დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
არ დავუშვებ, რომ ვირუსმა გაიმარჯვოს სიცოცხლეზე! – ეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის სიტყვებია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.
ლევან რატიანის უსაზღვრო ოპტიმიზმსა და შემართებას უამრავი ადამიანი დაუხსნია სიკვდილისგან, იმ მომენტშიც, როდესაც მდგომარეობა თითქმის უიმედოც კი იყო. გარდა სამედიცინო სფეროში ფასდაუდებელი ღვაწლისა, საზოგადოებამ ექიმი გარეგნობის გამოც გამოარჩია და მეტად შეიყვარა. სოციალურ ქსელში მის ლოყებს განიხილავენ და რამდენჯერმე ღონისძიებაც კი ჩაინიშნა სახელწოდებით: „გვაჩქმეტინოს ლევან რატიანმა ლოყებზე“.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ხშირად ამბობს, რომ მის უკან ღმერთი დგას და ღმერთის დიდ მხარდაჭერას გრძნობს.
„როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ჰქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს. რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგრძვნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი“.
რატიანის პაციენტები არიან როგორც ცნობილი, ასევე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები.
„როცა პაციენტების პოსტებს ვკითხულობ, ძალიან მიხარია. ბედნიერებაა, როცა შენი ხელით, გრძნობით და ტვინით ადამიანები კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს. ამაზე უკეთესი საქმე არ არსებობს“ – ამბობს ლევან რატიანი „პრაიმტაიმთან“.
გთავაზობთ ისტორიების იმ მცირე ნაწილს, რომელიც ექიმის სახელს უკავშირდება.
მარიკა შალიკაშვილი – ჟურნალისტი:
„ეს ფოტო აპრილშია გადაღებული, აქ დამპირდა ნუ შეგეშინდება, თუ დაგემართა მოგხედავო, დამემართა და მომხედა აღარ ჰქვია, თან გადამყვა.
თვეების მანძილზე ჩემი ყოველი დილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით იწყებოდა, მაშინ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაცხადებდი და სულ მაინტერესებდა შიგნით რა ხდებოდა.
ლევან რატიანს დიდ პატივს ვცემდი და ვაფასებდი როგორც უკეთილეს, პროფესიონალ ექიმს, რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძოდა.
ახლა უკვე ყველაფერი ის რაც პირველ საუნივერსიტეტოში ხდება ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
ეს არის თავდადებული, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მებრძოლი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანების გუნდი. მიხარია, რომ ასეთი ხალხი არსებობს და მათ რომ ვხედავ, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება“.
გიორგი აბდალაძე – ფოტოგრაფი:
„ათი დღის წინ, ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი… ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს. თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე…
სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს. ეს მინდა ვაჩვენო საზოგადოებას ჩემს რეპორტაჟში, რომელსაც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ.
შატილის ტრაგედიას გადარჩენილები
23 აგვისტოს მომხდარ საბედისწერო ავარიისას შატილში 3 მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს.
„მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ არსებობთ და სიცოცხლეს ჩუქნით ამდენ ადამიანს, მართლაც ღმერთი ხართ დედამიწაზე. მიყვარხართ, მეიმედებით“ – განაცხადა კლინიკის დატოვების შემდეგ ნატალია თხელიძემ.
ერთ-ერთი პაციენტი კი ხატია დევსურაშვილი იყო. მაშინ, როცა ხატია ჯერ კიდევ ვერ დადიოდა, თუთიყუში აჩუქეს, რომელიც მიყვანისთანავე არ მოშორებია ახალ პატრონს და ახლაც მუდმივად თან დაჰყვება. თუთიყუშს რატი ლაონიძე დაარქვა, ლევანი ექიმის (ლევან რატიანი) სიყვარულის გამო.
მერაბ სეფაშვილი - მომღერალი:
"მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილ პროფესიონალთა გუნდი. მადლობა ლევან,”
სალომე ფაცაცია -ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი:
ბევრმა არ იცის, რომ სალომე ფაცაცია, რომელიც 24 მარტს ავარიაში მოჰყვა, პირველად ლევან რატიანთან კორონავირუსით ინფიცირების გამო მოხვდა.
„არაფერს არ გადავამეტებ. მოვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო. დღეს უკვე ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს შეგრძნება გახრჩობდნენ, გინდოდეს სუნთქვა და ვერ ახერხებდე. იმ საშინელ შეგრძნებებს აქ არ მოვყვები, გეტყვით მარტო იმას, რომ მე ცოცხალ-მკვდარი ჩამომიყვანეს. კოვიდ ინფიცირებული, გათიშულ მდგომარეობაში მოვხვდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ორი დღე დაკარგული მქონდა სამყაროს აღქმის შეგრძნება. ცოტა გონს რომ მოვედი, მეორე კოშმარი აქ დაიწყო.
გიორგი ფანცულაია – ადვოკატი:
„მოკლედ, ვინაიდან შედარებით უკეთ ვარ (მაგრამ ჯერაც სამკურნალო), ჩემივე თხოვნით ვტოვებ კლინიკას და გადავდივარ სახლის პირობებში სამკურნალოდ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პირადად ექიმ ლევან რატიანის დამსახურებაა! ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული ადამიანიცაა! მისი პროფესიონალიზმით ხომ გადამარჩინა (არა და საკითხი ზუსტად ჩემი გადარჩენა არგადარჩენაზე იდგა. კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო. ჩემს ასაკში ასეთი მძიმე პაციენტი ამ კლინიკას ჯერ არ ჰყოლია კოვიდით, ეს ლევანის სიტყვებია), ასევე ამ ხნის მანძილზე ლევანი არ დაიჯერებთ და საკუთარი ხელით მიკეთებდა ექთნის საქმესაც, მედგა თავზე და იყო ჩემი ფსიქოლოგი, იცლიდა და საკუთარი ინიციატივით დედაჩემს სახლში უნიშნავდა წამლებს (დედასაც კოვიდი ჰქონდა)! მოკლედ სასწაული ადამიანია!“