"ასეთი სრულქმნილი წყვილი არათუ მინახავს, არც გამიგონია" - დაუვიწყარი მედეა ჯაფარიძე 100 წლის გახდებოდა

medea

ულამაზესი მედეა ჯაფარიძე დღეს, 20 თებერვალს, 100 წლის გახდებოდა... მე მას ქართული კინოს სახედ ავირჩევდი... 

თუ მსოფლიო თავისი ვივიენ ლიებითა და გრეტა გარბოებით ამაყად თამაშობს, ჩვენ მედეა ჯაფარიძით ჯოკერს ჩამოვდივართ! და ამით ყველაფერია ნათქვამი.

არტისტის ვაჟს, დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილს ინტერვიუები არ უყვარს, დამეთანხმებიან კულტურის სფეროში მომუშავე კოლეგები. თუმც რამდენიმე ინტერვიუ რაღაცნაირად დამიტყუებია და დღესაც მიხარია, რომ განუმეორებელ დედაზე, მან "პრაიმტაიმისთვის" კომენტარი გააკეთა.

ლაშა თაბუკაშვილი: მონატრება, სევდა და თან დიდი სიამაყე მაქვს. დიდი პიროვნება იყო. დრო აბსოლუტურად იცვლის ფერს და ზნეს, როდესაც საყვარელ ადამიანზე, მშობლებზე, ძმასა თუ დაზე ან მეგობარზე საუბრობ. არა, არ შველის დრო, პირიქით, უფრო აღრმავებს და ღირსეულს ხდის მონატრებას და სევდას. ნაკლებად ეგოისტურია, უკვე იმას კი არ ფიქრობ, მე რა დამაკლდა, არამედ ფიქრობ იმას, თუ რამხელა პიროვნება იყო. მთელი ეპოქაა. მთელი ეს ეპოქა გახსენდება, სინანულის გრძნობაც გიპყრობს, მისთვის ბოლომდე კარგი რომ არ იყავი. მუტრუკი, ხომ იცით ქართველი ბიჭები დედების მიმართ მაინცდამაინც სიფაქიზით არ გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელისთვის შეაკვდებიან...

ის, რაც ნორმა გეგონა, დღეს ხვდები, თუ რაოდენ დიდი შინაგანი ძალისხმევის ხარჯზე ხდებოდა. ზედაპირულად ვერ გააკეთებდა, მთლიანად ეთმობოდა თავის საქმეებს. თან მსახიობი ლამაზი ქალი ეგოისტი უნდა იყოს, არა? დედას ეგოიზმი აბსოლუტურად ატროფირებული ჰქონდა. სულ გასცემდა, გასცემდა... 

- და დედა თქვენს მეხსიერებაში რომელი ფოტო თუ კინოკადრად არსებობს?

- კოტე რომ აცნობს, ჩემი ქეთოო და მედეა რომ ამოიხედავს.

მიჭირს დედაზე რაიმე გახსენების ყურება, მონაწილეობა, მით უმეტეს. არც ინტერვიუებს ვაძლევ, იცით. მადლობა, რომ გახსოვთ მედეა ჯაფარიძე. ჯობს, წარსულის ღირსეული ადამიანები არ დავივიწყოთ.

 

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულის ისტორია

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულზე, ამ მართლაც იშვიათ და ლეგენდარულ წყვილზე, მათი რძლის, მედეა თაბუკაშვილის მიერ გამოშვებული წიგნი-ალბომის - „მედეას“ გამოყენებით მინდა გიამბოთ.

„გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ქალბატონმა მედეამ მოინდომა მაგნიტოფონზე ჩაეწერა თავისი განვლილი ცხოვრების ისტორია. სამწუხაროდ, ეს მოგონებები დაუსრულებელი დარჩა. ის ნაწილიც მოგონებებისა, რომელიც ზაზა სიამაშვილმა ჩაიწერა, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია“ - წერს წინასიტყვაობაში მედეა თაბუკაშვილი.

შეყვარებული მედეა სხვანაირი, ალბათ, ვერც იქნებოდა. და არც შექსპირის სონეტებზე ნაკლებ საჩუქარს იმსახურებდა ასევე ღირსეული თანამეცხედრისგან.

