ვინ იყო დედა თამარი, რომელიც 1924 წლის აჯანყების მოთავეებთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს - ის მოგვიანებით ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

იღუმენია თამარი

კოტე მარჯანიშვილის უფროს დას, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ, მშვენიერ თამარს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან სრულიად განსხვავებული ცხოვრების გზა აირჩია. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, თამარ მარჯანიშვილი 1899 წელს ბოდბის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. მოგვიანებით, 1902 წელს, ის იღუმენიად განაწესეს. ეს პერიოდი მეტად მძიმე იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ეკლესიისთვის, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის აკრძალვის გამო. დედა თამარის უდიდესი ძალისხმევით, ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა.

1907 წელს სინოდმა თამარი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვის პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად დანიშნა. 1910-1912 წლებში მისი ინიციატივით სერაფიმე-ზნამენსკის სავანე დაარსდა. სწორედ აქ შეიმოსა თამარ მარჯანიშვილი დიდი სქიმით 1915 წელს და სავანის ყველა დის სულიერი მოძღვარი გახდა, თუმცა მონასტერი მოგვიანებით კომუნისტებმა დახურეს.

1931 წლის ზაფხულში იღუმენია 1924 წლის აჯანყების მოთავეებთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს და 5 წლით ირკუტსკის ოლქში გადაასახლეს. გადასახლებიდან გამოშვებულ ტუბერკულოზით დაავადებულ თამარს სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. იგი 1936 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სქემიღუმენია თამარ მარჯანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

წყარო: nationalgeographic.ge