1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი აღნიშნავს, რომ მათ ირგვლივ თითქმის ყველას სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია აქვს, აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი თუ სხვა სიმპტომები. ზოგიერთი ფიქრობს, ხომ არ ცირკულირებს ქვეყანაში კორონავირუსის რაიმე ახალი შტამი, რაც შემთხვევების ასეთ ზრდას იწვევს. შეკითხვებით ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას მივმართეთ:
"წელს რესპირაციული ინფექციების მატება თბილ პერიოდში, ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისშიც აღინიშნა, რაც მოსალოდნელიც იყო. წინა ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვის პირობებში გვიწევდა ცხოვრება, სხვადასხვა რეკომენდაციას ვიცავდით და ეს როგორც კორონავირუსის, ასევე სხვა რესპირაციული ინფექციების პრევენციას წარმოადგენდა. რეგულაციები უკვე მოიხსნა და რესპირაციული ინფექციების მატება ბუნებრივი მოვლენაა. ვიცით, რომ მათ მსგავსი სიმპტომები ხასიათებთ. ეს შეიძლება იყოს ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურული რეაქცია და სხვა.
ასეთივე სიმპტომები აქვს კორონავირუსსაც. ამიტომაც, კლინიკური ნიშნებით დიფერენცირება, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე, ძალიან რთულია. ახლა ქვეყანაში ფიქსირდება როგორც კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა არა ახალი ან რაღაც განსხვავებული, არამედ ომიკრონის სხვადასხვა შტამი და ასევე სხვა რესპირაციული ინფექციები. ნოემბრის მეორე ნახევრიდან, დეკემბერში გრიპის შემთხვევების ზრდაცაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პრევენციულ ღონისძიებებს მივმართოთ. პრევენციაში გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოიაზრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი რისკ ჯგუფებშია. ასევე, გამოვიყენოთ პირბადე, როდესაც სიმპტომები გვაქვს და ხალხმრავალ შეკრებებს თავს ვერ ვარიდებთ. მშობლებს განსაკუთრებით მინდა მივმართო - თუ ბავშვს რესპირაციული ინფექციის სიმპტომები აქვს, აღენიშნება ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ტემპერატურული რეაქცია, ნუ გაუშვებთ სკოლასა და ბაღში. რადგანაც, ისინი შესაძლოა, ვირუსის გამავრცელებლები გახდნენ. შემოდგომის მეორე ნახევრიდან, ზამთარში გრიპის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია. ასევე, არ არის გამორიცხული, თავად კოვიდის შემთხვევებმაც მოიმატოს. თუმცა, ჯერჯერობით რაიმე ახალ შტამზე საუბარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს, არ არის." - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.