გაცნობა

ერთმანეთი მოსკოვში, ქართველი პოეტების პოეზიის საღამოზე, გაიცნეს. მედეას თვალს დარბაზში მჯდომი სიმპათიური ჭაბუკი არ გამოჰპარვია, მაგრამ როცა ვაჟის დაჟინებულ მზერას გადააწყდა, მის მიმართ ინტერესი გაუქრა. სიმპათიური ახალგაზრდა აედევნა, სახლამდე მიჰყვა, გზად ლექსები უკითხა და ქალის ყურადღება და ინტერესიც ამგვარად მოიპოვა. მაშინ მედეა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში თავისუფალ მსმენელად ირიცხებოდა, რეზო კი დიპლომატის პროფესიას ეუფლებოდა. ბავშვობიდან წერდა ლექსებს და ზეპირადაც ბევრი კლასიკოსის ლექსი იცოდა. გავა დრო და წყვილს ერთმანეთისთვის ლექსების კითხვაში არაერთხელ დაათენდება.

„მან გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ბრწყინვალე ლექსებს წერდა და მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო, თანაც მიუჩვეველი ქალებისგან უარის თქმას და ცოტა არ იყოს გაკვირვებული დარჩა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, იმიტომ, რომ მე ისეთი დაცლილი ვიყავი, სწავლის გარდა არაფერი მინდოდა, თანაც ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას“ - იტყვის მოგვიანებით მსახიობი.

სწორედ მაშინ, როდესაც მათი სიყვარული ძალას იკრებდა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მედეას თბილისში მოუწია დაბრუნება. ამ იძულებითი განშორებით შეძრწუნებულმა მსახიობმა რეზო დაიბარა და ყველაფერი მოუყვა მისი მძიმე ბავშვობისა და განვლილი წლების შესახებ. უცებ ეს მზეჭაბუკივით ვაჟკაცი რეზო ატირდა. ამან დიდი გავლენა მოახდინა მედეაზე. ის მიხვდა, რომ ასეთ მგრძნობიარე და გულწრფელ ადამიანს ხელს უკვე ვეღარ კრავდა.

წერილები 

ავადმყოფი დედის მანუგეშებელ მედეას მოსკოვიდან რეზოს მოწერილი წერილები უთბობდა გულს:

„მედიკო, გიგზავნი სონეტებს, ვასრულებ შენს თხოვნას, სამაგიეროდ გთხოვ ახალ ფოტოებს განუსაზღვრელი რაოდენობით, შენი ერთი სურათი ჩარჩოში ჩასმული, მაგიდაზე მიდგას და ყოველ საღამოს ანგარიშს ვაბარებ მას, სად ვიყავი და რა ვაკეთე, სურათის მედიკოც ძალიან კმაყოფილია ჩემით. გკოცნი ბევრს, ჩემო სიცოცხლევ და სიყვარულო. შენი რეზო“.

„ჩემო მედიკო!

კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები. თითქოს ვიტრინებშიაც არაფერი შეცვლილა და მაინც ვგრძნობდი, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება, ისეთი გრძნობაა, თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება, მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად. რას არ მივცემდი ერთი წუთით, რომ შემახედა შენთვის, დამაკოცნია შენი პატარა ხელები, რა ვქნა ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე. განშორება სიყვარულს კვებავსო -  სიყვარულზე ამაზე დიდი სისულელე არაფერი თქმულა.“

უზომოდ შეყვარებული მამაკაცის წერილებს ქალიც დიდი სიყვარულით პასუხობდა.

„რეზიკო! შენმა დეპეშამ შვიდ საათზე გამაღვიძა და მთელი დღე ულამაზო ვიყავი (რადგან გვიან დამეძინა წინა ღამეს). შენც ხომ ეს გინდოდა?! შენ რომ წახვედი დილით, არ მენატრებოდი და შემეშინდა, ვაი, თუ აღარ მომენატროს-მეთქი, მაგრამ საღამოს უკვე მენატრებოდი“.

