ორსულობა და მუცლის ტკივილი - ჟორდანიას კლინიკა

ორსულობა

ორსულობისას ყველა ქალი ყურადღებას აქცევს საკუთარ შეგრძნებებს, განსაკუთრებით ტკივილის გაჩენას. ორსულობის დროს მუცლის დისკომფორტი და ტკივილი საკმაოდ ხშირად ჩნდება.

მრგვალი იოგის დაჭიმვა

საშვილოსნოს მრგვალი იოგის დაჭიმვა ორსულობასთან ასოცირებული ნორმალური პროცესია, რომელიც შეიძლება გახდეს ტკივილის მიზეზი.

ტკივილი მცირე მენჯის ღრუში

ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში დაკავშირებულია ნაყოფის მდებარეობასთან და/ან მოძრაობასთან.

საშვილოსნოს "წყვეტილი შეკუმშვები"

საშვილოსნოს „წყვეტილი“ შეკუმშვები, იგივე ბრექსტონ–ჰიქსის შეკუმშვები შეიძლება გახდეს ტკივილის მიზეზი. ბრექსტონ–ჰიქსის შეკუმშვები როგორც წესი მესამე ტრიმესტრიდან იწყება, მაგრამ შეიძლება დაიწყოს მეორე ტრიმესტრიდანაც. ეს შეკუმშვები არ არის დაკავშირებული მშობიარობასთან და ხასიათდება როგორც: არარეგულარული, იშვიათი, არაპროგნოზირებადი, არა–რითმული, უფრო დისკომფორტული, ვიდრე მტკივნეული, არ იზრდება ინტენსივობა და სიხშირე, დროის მცირე მონაკვეთში იკლებს სიმძლავრე და ქრება. შეკუმშვები გრძელდება 30–120 წმ–ის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა შეძლოს ბრექსტონ–ჰიქსის შეკუმშვების სწორად იდენტიფიცირება, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს ნაადრევი მშობიარობის კლინიკური ნიშნები.

გულისრევა

გულისრევა/ღებინება ხშირად თან ახლავს ორსულობას პირველ ტრიმესტრში, რასაც არც თუ ისე იშვიათად მოყვება ტკივილი მუცლის არეში. ამის მიზეზი კი გახლავთ ნაწლავური დისკომფორტი.

გესტაციის 12 კვირის შემდეგ ტკივილები

გესტაციის 12 კვირის შემდეგ, საშვილოსნო იმდენად იმატებს ზომაში, რომ  მცირე მენჯის ღრუდან ნაწილობრივ გადაინაცვლებს მუცლის ღრუში და ხდება აბდომინალური ორგანო. ამან შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ღრუს ორგანოებზე კომპრესია, რაც კლინიკურად გამოვლინდება შესაბამისი სიმპტომატიკით. უფრო ხშირად, კომპრესია ხდება თირკმელზე, შარდსაწვეთზე ან შარდის ბუშტზე, რაც იწვევს შარდის შეგუბებას. კლინიკურად გამოვლინდება ძლიერი ტკივილითა და დისკომფორტით, შარდვის გაძნელებით.  ამ პროცესს ხშირად თან ერთვის მეორადად განვითარებული საშარდე გზების ინფექცია.

პროგესტერონის მაღალი დონე

ორსულობის დროს, პროგესტერონის მაღალი დონე ადუნებს საყლაპავის ქვედა სპინქტერის ტონუსს,  წვრილი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, ნაღვლის ბუშტის ტონუსს, შარდსაწვეთის ტონუსს. ამ ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმაშეიძლება მოგვცეს ისეთი გართულებები, როგორიცაა: გასტროეზოფაგური რეფლუქსი, შეკრულობა, ქოლელითიაზი, ნეფროლითიაზი. აღნიშნული ნოზოლოგიები კლინიკურად გამოვლინდება ტკივილით მუცლის არეში.

ჟორდანიას კლინიკა
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად : 2 99 08 53
მის: დიღომი, ჩაჩავას 1 /ლუბლიანას 5