1731519914
სასწაულმოქმედი კანდელი, რომელიც ბერებს უბედურების მოახლოებას ამცნობს - რა სასწაულებზე საუბრობენ მლოცველები
ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ ჰკიდია დიდი უძველესი ვერცხლის კანდელი, შეწირული მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ 1834 წელს.
საეკლესიო გამოცემა orthodoxy.ge ამ კანდელის და მასთან დაკავშირებული სასწაულის შესახებ წერს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად, ან უკეთ რომ ვთქვათ, უხილავი ძალით, რიტმულად და ჰორიზონტალურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურგია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღვთისმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს. ეს საკვირველი სანახაობა იმ წუთებში იწვევს შიშსა და გაოცებას, სიხარულსა და მოკრძალებას, როგორც მონასტრის მამათა შორის, ასევე იმ დროს იქ მყოფ მლოცველებშიც, რომლებიც პირველად ხედავენ ამ მოვლენას.
უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ითვლება, როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღვთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: „აი ნიშანი, შეხედეთ, თქვენთანა ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი საქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად“.
რაც შეეხება კანდელის მოძრაობას ჩვეულებრივ დღეებში, იგივე გადმოცემის მიხედვით, იგი მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან სასიკვდილო ეპიდემია. ესეც ღვთის განგებაა, ღვთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი. სრულად