„რეზო, აღმოჩნდა, რომ ბათუმში მყოფი ქალბატონები, სრულებიც და გამხდრებიც (რუსებს არ ვგულისხმობ) აივანზე ჩვენი ცეკვისა და კოცნის ცქერით ტკბებოდნენ. ახლა ვწევარ და ყველა ასეთ მნიშვნელოვან ამბავზე ასე უბრალოდ ვწერ. დაე იყოს ასე, უკეთ წერა მე არ ვიცი. მაპატიე და მაქედან ნოტაციები არ წამიკითხო. კარგი? რეზო, რეზო, რეზიკოოოო... რეზო! მე სისულელეების წერას მოვყვები, შენ არ დამიშალო, გთხოვ, კარგი? ჩემო ძვირფასო. ახლა გამახსენდა, როგორ მაწვალე ქუჩაში, სამაჯურიც რომ გამიტყდა. ახლა წერას მორჩები და როცა განწყობაზე მოვალ, განვაგრძობ.“

რეზომაც არ დააყოვნა და ამ წერილს წერილითვე უპასუხა: „უკაცრავად ჩემო პატარა ქალბატონო, ჩემო ნუკრო და ჩემო, რა ვიცი, კიდევ რა. მედიკო, ეს წელიც მოვითმინოთ, დავამთავრებ და ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს მოვაწყობ, ოღონდ შენ მეყოლე კარგად... წერილების წერას თუ გადაწყვეტ, მომწერე ხოლმე უფრო გარკვევით, უფრო დალაგებულად. ბევრი სიტყვა ვერც ამოვიკითხე, იეროგლიფებია პირდაპირ. მემწერე პასუხი, არ მანერვიულო. მაშ ველი ამ დღეებში პასუხს მხოლოდ პირდაპირს და ნათელს. გკოცნი ბევრს, რეზო.“

უარი ინგლისურ კარიერას

რეზო ამთავრებს ინსტიტუტს და დიპლომატად გზავნიან ინგლისში, მაგრამ ის უარს ამბობს გამგზავრებაზე მედეას სიყვარულის გამო. ქალს კი ეშინია, რომ ახალგაზრდა კაცს კარიერას გაუფუჭებს, ამიტომ ტოვებს მოსკოვს და გარბის თბილისში.

ნიტა ტაბიძის მოგონებიდან (ტიციან ტაბიძის შვილი): „ღამის თორმეტი საათია. ტელეფონის ზარი. მედიკოა. რა მოხდა? - ვეკითხები, რა გინდა თბილისში? - ეს წუთია ჩამოვფრინდი, აეროპორტიდან გირეკავ, ძალიან გთხოვ ნახევარ საათში ჩემთან მოდიო. სახლს რომ მივუახლოვდი, ვხედავ აივანზე დგას და მელოდება. უბედურება მოხდა, რეზოს საზღვარგარეთ აგზავნიან სამუშაოდ, ის კი უარს ამბობს, მიზეზი კი მე ვარ, მე ვუღუპავ კარიერასო. მაშინ გავიგე მის ცხოვრებაში რეზოს არსებობის შესახებ. ყველაფერს მომიყვა და ბოლოს დასძინა - სხვა რა გზა მქონდა, გამოვეცალე, დავყარე ყველაფერი და გამოვიქეცი თბილისში. რატომ უნდა აირიოს ჩემს გამო დიპლომატის კარიერა, თან უცხო ქვეყნების ნახვა მისი ოცნებაა, მაგიტომაც ჩააბარა დიპლომატიურზეო. ამას ჰყვება, უცებ იღება კარი და შემოდის რეზო. გაუგია მედიკოს გაქცევის ამბავი, მივარდნილა აეროპორტში და ბოლო რეისისთვის მიუსწრია. რეზო და მედეა, ეს მართლაც გასაოცარი სიყვარული იყო.“

