1728156496
"მიხსენებენ ხოლმე, ბელას ხელით ატარებდიო… კიბეზე რომ ვერ ამოდიოდა, ავიყვანდი და ამოვარბენინებდი, აბა, რას ვიზამდი?!" - სიყვარულის ისტორია, რომელიც არასდროს ხუნდება
სიყვარულის დღე იქნება თუ ვალენტინობა, იმაზე ნაღდი და ნამდვილი რა უნდა გაიხსენო, ვიდრე კახის და ბელას სიყვარულია?
გთავაზობთ ლეგენდარული არტისტის, კახი კავსაძის მონათხრობს თავის მარადიულ სიყვარულზე...
კახი კავსაძე: მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?!
– ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ… არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?!
54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ – ნახევარი. კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა. ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას…
– ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია. როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება.
ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად...
ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის… ხალხს უთქვამს, წუთისოფელი წუთისააო – ბრძენია ხალხი. მთელი ჩემი ცხოვრება თვალნათლივ მიდგას. პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში ვნახე, მესამე კურსზე ვსწავლობდი, ის პირველ კურსზე იყო. გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა (კურსელები იყვნენ და მეგობრობდნენ), გურანდამ რაღაც ეპიზოდი გაითამაშა იუმორში და ბელა გულიანად კისკისებდა. დანახვისთანავე გავშტერდი, გავგიჟდი!!!
მას შემდეგ, ზურიკელა ვაშალომიძისა არ იყოს, გადარეული დავიარებოდი. ამას ალბათ ერთი ნახვით შეყვარება ჰქვია. მორცხვი არ ვიყავი, გოგონებთანაც არ მიძნელდებოდა ურთიერთობა, იმ გრძნობას კი საგულდაგულოდ ვმალავდი. ვერაფრით ვბედავდი, პირველი ნაბიჯი გადამედგა. საოცარი რიდით ვუფრთხოდი, ბელა ჩემს გულისთქმას არ მიმხვდარიყო. ამიტომ მასთან კონტაქტს გავურბოდი, ახლოს ვერ ვეკარებოდი. მიუწვდომლად მიმაჩნდა. ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი…
ბელას პირველმა ქორწინებამ ჩემს დამოკიდებულებაში რაღაც შეცვალა. ინტუიციით ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა. როდესაც ნანუკას მამას გაშორდა, თავს შევუძახე: “კახი, ბოლოს და ბოლოს დროა, “შორით დაგვა” შეწყვიტო, გრძნობა გაუმჟღავნო და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, თორემ…” შეიძლებოდა ეს ქალი სამუდამოდ დამეკარგა.
მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლო მომეღო ამ “უთავბოლობისთვის”. არასდროს მითქვამს, მიყვარხარ–მეთქი. მხოლოდ ქცევით ვაგრძნობინებდი… სერიოზულ ყურადღებას ვიჩენდი, სადაც მიდიოდა, ყველგან ვაცილებდი. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ბავშვობის ამხანაგმა, ავთო საყვარელიძემ, წვეულებაზე დამპატიჟა, ბელაც თან წავიყვანე, როგორ კოლეგა, თუმცა…
– ეს ქალი ჩემი ცოლია, – წარვუდგინე მეინახეებს, ასევე – დედაჩემსაც, როცა ბელა სახლში მოვიყვანე. იმ დღიდან ჩემი მარტოობა დასრულდა. მას შემდეგ ჩემთან ვცხოვრობდით. ეს ბელას პირველი ნახვიდან 12 წლის შემდეგ მოხდა. ნანუკა გადასარევი ბავშვი იყო. რომ შევუღლდით, მაშინ წლინახევრის გახლდათ, შემდეგ ირაკლი დაიბადა…
ლეგენდარული სიყვარული და ოჯახი ჰქონდათო, ამბობენ, თუმცა არ მესმის, რატომ იყო ლეგენდარული, ან სად გადის ზღვარი ლეგენდასა და სინამდვილეს შორის. ბელა ყოველმხრივ ფანტასტიკური მეუღლე იყო, ყოველთვის მაკვირვებდა თავისი სიბრძნით, პრაქტიკულობით, ზომიერებით, პიროვნული სიდიდით…
სახლში მოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, თუმცა “კარში გავარდნაც” მჩვეოდა, ძმაკაცებში და მეგობრებში სიარულს არ ვიკლებდი. ამის გამო საყვედური არასდროს უთქვამს. არაფერი ეშლებოდა, ზომა–წონა იცოდა, არასდროს ჩაერეოდა ჩემი და ძმაკაცის ურთიერთობაში, არასდროს უკითხავს, ფული რამდენი გაქვს, რა ჯამაგირი აიღეო, არც ჩემს ჯიბეში ჩაუყვია ხელი.
ჩემს შესრულებასთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილად მეტყოდა თავის მოსაზრებას, თავზე არ მომახვევდა, არც შენიშვნის სახეს მისცემდა. ავადმყოფობის მიუხედავად, ოჯახის ბურჯი იყო. საჭიროებისამებრ, ძალიან ძლიერი ხდებოდა. 26 წელი ვიყავით ერთად, აქედან 3 წელი ჯანმრთელად იყო და დაფრინავდა, 23 წელი იავადმყოფა.
მიხსენებენ ხოლმე, ხელით ატარებდიო… კიბეზე რომ ვერ ამოდიოდა, ავიყვანდი და ამოვარბენინებდი, აბა, რას ვიზამდი?! ერთხელ ნათელა არველაძისთვის (თეატრმცოდნე) უთქვამს, თავგანწირული თავდადება თუ არსებობს, კახი სწორედ ასეთია ჩემ მიმართო.
ბელა ყოველმხრივ ჩემზე მაღლა იდგა. მე ალბათ ის კაცი ვიყავი, ვინც ამას ხედავდა და უბრალოდ აფასებდა. ვფიქრობ, მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორიც ეკუთვნოდა, ვერ გავახარე ცხოვრებაში…