თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
"ქართულ კინოში ლამაზი და ნიჭიერი ქალები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არიადნამ ძალიან გაამდიდრა ქართული ფილმი. საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო, აფასებდნენ და ნამდვილი ვარსკვლავი იყო" - "პრაიმტაიმს" არიადნა შენგელაიაზე იმედო კახიანი უყვება.
არიადნა შენგელაიას სხვა როლი რომ არ ეთამაშა, მხოლოდ „შერეკილების“ მარგალიტათიც კეკლუცად დარჩებოდა ქართულ კინემატოგრაფიას. დაუვიწყარი როლია, მაყურებლის კეთილგანწყობას გამოჩენისთანავე იმსახურებს და ფიქრობ, რომ დიდი თუ პატარა დოზით, მარგალიტა ყველა ქალშია.
ამგვარად უკვდავყო ელდარმა თავის შედევრში პირველი ცოლის სახე.
13 იანვარს არიადნა 86 წლის გახდა. ინტერვიუები არ უყვარს. საზოგადოების წინაშე არ ჩნდება. როგორც იმედა კახიანი იხსენებს, "არიადნა ყოველთვის მოკრძალებული იყო. ყურადღების ცენტრში ბუნებრივად ექცეოდა, მაგრამ თვითონ ინიციატივა, არასდროს გამოუჩენია."
ამასწინათ, ელდარის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მაესტროს და არიადნას უფროსი ქალიშვილი, ნატაშა შენგელაია ჩავწერე. მან გულახდილად მითხრა, რომ დღემდე გული წყდება, რომ დედ-მამა ერთად არ არიან...
"დედა და მამა დღემდე მეგობრობენ, ერთმანეთს სატელეფონოდ ესაუბრებიან, უყვართ ერთმანეთი და მე ეს მახარებს" - უთხრა ნატაშამ "პრაიმტაიმს".
იმედა კახიანი კი იხსენებს, რომ პირველ ფილმზე, "თეთრ ქარავანზე" თანამშრომლობისას, ელდარი არავინ იცოდა, არიადნა კი უკვე საბჭოთა კავშირში პოპულარული იყო.
იმედა კახიანი: "თეთრი ქარავნის" გადაღების შემდეგ, ხშირად, როდესაც ერთად ვიყავით, ელდარზე ამბობდნენ, ეს არიადნას ქმარიაო. მაშინ არავინ იცნობდა ელდარს. მას არ სწყინდა, სიმართლე იყო, რა უნდა სწყენოდა. ჯერ ერთი, რეჟისორებს ისედაც არ იცნობენ ისე კარგად, როგორც მსახიობებს და ამაში გასაკვირი არაფერია. ელდარი მოგვიანებით გახდა ძალიან ცნობილი თავისი შედევრებით.
არიადნა კი ბუნებით ძალიან კეთილშობილი, სუფთა და მართალი ადამიანია. ეს მის თვალებშიც ჩანს და ნამუშევრებშიც. ჩვენ ვმეგობრობთ. ძალიან მეგობრულია და დახმარების გაწევა იცის. გვერდით დაგიდგება, გირჩევს. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილია.
ძალიან უყვარდა ელდარი, გვარი შეინარჩუნა. მისი გვარი შპრინკია. უყვარს საქართველო და ქართველები.
დედა ჰყავდა არიადნას შესანიშნავი, ქალბატონი ანა პავლოვნა, რუსი არისტოკრატი. ელდარმა „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ ათამაშა, მილიციელის როლი. პატრულირებისას რომ აჩერებს აგურცოვას, ის არიადნას დედაა. შეიძლება ეს ბევრმა არ იცოდეს. დიასახლისი იყო, მსახიობი არ ყოფილა. ელდარი ანა პავლოვნას დიდ პატივს სცემდა. ისიც სიძეზე გაგიჟებული იყო. შვილიშვილები - ნატაშა და კატია შენგელაიები მან გაზარდა.