ნამტირალევი მექორწილეები

და აი, ამ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილის ქორწილის დღეც დადგა. სტუმრები ოთხი საათისთვის იყვნენ დაპატიჟებულნი, მაგრამ რეზომ აიჩემა, დილაადრიანად მოვაწეროთ ხელი, თორემ ქალია მაინც და უცბად არ გადაიფიქროსო. მეჯვარეებად ნიტა ტაბიძე და გივი დოლიძე აირჩიეს. ხელის მოწერის რიტუალიც ჩატარდა, ქორწილამდე უამრავი დრო იყო დარჩენილი. მედეამ და ნიტამ საპარიკმახეროში გადაწყვიტეს შესვლა, ბიჭებმა გაისეირნეს. წინ კიდევ ოთხი საათი იყო. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, წვიმა კი არა - თქეში. ახალგაზრდებმა სადარბაზოს შეაფარეს თავი, მხოლოდ რეზო გაილუმპა. შარვალი შედგა და დაუმოკლდა. აწოწილი შარვლით დადგა წვიმაში და შესძახა: - რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში ჯერ ვიზრდები კიდევო!

დროის გასაყვანად კინოშიც შევიდნენ. იქიდან ცრემლებისგან დასიებული თვალებით გამოვიდნენ, მძიმე ფილმი იყო, ომზე. შუა რუსთაველზე მოდიოდნენ და ცრემლს ძლივს იკავებდნენ მექორწილეები.

იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე მშობლებს სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ მოთქვამდნენო.

სიკეთე და სილამაზე

ერთხელ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ თურმე. სანამ თავისუფალ მაგიდასთან მივიდოდნენ, მთელი დარბაზი მათკენ შემობრუნდა, ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა, ჯერ აღტაცების ხმები გაისმა, მერე კი დარბაზში ერთობლივმა ტაშმა იქუხა. თითქმის ყველგან ასეთი მოწიწებითა და პატივისცემით ეგებებოდნენ ამ ლამაზ წყვილს. სადაც კი გამოჩნდებოდნენ უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ, ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდველობა ჰქონდა. ირგვლივ სიკეთეს და სილამაზეს ასხივებდნენ.

„კინემატოგრაფისტთა კავშირის მცირე დარბაზში, საზოგადოების ვიწრო წრეში, რომელიღაც ქართულის ფილმის ჩვენება იმართებოდა. ჩვენების დაწყებამდე მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი შემოვიდნენ. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ინსტინქტურად წამოვიჭერით და ტაშით შევეგებეთ მათ. მერე ჩვენი საქციელის ცოტა შეგვრცხვა, რადგან ყურადღების ცენტრში მოვექეცით და თვითონაც გაგვიკვირდა, ასე რატომ მოვიქეცით. მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ მივხვდით, რომ ძალას, რომელმაც ჩვენ ფეხზე წამოგვაგდო ძალიან მარტივი ახსნა აქვს და ეს ოთხ სიტყვაში გამოიხატება - სიყვარული, სილამაზე, პატივისცემა და მადლიერება. მას შემდეგ კი ბევრჯერ მიფიქრია, რომ ბევრს გავიღებდი იმისთვის, რომელიღაც კინოჩვენებაზე კვლავ გაიღოს კარი და შემოვიდნენ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, ჩვენ კი შეგვეძლოს კვლავ წამოვდგეთ ფეხზე და ტაშით შევეგებოთ მათ შემობრძანებას“ - ლელა ოჩიაური.

ასეთი სრულქმნილი წყვილი არა თუ მინახავს, არც გამიგონია“ - ანზორ ერქომაიშვილი.

„ჩვენს თაობას ჰყავდა სილამაზით და სისპეტაკით გამორჩეული ორი ადამიანი, ჩემი სიყრმის მეგობარი მედეა და რეზო. ამ ორი ადამიანის დაკარგვით როგორ გაღარიბდა ჩვენი ქვეყანა!“ - გიგა ლორთქიფანიძე.

