ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს
1789242412
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.
მომზადებული ანგარიში ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. საქართველო ემზადება ორივე მიმართულებით ვალიდაციის უმაღლესი - ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად.
საბჭოს წევრებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარსადგენი ეროვნული ვალიდაციის ანგარიშის დასრულებული პროექტი განიხილეს. ანგარიშში ასახული მონაცემებით, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული B ჰეპატიტის მიმართულებითაც. საქართველომ უკვე შეასრულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები - ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვამ 95.5%-ს მიაღწია, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი 90.5%-ს შეადგენს.
საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს ვალიდაციის განაცხადის პროექტის წარმოდგენილი ვერსია. სხდომაზე აღინიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს.
2015 წლიდან დღემდე მიღწეული შედეგები ამ მიმართულებით განხორციელებულ თანმიმდევრულ და მასშტაბურ სამუშაოს ასახავს. ამ პერიოდში შეიქმნა ძლიერი ეროვნული პროგრამა, მნიშვნელოვნად შემცირდა C ჰეპატიტის დაავადების ტვირთი, მიღწეულია B ჰეპატიტის კონტროლის მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები და ჩამოყალიბდა პროგრამის გრძელვადიანი მდგრადობისთვის აუცილებელი პოლიტიკა, სერვისები და ეპიდზედამხედველობის სისტემა.
საქართველოს გააჩნია ყველა ძირითადი წინაპირობა, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიიღებს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მაღალი - ოქროს დონის (Gold Tier) საერთაშორისო აღიარებას.
აღნიშნული მიღწევა წარმოადგენს თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგს.