1775072520
" 13 მკვლელობა, 5 მკვლელობის მცდელობა, 11 სექსუალური ძალადობა და 14 ქურდობა..." - სასტიკი მკვლელის, რიჩარდ რამირესის საქმე
რიჩარდ რამირესი 1960 წლის 29 თებერვალს ელ-პასოში, ტეხასის შტატში დაიბადა. ის მექსიკელი ემიგრანტების მერსედესისა და ჯულიან რამირესის მეხუთე შვილი იყო. რიჩარდი 5 წლის ასაკში საქანელიდან ჩამოვარდა და თავის დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც მას ეპილეფსიური შეტევები დაეწყო.
მოზარდობისას, რამირესზე დიდი გავლენა იქონია მისმა უფროსმა ბიძაშვილმა მიგელმა, რომელიც ვიეტნამის ომში იბრძოდა. ერთ დღეს, მან რიჩარდს მოუყვა, რომ ვიეტნამში ყოფნისას მან რამდენიმე ქალი აწამა და დაასახიჩრა, რაც ფოტოსურათებით დაუდასტურა. 13 წლის ასაკში რამირესი შეესწრო, თუ როგორ მოკლა მიგელმა ცოლი. ის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
რიჩარდმა სწავლას მეცხრე კლასში დაანება თავი. იგი პირველად 1977 წელს მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს. მალევე ის კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, რის შემდეგაც კოკაინზე გახდა დამოკიდებული. ამ პერიოდში ის ორჯერ დააკავეს მანქანის ქურდობისთვის. მოგვიანებით რამირესი სატანიზმით დაინტერესდა და დაიწყო პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა.
1984 წელს ქურდობები ძალადობაში გადაიზარდა და ამავე წლის 28 ივნისს რიჩარდმა პირველად მოკლა ადამიანი. მსხვერპლი 79 წლის ჯენი ვინკოუ გახლდათ. რიჩარდი ქალის სახლში შეჭრა, სადაც მასზე სექსუალურად იძალადა, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მოკლა.
ჯენი ვენკოუს მკვლელობიდან ცხრა თვის შემდეგ რამირესი თავს მარია ერნანდესს დაესხა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. საბოლოოდ მან მარიას ოთახის მეზობელი, 24 წლის დელიე ოკაზაკი მოკლა. ამავე საღამოს მან იარაღით შეიწირა 30 წლის წაი-ლიან იუს სიცოცხლე.
სულ რაღაც 10 დღის შემდეგ, 27 მარტს, რამირესმა მოკლა 64 წლის ვინსენტ ზაზარა და მისი 44 წლის ცოლი, მაქსინი. რიჩარდმა ჯერ ქმარი დახვრიტა, შემდეგ კი ცოლს სასტიკად გაუსწორდა, თვალები ამოთხარა და დანით მოკლა. სწორედ ამ მკვლელობის დროს აღმოაჩინა პოლიციამ მტკიცებულება - მკვლელის ფეხსაცმლის ნაკვალევი.
1985 წლის თებერვალსა და მარტში მონტობელოში, მონტერეი პარკსა და გლასელ პარკში ბავშვების გატაცება დაიწყო. ყველა მათგანზე სექსუალურად იძალადეს და შემდეგ მიატოვეს. ბავშვებმა პოლიციას დეტალურად აღუწერეს დამნაშავის გარეგნობა, რაც მარია ერნანდესის მიერ აღწერილ ადამიანს ძალიან ჰგავდა. აქედან გამომდინარე გაჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყველა დანაშაული ერთი და იგივე ადამიანმა ჩაიდინა.
ამავე წლის გაზაფხულის მიწურულს, მონტებელოს რაიონიდან კიდევ ერთი ბავშვი გაიტაცეს, რომელზედაც ახლოს მდებარე სამშენებლო მოედანზე სექსუალურად იძალადეს. ადგილზე ცემენტი ჯერ კიდევ სველი იყო, რის გამოც გამომძიებლებმა სწორედ იმ ფეხსაცმლის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც დამნაშავემ არაერთ დანაშაულის ადგილზე დატოვა.
1985 წლის 14 მაისს მამაკაცი მონტერეი პარკში, ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და ცოლ-ქმარს თავს დაესხა. დამნაშავემ მამაკაცი მოკლა, ხოლო მისი მეუღლე გაძარცვა და მასზე სექსუალურად იძალადა.
5 ივლისს, 16 წლის უიტნი ბონეტს სახლში ყოფნისას თავს დაესხნენ. მძიმე ჭრილობების მიუხედავად, გოგონა გადარჩა. დანაშაულის ადგილას კი პოლიციამ მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ფეხსაცმლის კვალი ნახა.
ამ პერიოდში რიჩარდმა ახალგაზრდა ქალის გატაცება სცადა. დაზარალებულმა ჩვენებაში თქვა, რომ გამტაცებელი "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციამ შეამჩნია "ტოიოტა", რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევდა, თუმცა ეჭვმიტანილმა ფეხით გაქცევა მოახერხა, მანქანა კი დატოვა. გაქცევამდე მან საქარე მინაზე სატანისტური პენტაგრამა დახატა.
7 ივლისს 60 წლის ჯოის ნელსონი მისივე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ დანაშაულის ადგილას კვლავ აღმოაჩინა ფეხსაცმლის კვალი.
ამავე ღამეს რიჩარდი სოფი დიქმენის სახლში შეიჭრა და მასზე სექსუალურად იძალადა.
მეორე დღეს პოლიციამ დამნაშავის მანქანა გაჩხრიკა. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალსტებმა თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინეს, ნაპოვნი იქნა სტომატოლოგიური კაბინეტის სავიზიტო ბარათი.