მათი ყოველი გავლა ფოტოჟურნალისტებსაც აბნევდა”

ლაშა თაბუკაშვილი იხსენებს:  ვენეციის ფესტივალი, სადაც მე, მედეა და რეზო ტონინო გუერას წყალობით სტუმრის ვიზით ვიყავით, კუნძულ ლიდოზე იმართებოდა. ფილმები მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ ფესტივალის შინაგანი რიტმი, ვარსკვლავების სიმრავლე და, ცოტა არ იყოს, ვაჭრულ-სნობური ატმოსფერო რაღაც მოშავო-მოთეთრო მაგიას ქმნიდა. ფოტოჟურნალისტთა კომპაქტური ჯგუფი მგლური ყმუილით ხვდებოდა სასტუმრო „ამბასადორის“ ფოიეში გამოჩენილ ყოველ ვარსკვლავს. თურმე სტილი ყოფილა ასეთი, ერთგვარი აღფრთოვანების გამოხატვისა. ეს უცნობილესი ხალხი, ყველა ვარსკვლავი საკუთარი კვადრილიით დადიოდა, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ერთმანეთს, მხოლოდ ხანდახან გაოცებით შესცქეროდნენ რეზოს და მედეას. მათი ყოველი გავლა ფოტოჟურნალისტებსაც აბნევდა, ძალიან ლამაზები იყვნენ და ამავე დროს, არავინ იცნობდა. ერთხელ ბართან მჯომმა მედეამ მანიშნა, ფული გამითავდა და წვენი ამიღეო. ბარმენის დამხმარე გოგონები მოცვივდნენ და მკითხეს, რა ფილმებში თამაშობსო. შევეცადე ამეხსნა, სად არის საქართველო. მალევე დაკარგეს ჩემი ინტერესი, მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, რა ლამაზიაო...

რეზო თაბუკაშვილი: “შექსპირს, როგორც ლირიკოსს, თავი თუ არ მოეჭრა საქართველოში, უმადლოდეს შენს გაჩენას ამ ქვეყანაზე”

„ასე მგონია საუკუნოდ ბედმა შეგვყარა,

სამყარო გაწყდა და მე და შენ შევრჩით ქვეყანას.

შენს უკეთესი, რა შემეძლო ქვეყნად მენახა.

ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.“

ეს ერთ-ერთი სონატაა იმათგან, რომელიც რეზომ მედეას მიუძღვნა.

 

1980 წელს გამოიცა შექსპირის სონეტების თაბუკაშვილისეული მთლიანი თარგმანი, პირველ სასიგნალო ეგზემპლარს კი ასეთი წარწერა გაუკეთა:

„ჩემო სიყვარულო! თუ ეს ქართული წიგნი მართლა წარმოადგენს რაიმე ფასეულობას, ორიგინალის ავტორი ალბათ დარწმუნებულია, რომ ეს მისი სონეტების დიდებულებითაა გამოწვეული. შექსპირს, როგორც ლირიკოსს, თავი თუ არ მოეჭრა საქართველოში, უმადლოდეს შენს გაჩენას ამ ქვეყანაზე.

ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი შენსავით მშვენიერია თუ - არა. ყოველ შემთხვევაში ძალიან ვცდილობდი დამემსგავსებინა შენთვის“.

 

დავალება ჯაბა იოსელიანს - „საუკეთესო ყვავილები იყიდე, ჩემ მაგივრად მიუტანე“

1955 წელს ლილი იოსელიანმა მარჯანიშვილში დადგა ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“, სადაც მედეა ელიზა დულიტლს თამაშობდა.

„პრემიერაა, - იგონებს ჯაბა იოსელიანი - რეზო თაბუკაშვილს კი გადაუდებელი საქმე აქვს და ვერ მოდის თბილისში, ვერ ესწრება წარმოდგენას.

„საუკეთესო ყვავილები იყიდე, ჩემ მაგივრად მიუტანე,“ ფულს ძალით მიტენის ჯიბეში. „ამით მთელი ბაღი მოვა“ - ვეუბნები. „მთელი ბაღი მიიტანე“.

