"ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი

duta

დუტა სხირტლაძე 50 წლის გახდა. ძველებური სიხშირით აღარ ჩანს. ეტყობა, შემოქმედებითი "პერედოზის" ასაკი წავიდა... ძირითადად, მცხეთაში ცხოვრობს. თავისი ხელით აკეთებს ხისა და რკინის ნივთებსა და სახლის აქსესუარებს. ხელსაქმეებმა ისე გაიტაცეს, რომ დილაუთენია, უკვე საქმეში გართულს, რამდენჯერ გადაუღია განთიადის ვიდეოები, მზის ამოწვერისას და სოციალურ ქსელში განუთავსებია; აგარაკზე მსახიობმა პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული ბევრი რამ გააკეთა, ბოსტნიდან დაწყებული – რკინის ფანჩატურით დამთავრებული.

დუტას ცოლმა, სამი წლის წინ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თქვა კიდეც:

მარინა ნაცვლიშვილი: დუტა მცხეთის სახლში პანდემიის დროს გადმოვიდა და განდეგილად მარტო შრომობდა. ბოსტანი დამახვედრა. ეზო გასუფთავებული ჰქონდა. ჭიშკარი გამოცვალა. მთელი ზაფხული იშრომა. თან ვარჯიშა, თან სიამოვნებასაც იღებს ამ ყველაფრის კეთებით. ამ სახლში ყველაფერი ჩემი და დუტას ხელით არის გაკეთებული. ჰენდმეიდ სახლი გვაქვს-მეთქი, ვხუმრობთ;

დაბადების დღეზე "სვარკის” აპარატი ვუყიდეთ მე და ჩემმა მეგობარმა და ფანჩატური აგვიწყო. გამოუვიდა და მე მგონი, თვითონაც გაოცებულია. ჩემი გამოფენისთვის ვიტრინები დუტამ გამიკეთა

მერაბ კოკოჩაშვილმა დუტა თავის ბოლო ფილმში გადაიღო. მალე "ტერცო მონდოს" გახმოვანება დაიწყება.

მერაბ კოკოჩაშვილი: დუტას დიდი სიყვარულით ვულოცავ. ამ დღეებში აუცილებლად შევხვდები. ფილმის გახმოვანება გვაქვს. ძალიან მიყვარს. ნიჭიერი მსახიობია. მოკითხვა.

რაც შეეხება მსახიობის კინოდებიუტს, ის დაუვიწყარ "გარიგებაში" შედგა, სადაც 18 წლის დუტა თამაშობს.

"გარიგებას" წლების შემდეგ "გარიგება -2" მოჰყვა, რომლის პრემიერა 2011 წლის 28 იანვარს შედგა; ფილმის პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი "პრაიმტაიმთან" კომედიას იხსენებს;

დავით ბეჟიტაშვილი: როდესაც "გარიგების" სცენარი იწერებოდა, კიმას როლზე თავიდანვე დუტა განიხილებოდა. მისი ხაზი გაიზარდა და მიტოსა და მაროს შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ხაზია. კიმას ცოლის როლზე ლელა წურწუმია მე მოვიწვიე.  

იმ პერიოდში დუტა თელავის თეატრის ხელმძღვანელი გახლდათ. უამრავ პროექტში იყო დაკავებული. მე სულ მიკვირდა, მისი რეჟიმიდან გამომდინარე, სად ნახულობდა დროს, რომ გადაღებაზე მოსულიყო და თავისი როლი ასე მაგრად შეესრულებინა.

კარგად თამაშობს კიმას როლს. საერთოდ, მრავალმხრივად ნიჭიერია. ბევრი რამ გამოსდის. მისი ტექსტების უმრავლესობა იმპროვიზაციაა.

"გარიგება" 1993 წელს ზაზა კოლელიშვილმა გადაიღო; თუ საიდან იღებს სათავეს დუტას და ზაზას ნაცნობობა, მსახიობისგან შეიტყობთ.

ზაზა კოლელიშვილი: დუტას ბებია, თინა ბურბუთაშვილი და პაპაჩემი, თელავის თეატრში ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ, კოლეგები იყვნენ. მე და დუტას დედა, მაიკო სხირტლაძე, კულისებში ერთად გავიზარდეთ. ჩვენი ხშირი სტუმარი იყო, ჩვენს ხელში გაიზარდა. მისი დებიუტიც ჩემს ფილმში - "გარიგებაში" შედგა. მერე "გარიგება 2"-ში გადავიღეთ. 

ფილმისთვის "ომი და ქორწილი" თავისი აპარატურა გვათხოვა. კეთილი კაცია და გაუმარჯოს.

ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; მშრომელი ბიჭია, კითხვა უყვარს, ხელიდან ყველაფერი გამოსდის. მღერის უკრავს, ცეკვავს.  დუტაა რა!

კარგ პედაგოგებთან მოხვდა. მერე ჭოლასთან, თეატრში ბევრი როლი მოირგო. 

18 წლის სხვა იყო, 25-ის სხვა, 30-ის კიდევ უფრო სხვა. ახლა სულ სხვა კაცია. გონებადამჯდარი. პროფესიონალი, დაუზარელი, საქმის ერთგული, ოჯახის და შვილების მოყვარული, მეგობრებისთვის გვირაბს გათხრის. 

გადასარევ ოჯახთან და შვილებთან ერთად ვუსურვებ ბედნიერებას. ჩემგან კიდე ერთი ორმოცდაათი წელი. დანარჩენი სხვებმა უსურვონ.

ასევე დაგაინტერესებთ: "ასე არაფერზე მინერვიულია. ჩავჯექი მანქანაში და მთელი გზა ხმით ვტიროდი..." - გია ჯაჯანიძის ცრემლიანი ინტერვიუ

ჯერ ქალიშვილი გარდაეცვალა; შემდეგ მეუღლე და ვაჟი ფსიქიკურად დაავადდნენ. ამან მსახიობი საბოლოოდ გაანადგურა. შვება კი სასმელში იპოვა..." - ტრაგიკული ფრუნზიკ მკრტჩიანის ცხოვრების დეტალები

"ჩემი პარტნიორი, ოლი, ბრილიანტია. ვამაყობ ჩვენი ოჯახით" - ქეთი მელუა საყვარელ მამაკაცსა და ტურნეზე (ფოტოკოლაჟი)