პოლიცია ეწვია კაბინეტს და აღმოაჩინა, რომ მათი ეჭვმიტანილი კლინიკას ხუთი დღით ადრე, ბენეტის, ნელსონის და დიკმანის თავდასხმებამდე ცოტა ხნით ადრე ეწვია. რამირესი კლინიკაში ყალბ გვარს - "რიჩარდ მენას" იყენებდა. სტომატოლოგმა პოლიციას რენტგენის ასლი გადასცა. პოლიციას ჰქონდა მცდელობა, რომ მკვლელი სტომატოლოგთან ვიზიტის დროს დაეკავებინათ, თუმცა აღნიშნული წარუმატებლად დასრულდა.
ივლისის ბოლოს რამირესმა მოხუცი წყვილი - ლელა და მაქსონ კნეიდინგი მოკლა. იმავე დღეს კი მეზობლად კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. დანაშაულის იარაღი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო. აქვე აღმოაჩინეს ფეხსაცმლის კვალიც.
რამდენიმე დღის შემდეგ, კალიფორნიაში, ნორთრიჯში, რამირესი კიდევ ერთ სახლში შეიჭრა, სადაც ორ ადამიანს თავში ესროლა. საბედნიეროდ, არც ერთი ტყვია არ მოხვდა არცერთ სასიცოცხლო ორგანოს.
თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, მკვლელი ქალაქ დაიმონდ ბარში მდებარე ერთ-ერთ სახლში შეიჭრა. რიჩარდმა მამაკაცი მოკლა, ხოლო მის ცოლზე სექსუალურად იძალადა. ქალზე ძალადობის დროს რიჩარდმა მას სატანა დააფიცებინა, რომ მას სახეზე არ შეხედავდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, რიჩარდი სან ფრანცისკოში ცოლ-ქმარს დაესხა თავს. კაცი იარაღით მოკლა, ხოლო ქალზე სექსუალურად იძალადა და შედეგ მასაც ესროლა. ქალბატონი მძიმე დაზიანების მიუხედავად გადარჩა. თავდასხმის შემდეგ, დამნაშავემ კედელზე სატანისტური სიმბოლო ამოტვიფრა. პოლიციამ ბალისტიკური ანალიზის მეშვეობით დაადგინა, რომ სან ფრანცისკოს, ნორთრიჯისა და დაიმონდ ბარის თავდასხმების დროს ერთი და იგივე იარაღი იყო გამოყენებული.
აგვისტოს ბოლოს, ჯეიმს რომერომ პოლიციაში განაცხადა, რომ მან სამეზობლოში საეჭვო მანქანა ნახა. რომერომ გამომძიებელს მანქანა აღუწერა, რის შედეგადაც ზუსტი მოდელის დადგენა მოხერხდა. მოწმემ ასევე შეძლო მანქანის ნომრის ნაწილობრივ დამახსოვრება. ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, რის შემდეგაც მამაკაცმა პოლიციაში განაცხადა, რომ მისმა მეგობარმა ცოტა ხნის წინ მსგავსი მანქანა მოიპარა.
პოლიციამ მალევე შეძლო მანქანის პოვნა და საბოლოოდ აღმოაჩინა დამნაშავის თითის ანაბეჭდიც. იმ დროს კალიფორნიის თითის ანაბეჭდის სისტემა ჯერ კიდევ არ იყო ავტომატიზებული და პოლიციას მოპარული მანქანის ანაბეჭდების შესადარებლად ეჭვმიტანილი სჭირდებოდა.
გამომძიებლებმა დამნაშავის დასაჭერად სხვა მინიშნებების ძებნა განაგრძეს, როცა მათ ახალგაზრდა გოგონამ მიმართა. მისი თქმით, გოგონას მამას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი მეგობარი ელ-პასოელი რიკი შეიძლებოდა, რომ მკვლელი ყოფილიყო, რადგან იგი ხშირად ტრაბახობდა დანაშაულების შესახებ და რამდენჯერმე მნიშვნელოვანი ინფორმაციაც წამოსცდა.
პოლიციამ თითის ანაბეჭდების ბაზაში რვა რიჩარდ რამირესი აღმოაჩინა. ერთ-ერთი მათგანის თითის ანაბეჭდი მანქანაში აღმოჩენილ ანაბეჭდს დაემთხვა. მედიაში რამირესის სახელი და ფოტო გავრცელდა. ყველამ იცოდა თუ როგორ გამოიყურებოდა დამნაშავე. რიჩარდმა ყველაფერი მაშინ გაიგო, როდესაც ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შემავალმა გაზეთის გარეკანზე თავისი სურათი დაინახა.
რამირესი გაიქცა, თუმცა მოსახლეობამ პოლიციის მოსვლამდე მისი დაკავება მოახერხა.
1989 წლის სექტემბერში რიჩარდ რამირესი დამნაშავედ ცამეტ მკვლელობაში, ხუთ მკვლელობის მცდელობაში, თერთმეტ სექსუალურ ძალადობაში და თოთხმეტ ქურდობაში იქნა ცნობილი. მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
1996 წელს კალიფორნიის ციხეში ის დორინ ლიოიზე დაქორწინდა, თუმცა მოგვიანებით წყვილი განქორწინდა.
საბოლოოდ რამირესი 2013 წლის 7 ივნისს ლიმფომით გარდაიცვალა. ამ დროისთვის ის უკვე სიკვდილით დასჯის მომლოდინეთა რიგში იყო.











