"ჩემთვის შავლეგი იყო სინდისის, ღირსების, პროფესიონალიზმის და უბრალო ადამიანობის ეტალონი" - შავლეგ შილაკაძეს მუსიკოსები ემშვიდობებიან

kemo

გარდაიცვალა დირიჟორი, კომპოზიტორი და პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი - შავლეგ შილაკაძე.

ღვაწლმოსილი ხელოვანის წასვლამ მუსიკალურ წრეებში დიდი გულისტკივილი შეიტანა.

მესაყვირე ლევან კემულარია მაესტროს გარდაცვალებით გამოწვეულ ემოციებს, საზოგადოებას, ფეისბუქის მეშვეობით უზიარებს.

ლევან კემულარია, კემო: არ მჩვევია ამგვარი პოსტები, მაგრამ მინდა, რომ ყველას გაგიზიაროთ..
5 წლის ვიყავი პირველად რომ შევხვდი. სიმღერა ბევრი ვიცოდი და კარგად მახსოვს, მისი სახელი რომ გავიგე, "შავლეგ, შენი შავი ჩოხა" წავიღიღინე მაკვარანცხულად და გაეღიმა მზრუნველი სახით.

6 წლისამ პირველად დავუკარი მამაჩემის, ჩემთვისვე შექმნილი საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად. შავლეგი დირიჟორობდა და მე მისი სიდინჯით და გონიერი მუსიკალურობით მოხიბლულს, უსიტყვოდ მესმოდა, როდის რას გულისხმობდა.

მასაც სიხარულით უკვირდა მონდომებულს ყველა ციფრი ზეპირად რომ მახსოვდა.

უდიდესი მადლობა, ჩემი ბავშვობის ამ წარმოუდგენლად დიდი ემოციური მოგონებისთვის და შემდგომი მეგობრობისთვის, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ჩემთვის შავლეგი იყო სინდისის, პატიოსნების, ღირსების, პროფესიონალიზმის, კულტურულობის და უბრალო ადამიანობის ეტალონი. ძალიან ვწუხვარ... მადლობა მას ყველაფრისთვის.