„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
„სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 25 ივნისს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.
„ეს არის უკიდურესი იდეოლოგიის განხორციელება და ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლოს ტრაგიკული შეცდომა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„დღეს სასამართლომ გააკეთა ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია - პირდაპირ წაართვა [ქალებს] კონსტიტუციური უფლება, რომელიც ფუნდამენტურია ამდენი ამერიკელისთვის“,- თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა. საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი იმედგაცრუებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.
„შეწუხებული და იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს. მოლოდინი მქონდა, რომ ამერიკა ასეთ უფლებებს დაიცავდა“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
აშშ-ის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას შეეცადნენ. ლოს-ანჯელესში, პოლიციამ აბორტის უფლებების მომხრეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოშარჟები, რომელიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა გამოაქვეყნეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ი და Instagram-ი წაშლიან იმ მომხმარებელთა პოსტებს, რომლებიც ქალებს აბორტის გამომწვევ აბებზე წვდომას სთავაზობენ.
მას შემდეგ რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, სოციალურ ქსელებში მომრავლდა პოსტები, სადაც მომხმარებლები აბორტის გამომწვევი აბების გაგზავნას სთავაზობენ ქალებს, რომლებსაც ამ მედიკამენტებზე წვდომა მალე შეეზღუდებათ.
Associated Press-ის მიერ გამოქვეყნებული ასეთი შინაარსის სატესტო პოსტი Facebook-მა 1 წუთში, ხოლო Verge-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი 2 წუთში წაშალა.
კომპანია Meta-ს პრესმდივანმა ენდი სტოუნმა განაცხადა, სოციალურ ქსელებში „აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქციის შეძენა, გაყიდვა, ვაჭრობა, ჩუქება, მოთხოვნა ან შეძენის დაფინანსება“.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას და კონსტიტუციურ უფლებებს, ცნობილია, რომ საქართველოში ქალს, თავისივე სურვილით, აბორტის სერვისით სარგებლობა ორსულობიდან პირველი 12 კვირის განმავლობაში შეუძლია. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელია 22 კვირამდეც, თუ არსებობს შესაბამისი სამედიცინო ან სოციალური ჩვენება.
თუ ორსულობა ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, შეწყვეტა შესაძლებელია 22 კვირის განმავლობაში. იგივე ვადა არსებობს იმ შემთხვევაშიც, თუ ორსულობა დადგა 15-წლამდე და 49 წლის შემდეგ. ამ შემთხვევაში აბორტი, შესაძლოა, უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ორსულობის ბოლომდე მიყვანა. 22-კვირიანი ვადა ვრცელდება გაუპატიურების შემთხვევაზეც, რომელიც სასამართლომ უნდა დაადგინოს.
საქართველოში აბორტის თემა სტიგმატიზირებულია; მცირეა იმ გინეკოლოგების რაოდენობა, რომლებიც აბორტს აკეთებენ; სახელმწიფო ხარჯებს არ ფარავს; ექიმების ნაწილი არ ინარჩუნებს კონფიდენციალურობას — აბორტთან დაკავშირებით ქალებისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების ჩამონათვალი ვრცელია. ეს ყველაფერი კი ქალს უბიძგებს, აბორტი არალეგალური გზით გაიკეთოს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით საშუალოდ წელიწადში 28 000 ათასი აბორტი კეთდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, როცა 39 200 აბორტი გაკეთდა.
9 წლის განმავლობაში ქვეყანაში 252 300 -მდე აბორტი გაკეთდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 372 აბორტი ოც წლამდე ასაკის ქალმა გაიკეთა.
2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. უფრო კონკრეტულად, კი 2018 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 14 066 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 8 697.