ქალბატონი მედეას, დეპუტატობის პერიოდში, როდესაც ის იაპონიიდან დაბრუნდა, გოგლა ლეონიძემ პაოლო იაშვილის იუბილეზე ექსპრომტი უძღვნა:

„მედეა შემოქმედია, მიზეზთა უმიზეზოსი,

მოხიბლა იაპონია, ნაგასაკი და ხესოსი,

მედეა მართლაც ბედია თაბუკაშვილი რეზოსი.“

რეზოს იქვე სუფრაზე ჩუმად უკითხავს გოგლასთვის, ხესოსი რა ქალაქია იაპონიაშიო? “ჩამავლე ხომ, შე მამაძაღლო, რითმისთვის დამჭირდაო“, - ღიმილით უპასუხია გოგლას.

უკანასკნელი წერილი  - “ჯერ საწოლებმა დაგვაშორეს ერთმანეთს... რაღაც გვაშორებს და გვაჩვევს ცალ-ცალკე ყოფნას...”

ამ უიშვიათესი წყვილის ბოლო მიმოწერა „ლეჩკომბინატის“ პალატაში მოხდა. რეზო თაბუკაშვილი საბედისწეროდ გახდა ავად. პირველივე დღიდან იცოდა განაჩენი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ბედისწერას არ შეშინებია. უკანასკნელ  კვირებს ითვლიდა. სწორედ ამ დროს მედეას ფილტვების ანთება დაემართა და ორ ოთახიანი პალატა მართლა ორად გაიყო. რამდენიმე დღე მას რეზოსთან არ უშვებდნენ. მედეამ მეზობელ პალატაში მყოფ რეზოს მისწერა:

„რეზიკო, რატომ დამივიწყე? ჯერ საწოლებმა დაგვაშორეს ერთმანეთს იმ საძაგელი რკინებით, ახლა კიდევ უფრო უარესი - ოთახებმა. რაღაც გვაშორებს და გვაჩვევს ცალ-ცალკე ყოფნას... მომწერე, ძალიან გთხოვ მიპასუხე! თუ არ მიპასუხებ, ვიტირებ! თუ არ მიპასუხებ, გავიპარები სახლში შუაღამეს, გავიქცევი სახლში! მიშველე!!!“

რეზომ უპასუხა:“ჩემო პაკი პუკ (ასე ეძახდა, რადგან მედეა სულ ქოშებით დაპაკუნობდა)! სირცხვილი შენ, რომ ერთი წუთით მაინც წარმოიდგინე, ვინმეს ან რამეს შეეძლოს მე და შენი დაშორება... მიუხედავად შენი ბრონქიტისა, გკოცნი ბევრს, ჩემო ლამაზო, მშვენიერო და ერთადერთო!“

გარდაცვალების შემდეგ რეზომ, რომელმაც პირველად გატეხა სიტყვა, მეუღლის ერთი საყვედური დაიმსახურა. მედეამ პატარა მედეას, რძალს, განცვიფრებით და წყენით უთხრა: „ხომ შემპირდა, რომ არ იღელვო, კისერს მოვუგრეხ ამ წყეულ სენსო, რატომ არ შემისრულა პირობა?“ მას ბოლომდე სწამდა, რომ რეზო მოურეველსაც მოეროდა. 

შემდეგ იყო ხანმოკლე ინერცია, ამ ორი ადამიანის დაშორება მართლაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

1994 წლის „კავკასიონი“ წერდა: „მედეა ჯაფარიძე გახუნებულ, მოწყენილ თბილისს ეთხოვება. თბილისი ეთხოვება მშვენიერებას, კდემას, სინაზეს... ამ ბოლო დროს მედეას იშვიათად დაინახავდით ვერაზე შავებში ჩაცმულ, ცივი და თითქოს არაამქვეყნიური, გარიყული მზერით. ხალხი ჩერდებოდა და უყურებდა, ის კი ისევ იმ რაღაც მედიდურობით ნელა მიდიოდა. მიდიოდა როგორც დრო, როგორც სიმბოლო დროისა, რომელიც მშვენიერებასაც კი დასასრულთან აახლოებს.“

სახალხო არტისტი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს.

მედეა ერთადერთხელ მოვიდა თეატრში დაუგვიანებლად, მაგრამ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს საჭირო იყო. ეტყობა რეზოსთან უკანასკნელ პაემანზე აგვიანდებოდა“ - ოთარ მეღვინეთუხუცესი.