ინოვაციური პრეცედენტი - მეცნიერები, გულის გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ დნმ-ს გადაწერენ

გული

მსოფლიოში პირველად მეცნიერებმა, გულის გენეტიკური დაავადებების საინიექციო მკურნალობის მეთოდის შესაქმნელად, დნმ-ის გადაწერა გადაწყვიტეს. ამ ინოვაციური და უპრეცედენტო პროცესის განსახორციელებლად კი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და სინგაპურიდან შეიკრიბა.

საწყის ეტაპზე მკვლევრები ზუსტ გენეტიკურ ტექნიკას გამოიყენებენ გულში, რაც დეფექტური გენების გაქრობას ემსახურება. ამის საფუძველზე მეცნიერები გულის გენეტიკური დაავადებების სამკურნალო ინოვაციურ მეთოდს შეიმუშავებენ და გამოცდიან. თანაც, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა უკვე დაამტკიცა, რომ ტექნიკა წარმატებით მუშაობს.

გენეტიკური კარდიოლოგიური დაავადებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებულია. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 260 000 ადამიანი ცხოვრობს ამ პრობლემით. მას კი ნებისმიერ ასაკში შეუძლია უეცარი სიკვდილის ან პროგრესირებადი გულის უკმარისობის გამოწვევა. თანაც, ამ გენების შვილზე გადაცემის რისკი 50/50-ზეა.

ამ ყველაფრის ფონზე ახალი მკურნალობის მეთოდის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მეთოდი არა მხოლოდ გენეტიკურად გადაცემულ დაავადებებს განკურნავს, არამედ შეიძლება გაცილებით ზუსტ კარდიოლოგიას დაუდოს სათავე.

„ეს არის ჩვენი პირველი შესაძლებლობა, გავათავისუფლოთ ოჯახები გენეტიკური დაავადებებისგან. 30-წლიანი კვლევის შემდეგ მრავალი გენი და კონკრეტული გენეტიკური დეფექტი აღმოვაჩინეთ, რომელიც სხვადასხვა კარდიო პრობლემებზეა პასუხისმგებელი. უკვე მომდევნო 5 წელიწადში გენური თერაპია გვექნება, რათა კლინიკური კვლევები დავიწყოთ“, - ამბობენ მკვლევრები.