სექტა, რომლის წინამძღოლმაც ქალები დაარწმუნა, რომ ინტიმური კავშირის უფლება მხოლოდ მასთან ჰქონდათ - „დავითის რტოს“ ისტორია

დავითის რტო

1993 წელს ტეხასის პატარა ქალაქ უეიკოში ადვენტისტური სექტის "დავითის რტოს" ლიდერმა დევიდ კორეშმა (მისი ნამდვილი სახელი გახლდათ ვერნონ უეინ ჰაუელი) თავისი შტაბბინა ააფეთქა და თავის მიმდევრებთან ერთად თავი მოიკლა.

ადვენტიზმის სექტიდან გამოსულ ამ ჯგუფში ლიდერის დიქტატურა იყო დამყარებული. იქ ადეპტები ცოტას ჭამდნენ, ცოტას სვამდნენ.

მთელ თავის საკუთრებას ორგანიზაციას გადასცემდნენ, მისთვის მუშაობდნენ და მონაწილეობდნენ დაუსრულებელ ბიბლიურ მეცადინეობებში, რომელსაც ატარებდა "ქარიზმატული" დევიდ კორეში - მან თავი უკანასკნელ წინასწარმეტყველად და მესიად გამოაცხადა. ამ სფეროში აღიარება ვერ მოიპოვა და სამყაროს უახლოეს და გარდაუვალ აღსასრულზე აქადაგდა. რადგანაც "აპოკალიფსი იყო მოახლოებული", კორეშმა განაცხადა, რომ სექტის ყველა ქალი, დიდ-პატარიანად ყველა მისი საკუთრება იყო. ყოველ ღამეს ის ახალ მეგობარს ირჩევდა, ზოგჯერ 10-12 წლის გოგონასაც კი.

სექტის რანჩოს იცავდნენ შეიარაღებული "უფლის მეომრები", რათა რომელიმე ძმა ან და არ ცდუნებულიყო და უარი არ ეთქვა თავის ცხონებაზე. ვიღაცამ მაინც მოახერხა გაქცევა, ამერიკის სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ რანჩოში და უკანონო იარაღის ჩაბარება მოითხოვეს. საპასუხოდ სროლა გაისმა, რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა.

სექტანტურ ცენტრს ალყა შემოარტყეს, რომელმაც ბოლოს ცეცხლოვანი აპოკალიფსი მოუტანა თვითონ სექტანტებს. ბუნებრივია, არშემდგარ მესიას საიქიოს მარტო წასვლა არ უნდოდა. ცეცხლში დევიდთან ერთად ასი კაცი დაიღუპა. მათგან ოცდახუთამდე ბავშვი იყო.

"მზის ტაძარი"

 1994 წელს სექტანტების მორიგი მასობრივი მკვლელობა-თვითმკვლელობა აღესრულა. ამჯერად ეს რესპექტაბელურ ეკოლოგიურ ორგანიზაციაში, "მზის ტაძარში" მოხდა. მას მეთაურობდა პრეზენტაბელური შვეიცარიელი ლუკო ჟიურე. იგი ძალზე პოპულარული იყო ქალთა კლუბებში და ლექციების წასაკითხად იწვევდნენ გლობალურ დანაგვიანებაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და უპირატესად ვეგეტარიანულ კვებაზე. ვინ იფიქრებდა, რომ თავისუფალი-ამორფული-ეკოლოგიური ორგანიზაციის შიგნით ფანატიკოს "განდობილთა" უსასტიკესი ბირთვი იყო, შიშით მოელოდნენ მოახლოებულ მეორედ მოსვლას. "მზის ტაძრის" წევრთა უმეტესობა მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ თემში არ ცხოვრობდნენ, ლიუკო ჟიურერთან ძალზე მტკიცე ძაფებით იყვნენ დაკავშირებულნი. თუმცა ეგზოტიკურ ადგილას არ გადაბარგებულან, მაგრამ უფრო იზოლირებული იყვნენ გარესამყაროსგან, რომელიც, მათი აზრით, უახლოეს მომავალში ცეცხლში უნდა დამწვარიყო.

ბოლოს, ჟიურემ გადაწყვიტა: ისინიც ცეცხლში უნდა დახოცილიყვნენ, რათა მიეღწიათ სხვა სამყაროებში სანატრელი ყოფნისთვის. გამოაცხადა, რომ რიტუალიზებული თვითმკვლელობის დახმარებით აღსრულებული "სასიკვდილო მოგზაურობა" ადამიანს ხელახლა შობდა სხვა, "სირიუსად" წოდებულ ადგილას. ისღა დარჩათ, "ზევიდან" ნიშანს დალოდებოდნენ.

