1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ანა ელიზაბეტ მიშელი 1952 წლის 21 სექტემბერს ბავარიაში დაიბადა და მშობლებთან და დებთან ერთად იზრდებოდა. როგორც ცნობილია, საკმაოდ რელიგიური ოჯახი ჰყავდა და თავადაც მორწმუნე გახლდათ. ხშირად ლოცულობდა და ტაძარშიც დადიოდა. თექვსმეტი წლის ასაკში, გოგონას ექიმებმა ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ავადმყოფობას მისთვის განათლების მიღებაში ხელი არ შეუშლია და მან მაინც მოახერხა ვიურცბურგის უნივერსიტეტში ჩაბარება.
ოთხწლიანი მკურნალობის შემდეგ, მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა. მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონას სული ეშმაკს ჰქონდა შეპყრობილი, რის გამოც დასახმარებლად ეკლესიას მიმართეს.
ეკლესიაში მისვლისას, მღვდელმა დაადასტურა, რომ ანა ელიზაბეტი უდავოდ ეშმაკის მიერ იყო შეპყრობილი. ანამ სასულიერო პირებს ორჯერ სთხოვა ეგზორციზმის რიტუალის ჩატარება, თუმცა უარი მიიღო.
დროის გასვლასთან ერთად, მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ის დღეში, დაახლოებით, 600-ჯერ აკეთებდა მუხლჩოქს, რის გამოც მუხლები დაიზიანა, შეძვრა მაგიდის ქვეშ, საიდანაც ორი დღე ძაღლივით ყეფდა. დაიწყო ობობების ჭამა, თავი მოაჭამა მფრინველის გვამსაც. საბოლოოდ, საკუთარი შარდი იატაკიდან ენით აიღო. გოგონას ოთახიდან კი საათობით ისმოდა მისი ყვირილი.
1975 წელს მისი მოთხოვნა ეპისკოპოსმა დააკმაყოფილა. ანამ ფსიქიატრიული მკურნალობა შეწყვიტა, რამაც მისი მენტალური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა და გოგონას სიმპტომები შიზოფრენიას დაემსგავსა.
ანა ელიზაბეტს, ცხრა თვის განმავლობაში, კვირაში ერთი ან ორი ოთხსაათიანი ეგზორციზმის რიტუალი უტარდებოდა. მღვდლებმა დაასახელეს ის დემონები, რომლებსაც გოგონას სული ჰქონდათ შეპყრობილი. მათ შორის იყვნენ ლუციფერი, იუდა ისკარიოტი, ნერონი, კაენი და ადოლფ ჰიტლერი. საყურადღებოა, რომ ანა ელიზაბეტი ეგზორციზმის დროს ავსტრიულ ენაზე იწყებდა საუბარს.
რიტუალების ჩატარებისას, მიმდინარეობდა მათი აუდიო ჩაწერაც და საბოლოოდ გაკეთდა 52 საათიანი ჩანაწერი, რომელზედაც ანა ელიზაბეტის მიერ გამოცემული შემზარავი ხმები ისმის. გოგონა ყვიროდა, შეურაცხყოფას აყენებდა სასულიერო პირებს და მათ წინააღმდეგობას უწევდა. ჩანაწერში აღბეჭდილია დემონებს შორის გამართული დიალოგებიც.
1976 წლის 1 ივლისს ანა ელიზაბეტი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად შიმშილი და დეჰიდრატაცია დასახელდა, თუმცა, მას სხეულზე სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სიკვდილის მომენტისთვის გოგონა 30 კილოგრამს იწონიდა.
მისმა ისტორიამ საზოგადოება ორ ნაწილად დაჰყო. ბევრი მათგანის აზრით, სინამდვილეში გოგონა ფსიქიკურად იყო დაავადებული. მიუხედავად ამისა, ეკლესია დღემდე ამტკიცებს, რომ ანა ელიზაბეტი ნამდვილად დემონებით გახლდათ შეპყრობილი.
1978 წლის 21 აპრილს აშაფენბურგში სასამართლო წარმოება დაიწყო, ბრალდებულებს შორის იყო ანელიზეს მშობლები და ორი სასულიერო პირი.
გამოძიების დასრულების შემდეგ, ბრალმდებელმა მხარემ განაცხადა, რომ ანელიზეს გარდაცვალება ნაადრევად მოხდა და მას შეეძლო ეცოცხლა კიდევ ერთი კვირის განმავლობაში.
სასამართლო პროცესმა ბრალდებულები დამნაშავეებად მიიჩნია და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.