გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს არქივიდან ინტერვიუს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს იურისტთან, მსჯავრდადებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელ, ქალბატონ მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძესთანაა ჩაწერილი.
ინტერვიუში, მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძე მისი საქმიანობიდან ყველაზე გახმაურებულ ამბებს იხსენებს. ერთ-ერთი კი მისი შვილის მკვლელობაა:
- 1972 წლის 9 აპრილს იყო დაბადებული ჩემი პირველი შვილი ირაკლი. ის 1992 წლის 20 ივნისს 20 წლის დამეღუპა უბნელი ბიჭის შემთხვევით გავარდნილი ტყვიით. გასვენების წინაღამეს ჩემთან მოვიდა 5 ახალგაზრდა, ჩემი და ჩემი მეუღლის ნათესავები და მეკითხებიან, ვინ არის ის ბიჭიო. ვუპასუხე, ვინც ჩემი ნებართვის გარეშე შურისძიებისათვის გადადგამს ნაბიჯს, იმას ჩავთვლი ირაკლის მკვლელადმეთქი. ყველას უკვირდა ჩემი ასეთი საქციელი. მეკითხებოდნენ, რატომ არ გინდა დაისაჯოს ის, ვინც ამხელა ტკივილი მოგაყენაო. ჯერ ერთი, არ ვიცოდი სინამდვილეში რა მოხდა და მეორე - ჩემს შვილს არავინ ჰყავდა მტერი, რომ გამიზნულად გაემეტებინათ, შემთხვევითობის გამო კი სხვა რატომ უნდა გამემეტებინა? ირაკლის საქმე, როგორც გაუფრთხილებელი მკვლელობა, ისე დაკვალიფიცირდა. შემდეგ ის ბიჭი ამერიკაში წავიდა. ერთ დღეს ჩემი მაზლისშვილი მისულა ირაკლის საფლავზე და დაუნახავს, ვიღაც ახალგაზრდა ხელებგაშლილი წევს პირდაპირ საფლავზე. უკითხავს, ვინ არისო და, უთქვამთ, ეგ ისაა, რომელმაც ირაკლი მოკლაო.
- შემდეგ ცხოვრება როგორ გაგრძელდა?
- ირაკლის შემდეგ მეუღლე, ძმისშვილები და დისშვილი დამეღუპნენ... ახლა რასაც გეტყვით, ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი: მე სიცოცხლე ეკლესიამ და რწმენამ დამიბრუნა. პირველი ჩემი მოძღვარი იყო მამა ტარიელი, დღეს კურთხევით დავდივარ მამა მიქაელ ბოტკოველთან, რომელიც ყოველთვის ცდილობს მძიმე წუთებში სულიერად გამაძლიეროს. ირაკლის გარდაცვალებიდან მოკლე დროში დამიკავშირდნენ ჩემი ნათესავები, ტყუპი ძმები - მამა დავითი და მამა კონსტანტინე ჭინჭარაულები და შემახვედრეს პატრიარქს. მახსოვს, საუბარი დაიწყო ბავშვობის მოგონებებით. ძალიან უბრალოდ მიყვებოდა ამბებს და უცბად მომეხსნა დაძაბულობა; ჩემ წინ იყო არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, არამედ ჩემი ძალიან ახლობელი ნათესავი, რომელთანაც შემეძლო გულახდილად მესაუბრა. პატრიარქი მოულოდნელად მეუბნება: "შენ ხომ არ გგონია შენი შვილი ირაკლი მოკვდა? შენი შვილი გარდაიცვალა", - ეს ისე მითხრა, რომ ვირწმუნე და იცით, როგორი წამოვედი? დიდი ლოდი რომ მოგეხსნება გულიდან და თავისუფლად სუნთქავ, ფიქრობ იმ სამყაროზე და აზროვნებ შენი შვილის ფიქრებით... წყარო
ასევე ნახეთ:
ლაშქრობაში წასული ახალგაზრდა ქალი დასისხლიანებული და მკვდარი იპოვეს - საქმე 36 წლის შემდეგ გახსნეს