სიგნალიც მოვიდა 1994 წლის ზაფხულის ბუნიობის წინ. ამ დღეებში სექტის 53-მა წევრმა (მათ შორის ჟიურემაც) მასობრივი თვითმკვლელობა აღასრულა ფრიბურისა და ვალეს კანტონებში მდებარე ორ შვეიცარიულ სოფელში, ასევე კანადის პროვინცია კვებეკში სათხილამურო კურორტის დასახლებაში. მოკლულთა შორის ათზე მეტი ბავშვი იყო. სექტანტების სიკვდილს თან სდევდა ბნელი რიტუალი, რომლის დროსაც სექტანტები ნარკოტიკებს იღებდნენ და თავდავიწყებას მიეცემოდნენ. მერე კი მათ თავზე აცვამდნენ პლასტიკურ ტომრებს და პისტოლეტით ხოცავდნენ. ზოგიერთებს "ერთგულებისთვის" ცხრა ტყვიას ახლიდნენ. 1995 წლის დეკემბერში, ზამთრის ბუნიობის დღეს, 16 სექტანტი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, გამოემშვიდობა სიცოცხლეს ფრანგულ ალპებში. დამწვარი გვამები ვარსკვლავის სახით იყო დაწყობილი, ფეხებით ცენტრისკენ, სადაც ჩამქრალი კოცონი იყო. 1997 წლის მარტში "მზის ტაძრის" კიდევ ხუთმა წევრმა კოლექტიური თვითმკვლელობა აღასრულა კვებეკის პორვინციაში.

"აუმ სინრიკე". 1995 წელს საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რომ ტოტალიტარულ სექტებს შეუძლიათ თავიანთი აგენტები მასობრივ თვითმკვლელობამდე მიიყვანონ. ისიც ცნობილი იყო, რომ სექტები ხოცავენ თავიანთ წევრებს დასჯის ან დაშინების მიზნით, რათა სხვებს ამით დუმილი აიძულონ. თავიანთი მტრების წინააღმდეგ სექტებს შეუძლიათ უსასტიკესი ზომები გამოიყენონ - თვით ფიზიკური განადგურებაც კი.

მიუხედავად ამისა, მოვლენამ, რომელიც "აუმ სინრიკეს" სახელთან არის დაკავშირებული, ტოტალიტარული სექტანტობის ახალი ზღვარი გამოაჩინა. ეს "მშვიდობისმოყვარე ბუდისტური ორგანიზაცია", რომელსაც ნახევრადბრმა გურუ ხელმძღვანელობდა და მხარს უჭერდნენდ დალაი-ლამა და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ისტორიაში ჩაიწერა როგორც სამოქალაქო ტერორიზმის პირველი აქციის ორგანიზატორი, რომელიც რელიგიურ ლიდერთა მიერ იქნა მიღებული.

სექტის დამაარსებელი სიოკო ასაჰარა (მისი ნამდვილი სახელია ჩიზუო მაცუმოტო) განდიდების მანიის ელემენტებით შეპყრობილი მაქინატორი იყო. ბავშვობაში, ბრმების სკოლაში სწავლისას (თვითონ ცალი თვალით ბრმა იყო, მეორე თვალით მხოლოდ 20%-ით ხედავდა), მასზე უარესად მხედველ ბავშვებს ამცირებდა და მათ უმწეობას ექსპლუატაციას უწევდა. მაშინ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. როცა მოიზარდა, ფინანსურ აფერაში გაება. მერე პოლიტიკაში მოსვლა სცადა. საპარლამენტო არჩევნებში მწარედ დამარცხდა და საბოლოოდ ბრჭყალი საკუთარ რელიგიურ სფეროში გამოაჩინა. მის მიერ შემუშავებულმა ბუდიზმის ფსევდომეცნიერებისა და აპოკალიპტიკის ელემენტების სახიფათო ნაზავმა მას იაპონიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში 40000 ადეპტი და მილიარდ დოლარზე მეტი მიუტანა. სექტის წევრები, რომლებმაც თავიანთ გურუს მთელი დანაზოგი გადასცეს, ვალდებულნი იყვნენ, ეხადათ ფული თითოეული ახალი კურსისთვის, რომელიც მათ "აუმის უმაღლეს ჭეშმარიტებასა" და საბოლოო გაბრწყინებასთან მიაახლოებდა. კოლოსალური თანხა ღირდა გურუს ნაბანავები წყლის შესმა, ანდა მისი სისხლის ან სპერმის ერთი წვეთი.

აუმის რწმენის ყოველდღიურ პრაქტიკაში შედიოდა რიტუალები, რომელთა შემადგენელი ნაწილები იყო მუზარადები თავთან მიერთებული ელექტროდებით (ის არ უნდა მოეხადათ რამდენიმე დღე), აუცილებლად უნდა მიეღოთ "ჭეშმარიტების შრატი" და ბარბიტურატები. მათი მეთოდები მსგავსი იყო ჯიმი ჯონსონის, ჩარლზ მენსონის (სატანური მიმართულების სექტის ლიდერი, რომლებიც სისხლიან, რიტუალურ მკვლელობებს აღასრულებდნენ) და მაფიის მეთოდებისა. თუმცა აუმის ფინანსური სტრუქტურა მოგაგონებდათ იაპონურ კეირეტცის, ისინი აკონტროლებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალის მქონე 97 კომპანიას, ეწეოდნენ უძრავი ქონების უკანონო სპეკულაციას და სადაზღვევო პოლისების გაყალბებას, სამედიცინო სფეროში მაქინაციას, რეკეტს, ადამიანის მოტაცებასა და მკვლელობას. რამდენიმე კაცი, რომლებიც სექტამ მტრად ჩათვალა, ასაჰარას ბრძანებით მხეცურად მოკლეს და მათი გვამები გადამალეს.

