1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
14 ნოემბერს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს დიაბეტის მსოფლიო დღეს, რომელიც ინსულინის აღმომჩენს, ნობელის პრემიის ლაურეატ ფრედერიკ ბანტინგს ეძღვნება.
დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაფუძნდა, საქართველოში კი ის 1992 წლიდან აღინიშნება.
დიაბეტის გავრცელება იზრდება ყველა ასაკის ადამიანში - მსოფლიოში 537 მილიონი ადამიანია დაავადებული. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 2030 წლისთვის 643 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო 2045 წლისთვის 783 მილიონს მიაღწევს.
წლევანდელი თემა კვლავ „დიაბეტის მოვლის ხელმისაწვდომობაა“, როგორც ეს იყო შარშან, და კვლავ იქნება 2023 წელს, რაც ხაზს უსვამს, პრევენციისა და რეაგირების ძალისხმევის მნიშვნელობას.
ცისფერი წრე არის დიაბეტის ცნობადობის გლობალური სიმბოლო და დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო.
ლურჯი ფერი ასახავს ცას, რომელიც აერთიანებს ყველა ერს და არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშის ფერი. ლურჯი წრე აღნიშნავს დიაბეტის გლობალური საზოგადოების ერთიანობას დიაბეტის პანდემიის საპასუხოდ.
„პრაიმტაიმი“ „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას“ ესტუმრა, სადაც საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. მოგვიანებით, კლინიკის ხელმძღვანელმა, ნინო კარანაძემ თსსუ-ის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ოფთალმოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო კარანაძე: შარშანდელი, წლევანდელი და მომავალი წელიც ეძღვნება დიაბეტის მოვლის ხელმისაწვდომობას. „ვისწავლოთ მეტი დიაბეტის შესახებ, დავიცვათ ხვალინდელი დღე“ - ასეთ სლოგანი აქვს 14 ნოემბერს. ამ დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, ყველა ცდილობს, გამოხატონ თავიანთი სურვილი, განსაკუთრებით სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რომ მოსახლეობა გამოვაფხიზლოთ და ვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ, ამ შემთხვევაში, დიაბეტს.
მთელ მსოფლიოში დიაბეტი 537 მილიონ ადამიანს აქვს და ეს მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება. შარშან 435 მილიონს ჰქონდა. 2045 წლისთვის ვარაუდობენ, რომ შაქრიანი დიაბეტი 7 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება.
როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი, რა არის მისი ძირითადი ნიშნები
- ჩვენთან, ოფთალმოლოგებთან მოდიან პაციენტები, რომლებმაც არ იციან, რომ დიაბეტი აქვთ. სამწუხაროდ, ნიშნების დასახელება რთულია. შეიძლება ვთქვათ: გაძლიერებული წყლის მოთხოვნილება, უეცარი წონის კლება, მხედველობის გაუარესება დღის განმავლობაში. ეს ჩივილები შეიძლება სხვა დაავადების შემთხვევაშიც ჰქონდეს პაციენტს, თუმცა, უფრო დიაბეტისთვისაა დამახასიათებელი. ვთქვათ, თუ ოჯახში დიაბეტით დაავადებული ადამიანები ჰყავთ, აუცილებელია, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხონ ექიმებს და შაქარი შეიმოწმონ, დარწმუნდნენ, რომ არაფერი აქვთ.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხი ექიმთან გვიან მოდის. შეიძლება იყო დაავადებული დიაბეტით და არ იცოდე, რომ ის რეალურად გაქვს. შესაძლოა, მას არანაირი სიმპტომი ჰქონდეს. შემდეგ მიდიან ექიმებთან საკმაოდ მძიმე გართულებით: თირკმლის, ტერფის, თვალის მხრივ. მხედველობის დაქვეითების გამო პაციენტი მიდის ოფთალმოლოგთან, ის ფიქრობს, რომ ესაა თვალის დაავადება და თვალის ფსკერის დათვალიერებისას ექიმი დიაბეტისთვის გამოხატულ ცვლილებებს ხედავს.
