1731009381
კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
76 წლის ასაკში გარდაიცვალა პიანისტი და კონსერვატორიის რექტორის მოადგილე მანანა დოიჯაშვილი.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
"უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა კონსერვატორიის პროფესორი, რექტორის მოადგილე, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი, ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი.
გამოსვნება - შაბათს, 21 იანვარს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან. საათს მოგვიანებით დავაზუსტებთ."
ბიოგრაფიული ცნობები
მუსიკის სწავლა 7 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი გახლდათ რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი მერი ჭავჭანიძე. 9 წლის იყო, როცა კონსერვატორიის დიდ დარბაზში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჰაიდნის საფორტეპიანო კონცერტი (D major) შეასრულა; 12 წლის ასაკში კი დიდი წარმატებით დაუკრა შუმანის საფორტეპიანო კონცერტი. მანანა დოიჯაშვილი 1965 წელს ხდება ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი;
1966-1967 წლებში სწავლობს მოსკოვის გნესინების სახელობის ინსტიტუტში (პროფ. ა. იოხელესის კლასი); 1967-1971 წლებში კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. თ. ამირეჯიბის კლასი); 1971-1973 წლებში თბილისის კონსერვატორიის ასპირანტია; 1979 წელს გადის სტაჟირებას მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ს. ნეიჰაუზთან. 1973 წლიდან დღემდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სპეციალური ფორტეპიანოს კათედრაზე, სადაც 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა ფორტეპიანოს მიმართულებას. ჯ. ენესკუს (რუმინეთი, 1970 წ.), ბ. სმეტანას (ჩეხოსლოვაკია, 1974 წ.) და სიდნეის (1977 წ.) პირველ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა.
გამართული აქვს სოლო, კამერული თუ სიმფონიური მუსიკის კონცერტები მსოფლიოს სახელგანთქმულ დარბაზებში, როგორებიცაა: ბუქარესტის "ეტენეუმი", მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის საკონცერტო დიდი და მცირე დარბაზები, სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, ლაიფციგის "გევან ჰაუზი", ზალცბურგის "მოცარტეუმი", სიდნეის "ოპერა ჰაუზი", ჰელსინკის "ფინლანდია ჰოლი", გრანადოსის "ალბენის ჰოლი" და სხვა.
მანანა დოიჯაშვილის თაოსნობით ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი. იგი გახდა საქართველოში "საკონკურსო მოძრაობის" სულისჩამდგმელი. მან საფუძველი ჩაუყარა "საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს" (1995), "პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსს" (1997), "ფრანსუა ლოლოს სახელობის ჩასაბერ საკრავთა კონკურსს" (2001) და "ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსს" (2008). მისივე ინიციატივით დაარსდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” (1997).
მისი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი "ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს" და "ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს"თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი რექტორობის პერიოდში (2000-2011წწ.) მთლიანად აღდგა კონსერვატორიის ისტორიული შენობის ინფრასტრუქტურა და შეიქმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
საქართველოს სახალხო არტისტი მ. დოიჯაშვილი არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია: შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელმწიფო პრემიების ლაურეტი, "პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი", საფრანგეთის რესპუბლიკის "ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კავალერი", იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს - "იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის" მფლობელი, "მსოფლიოს სახალხო დიპლომატის" საპატიო წოდება, მინიჭებული გაეროს "მშვიდობის საელჩოს" მიერ, პოლონური კულტურის ღირსების ორდენის კავალერი. მას იწვევენ მსოფლიოს პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის შემადგელობაში: ა. კასაგრანდეს (იტალია), ფ. ბუზონის (იტალია), ფ. შოპენის (ვარშავა, პოლონეთი), ა. ხაჩატურიანის (სომხეთი), UNISA -ს (სამხრეთ აფრიკა), სიდნეის (ავსტრალია), ხოსე იტურბის (ესპანეთი), ფ. ლისტის (ვაიმარი), მარია კანალსის (ბარსელონა), ი. პადერევსკის (ბიდგოშჩი, პოლონეთი), ვ. ჰოროვიცის (უკრაინა), ქსიამენის, ინდიანაპოლისის, როდოსისა და პიანისტთა სხვა საერთაშორისო კონკურსები.
ქალბატონი მანანას ღვაწლი საქართველოში კლასიკური მუსიკალური ხელოვნების, მაღალი კლასის მუსიკალურ-კულტურული და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებასა და წინსვლაში განუზომელია. მისი სახით უდიდესი მოღვაწე დაკარგა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მუსიკალურმა, კულტურულმა და ზოგადად მთელმა საზოგადოებამ.