მთავარი სამოქმედო გეგმა, რომ ნელ-ნელა ყველა რეგიონში რა პრობლემებიც იყო აქამდე, საბოლოოდ აღმოიფხვრას და აღარ იყოს ეს რამდენიმესაათიანი წყვეტები, გინდა დენის, გინდა გაზის მიმართულებით. სწორედ ეს პრობლემები იქნება ამ შემთხვევაში აღმოფხვრილი", - განაცხადა ზურაბ რურუმ.

✕