თავიანთ მუდმივად დაცულ შტაბბინაში, რომელიც ფუძიამას ძირში იყო, სექტანტები დაუცხრომლად და უშედეგოდ ატარებდნენ ექსპერიმენტებს ციმბირის წყლულის, ბოტულიზმის და სხვა მომაკვდინებელი ეპიდემიური დაავადებების გამავრცელებლებზე. მათ მიმოფანტეს ბაქტერიები იაპონიის პარლამენტის სიახლოვეს, საიმპერატორო სასახლესა და იოკოსუკაზე არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაში. მაგრამ რადგანაც სექტანტები მეცნიერულად და პრაქტიკულად ნაკლებად იყვნენ მომზადებულნი, ზიანი ვერავისთვის მოჰქონდათ.

ბოლოს და ბოლოს, აუმელებმა შეიტყვეს ნაცისტურ გერმანიაში შემუშავებული ნევროპარალიტიკური გაზის, ზარინის შესახებ. რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებთან კავშირის წყალობით, ასაჰარა იმ დროისთვის უკვე ამზადებდა თავის მეომრებს რუსული სპეცრაზმის ბაზაში. გურუმ იშოვა ზარინის დამზადების რეცეპტი. უნდოდა, სამხედრო შვეულმფრენი შეეძინა და ეს გაზი მოეფრქვია ტოკიოს თავზე იაპონიის მთელი ცენტრალური ნაწილის მოსახლეობის ამოსაწყვეტად. ამგვარად დაიწყებოდა ასაჰარას ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსი. შემდეგ კი "დიდებული გურუ" დაჯდებოდა იმპერატორის ტახტზე და ჯერ იაპონიაში და მერე მთელ მსოფლიოში "აუმ სინრიკეს" მმართველობას დაამყარებდა. სექტა აქტიურად ემზადებოდა მომავალი მოვლენებისთვის და ხელისუფლებაში მალევე მოსასვლელად ჩრდილოვანი სამმართველოც კი შექმნა.

როცა ზარინი დაამზადეს, სექტანტებმა გადაწყვიტეს, იგი ადამიანებზე გამოეცადათ. პირველმა ცდამ, რომელიც 1991 წლის ივნისში ქალაქ მაცუმოტოს გარეუბანში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა, შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით დააავადა. მაშინ პოლიციამ დამნაშავე ვერ აღმოაჩინა. 1995 წლის მარტში გაზი ტოკიოს მეტროში გაუშვეს. 12 კაცი გარდაიცვალა და 5000-ზე მეტი სავადმყოფოში მოხვდა. მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით მოხდა, რომ მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდი არ იყო.

ამ მოვლენების შემდეგ პოლიცია ასაჰარას კვალს დაადგა. სექტის მთელი ხელმძღვანელობა დააპატიმრეს, ქონება ჩამოართვეს. სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება. ბევრმა სექტანტმა აღიარა ჩადენილი და მრავალწლიანი სასჯელი მიიღო. თვითონ ასაჰარა დესტრუქციულად იქცევა, უარს ამბობს სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, აღიარებასა და მონანიებაზე. თუმცა, "აუმ სინრიკე" უკვე გამოვიდა შოკიდან და უკვე იწყო გაზრდა და გავრცელება. 1997 წლის ბოლოს სექტას იაპონიაში 26 ცენტრი ჰქონდა, რომელშიც 500-ზე მეტი წევრი ცხოვრობდა. 5000 მეტ წევრზე მეტი დამოუკიდებლად ცხოვრობს. სექტა ფინანსურადაც ძალზე სწრაფად ძლიერდება.

ჯერ კიდევ ლეგალური მოქმედებებისას აუმელებმა რუსეთში მრავალი ცრუ ფირმა შექმნეს. რუსულ ენაზე არსებული საიტი "აუმი" გაოცებთ ზომებით. ცენტრალური რუსეთის რამდენიმე სოფელში არის სექტის კოლონიები, რომელთაც იქ მიწა იყიდეს და თავიანთი "მონასტრები" ააშენეს.

ნებისმიერ დროს შეიძლება სექტა მიწისქვეშეთიდან ამოვიდეს და აქტიური მოქმედება დაიწყოს. ასე რომ, გაზით შეტევაც არ არის გამორიცხული. ამ ვარაუდს ამტკიცებს ცოტა ხნის წინანდელი მოვლენები: 2001 წელს ვლადივოსტოკში დააპატიმრეს "აუმ სინრიკეს" ჯგუფის მეომრები, რომლებიც იაპონიაში მასობრივი ტერორისტული აქტების ჩასატარებლად ემზადებოდნენ თავიანთი "განღმრთობილი" ლიდერის გასათავისუფლებლად.