ლუგარის ლაბორატორია ვირუსის ორ საეჭვო შემთხვევას სწავლობს - საუბარია გამონაყარზე, რომელიც ჩუტყვავილას წააგავს

ყვავილი

40-მდე ქვეყანაში 700-ზე მეტი შემთხვევა - ასეთია დღეს "მაიმუნის ყვავილის" სტატისტიკური მონაცემები.

ყოველდღიურად იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ახალი შემთხვევები ფიქსირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ევროპის კონტინენტი საფრთხის ქვეშ არის. მთავარი კითხვა, რომელზეც მეცნიერები პასუხებს ეძებენ, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ამ დაავადების გავრცელებას. რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები უშვებენ, რომ შესაძლოა ერთეული შემთხვევები გამოვლინდეს, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის.

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ორ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ, თუმცა დადასტურებით რამეს თქმა, ნაადრევია. მისი თქმით, საუბარია გამონაყარზე, რომელიც ჩუტყვავილას წააგავს.

„აქ საუბარია იმ გამონაყარზე, რომელიც ჩუტყვავილას წააგავს. სავარაუდოდ ამ კვირის  ბოლოს გვექნება ინფორმაცია. ყველა ის ადამიანი, რომელიც დაბადებულია 1980 წლამდე და რომელსაც გაკეთებული აქვს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, გარკვეულწილად არის დაცული მაიმუნის ყვავილის  დაავადებისაგან“,- ამბობს ივანე ჩხაიძე.

როგორ ხდება ვირუსის ამოცნობა, ამას კიდევ ერთხელ განმარტავს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. 

გოგინავას თქმით, გამონაყარი სახიდან იწყება.

„გამონაყარი სახიდან იწყება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება საზარდულიდან ან კიდურებიდან დაიწყოს. “,- ამბობს გოგინავა. 

რაც შეეხება პედიატრების ინფორმაციას, მედიკოსები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ვირუსი ბავშვებში არ დაფიქსირებულა.