1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, მარტოსული ადამიანები შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბების უფრო მაღალი რისკის წინაშე იყვნენ, ვიდრე სხვები.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, მარტოსულობა და სოციალური იზოლაცია ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, დემენცია, გულის დაავადებები და ა.შ. რისკ ჯგუფებს შორის ხანდაზმულები, ჰომოსექსუალები, ტრანსგენდერები და უმცირესობების სხვა წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვებზე მეტად გრძნობენ თავს ეულად.
ბოლო წლებში მარტოსულობა მეცნიერებმა არაჯანსაღ კვებასთან და კუჭ-ნაწლავის ნაკლებად მრავალფეროვან მიკრობიომთან დააკავშირეს, რაც ხსნის, როგორ ახდენს ის გავლენას მეტაბოლურ ჯანმრთელობასა და დიაბეტზე.
რაც შეეხება ზემოხსენებულ კვლევას, სპეციალისტებმა ნორვეგიაში განხორციელებული პროექტის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც 24 024 ადამიანის შესახებ ინფორმაციას აერთიანებდა. ეს ინდივიდები დეკადების განმავლობაში სხვადასხვა თემატიკის გამოკითხვებში იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის მარტოსულობაზე.
2017-2019 წლებში ჩატარებულ გამოკითხვაში ყურადღება A1C-ს დონეზეც გამახვილდა, ანუ სისხლში გლუკოზის მაჩვენებელზე. მეცნიერებმა მარტოსულობისა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკის ურთიერთმიმართების შესასწავლად, მონაწილეთა ასაკი, სქესი და განათლების დონე გაითვალისწინეს. ასევე, ინსომნიისა და დეპრესიის შესაძლო გავლენაც განიხილეს.
კვლევის შედეგები
20-წლიან პერიოდში დიაბეტი ამ ადამიანთა 4.9 პროცენტს დაუდგინდა, მათ 12.6 პროცენტს კი ადრეულ გამოკითხვებში დაფიქსირებული ჰქონდა, რომ თავს ეულად გრძნობდა. ავტორებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მარტოსულ პირებში დიაბეტის ჩამოყალიბების რისკი 2.19-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე სხვებში, რაც მცირედით ინსომნიასთანაც დააკავშირეს, თუმცა არა დეპრესიასთან.
მეცნიერები აღნიშნავენ. რომ მარტოსულობა სხეულში სხვადასხვა პროცესს იწვევს, მაგალითად, ნერვულ სისტემასა და ჰორმონების გამოყოფაზე ზემოქმედებს (როგორიც სტრესის ჰორმონი კორტიზოლია), რაც ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას უწყობს ხელს. ამას კი სისხლში გლუკოზის დონის მატება მოჰყვება. სტრესზე რეაქციაა არაჯანსაღი საკვების მიღების სურვილიც.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა. თუ როგორ მოქმედებს მარტოსულობა ჩვენს ორგანიზმზე, ამიტომ, მეცნიერთა აზრით, მას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Diabetologia გამოქვეყნდა.