ივანე ჩხაიძე: 60 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში სამწუხაროდ ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

ივანე ჩხაიძე

გარდაცვლილთა შორის 99% არავაქცინირებულია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, 60 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

„ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორს მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში გარდაცვალებულთა შორის ყველაზე დიდი პროცენტული შემადგენლობით არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა. ეს არის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მოსახლეობა, რომელსაც აქვს ასაკიდან გამომდინარე იმუნური პასუხის ნაკლები სიმძაფრე და შესაბამისად ამ მხრივაც ხანშიშესულები დაუცველები არიან. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ საქართველოს რეალობა ასეთია, ამ ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ჩხაიძემ.