დიაბეტით უნდა იყოს ადამიანი დაავადებული 10 წელი მაინც, რომ ეს ცვლილებები განუვითარდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჭარბ წონას მიაქციონ ყურადღება. ჩემი მოწოდებაა, ნუ გადადებენ ხვალისთვის, დღეიდან დაიწყე, დღეს ნუ შეჭამ, დღეს გააკეთე რასაც ხვალისთვის გეგმავ და შემდეგ ეს ყველაფერი ჩვევაში გადაგეზრდება.
რამდენად ხელმისაწვდომია ქვეყანაში პაციენტებისთვის სპეციალური საკვები
- ჩვენს სუპერმარკეტებში გარკვეული განყოფილებები არის, სადაც პროდუქტებია მოწოდებული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი და კიდევ სხვა, ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები. მაგრამ, ზოგჯერ, ღირებულების თვალსაზრისით, პროდუქტები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ან პაციენტები არ არიან ინფორმირებულები, როგორ გამოიყენონ ეს პროდუქტები.
პროდუქტის ხელმისაწვდომობა ერთია და მეორე ცოდნა იმისა, რა უნდა მიირთვა. რა უნდა გაკეთდეს - ტელევიზიით, რადიოთი, პრესის მეშვეობით ხალხი ამ ყველაფერზე ინფორმირებული უნდა იყოს. ძალიან ხშირად უნდა იწერებოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოძრაობა, სწორი კვება, პროდუქტების შერჩევა. მხოლოდ ექიმები და ჯანდაცვის მუშაკები კი არ უნდა ვალაპარაკოთ, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც სასურველ შედეგს მიაღწიეს და საკუთარი გამოცდილება უნდა გაუზიარონ სხვებს. ბევრი რამის აცილება შეიძლება, მით უმეტეს, დიაბეტის ისეთი გართულებებისას, როგორიც არის, დიაბეტური რეტინოპათია, სიბრმავე, ბავშვთა დიაბეტი.
გენეტიკის როლი
- გენეტიკურად ყველაფერი შესაძლებელია - ყველაფერი გენეტიკაა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროს დაავადების გადაცემის ალბათობა დიდია. ორგანიზმში გენი ლატენტურად შეიძლება იყოს, მაგრამ საზრდო თუ არ მიეცი, ის იქნება მიჩუმებულ მდგომარეობაში და შეიძლება, არასდროს იჩინოს თავი.
პანდემიის გავლენა
- პანდემიამ ძალიან ცუდი გავლენა იქონია. პაციენტების უმეტესობას, წვდომა არ ჰქონდათ ექიმებთან, არ ჰქონდათ გადაადგილების საშუალება. ბევრი ჩვეულ ცხოვრებას გადაეჩვია, სახლში გამოიკეტა, ფიზიკური აქტივობის საშუალება არ ჰქონდათ, ამან ძალიან გაართულა ყველაფერი. ზოგს არ ჰქონდა საშუალება, გასულიყო და საკვების ის რაციონი შეეძინა, რომელიც მისთვის აუცილებელია. ფსიქოლოგიურმა, სტრესულმა მდგომარეობამაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაამძიმა მდგომარეობა.
დღესდღეობით, საკვები ობიექტებიდან ყველაფრის გამოძახებაა შესაძლებელი, მარტივია, თუმცა, ჯობს არ ჭამო ხაჭაპური და მიირთვა 2 ცალი სტაფილო და კომბოსტო. ხაჭაპურს ყოველთვის შეჭამ, მაგრამ ჯანმრთელობას ვერასდროს დაიბრუნებ.
გაფრთხილება მშობლებს
- ე.წ Fast Food-ი ბავშვების ჯანმრთელობას მკვეთრად აზიანებს. მშობლები ვალდებულები არიან, შვილებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და კვებაზე ესაუბრონ. არ აქვს მნიშვნელობა, დაავადება გენეტიკურია თუ არა. მით უმეტეს, თუ გენეტიკურია და იცი, რომ შენს ოჯახში ვიღაცას აქვს დიაბეტი, უყურებდი, რა ტანჯვა გამოიარა ოჯახმა, ხომ შეიძლება, ისე გავაკეთო, რომ შვილებს ააცილო და გახდეთ უფრო აქტიურები, ვისწავლოთ, წავიკითხოთ უფრო მეტი, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები.
ვიცი ოჯახები, სადაც დიაბეტი აქვთ ბებია-ბაბუას, შვილს, შვილიშვილს. რატომ არ უნდა ასწავლო შვილს, რომ არ მიირთვას ტკბილი, გადამეტებულად შემწვარი. რატომ არ უნდა შეცვალო შენი ცხოვრების წესი იმისათვის, რომ შენი შვილები იყვნენ ჯანმრთელები.
დიაბეტის მსოფლიო ფედერაციას ჰქონდა ასეთი სლოგანი: „იარე“. მსვლელობაც გვქონდა. ადინამიური ცხოვრებიდან უნდა გამოხვიდეთ. მოვა დრო, როცა ჩვენ ყველას სირბილი დაგვჭირდება. გადარჩება ის, ვინც მაგრად დარბის.
ენდოკრინოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ჩარკვიანი:
- ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მთელი მსოფლიო აღნიშნავს დიაბეტის დღეს. სხვათაშორის, ეს დღე არის ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღე. მან აღმოაჩინა ინსულინი და აქედან დაიწყო ერა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისა. მანამდე, სანამ ინსულინს აღმოაჩენდნენ, მძიმე მდგომარეობა იყო, იღუპებოდნენ განსაკუთრებით ტიპი ერთით დაავადებული პაციენტები, ვინაიდან, თუ ინსულინს არ შეიყვან, აბსოლუტური უკმარისობაა და ლეტალურად მთავრდებოდა ყველაფერი. ამ აღმოჩენის შემდეგ ინსულინ თერაპიის მკურნალობის სულ ახალი ეტაპი დაიწყო.
ასაკი, როცა დაავადება ვლინდება
- პაციენტების 90%-ში ვლინდება ტიპი 2 დიაბეტი, რომელიც უფრო ზრდასრულთა დიაბეტია, 40 წელს ზემოთ. დანარჩენი 10 %-ში ტიპი ერთი დიაბეტია, რომელიც ემართებათ ბავშვებს, მოზარდებს და მოზრდილებს, 30-35 წლამდე. დაავადების გაჩენის მიზეზი აუტოიმუნური დაავადებაა, გენეტიკური დეფექტია, როდესაც ჩნდება ანტისხეულები, ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედების მიმართ. ანუ ბეტა უჯრედების მიმართ. ხდება ბეტა უჯრედების განადგურება და ამიტომ ინსულინი აღარ გამოიყოფა, შემდეგ დაავადება ვითარდება. საბედნიეროდ, საქართველოში დიაბეტი ბავშვებს ნაკლებად ემართებათ.
ლიკა კაჭარავა - ენდოკრინოლოგი
- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიაბეტთან ცხოვრება სრულყოფილად შეიძლება. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, თუ თქვენ რამეს არ აკეთებთ, არ აკეთებთ იმიტომ, რომ კი არა, რომ ვერ აკეთებთ, ან დიაბეტი გაქვთ, იმიტომ, რომ არ გინდათ და არ სწავლობთ. იმისთვის, რომ დიაბეტი იყოს მოვლილი, მას სჭირდება გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი, ინსულინ თერაპია, ამას საბედნიეროდ, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც ძალიან კარგია. ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ინსულინ თერაპიაზეა, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იყოს გლუკოზის უწყვეტ მონიტორინგზე. შაქრიანი დიაბეტი განაჩენი არ არის, ამასთან ერთად ცხოვრება სავსებით სრულყოფილადაა შესაძლებელი.
თსსუ-ს სტუდენტი, ნინო მაისურაძე:
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომლის ძირითადი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რომელიც მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტიკისთვის და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილებაში.
მედიაში ასეთ დაავადებებზე საუბარი საკმაოდ იშვიათადაა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. პაციენტებს უნდა შევატყობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დიაგნოსტიკა იმისათვის, რომ მოხდეს დროული პრევენცია.