1730578379
"მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე
"პირველად ქვეყნდება პატარა ამბავი" - წერს შოთა კალანდაძე ფეისბუქზე და კახის იხსენებს; რეჟისორს ის გადაღებული ჰყავს თავის ჩანახატში "ძვირფასი ცოლი"; აი, რას წერს გენიალური არტისტის შესახებ კალანდაძე.
"მინდა გავიხსენო ბატონი კახი კავსაძე ფილმ "ძვირფასი ცოლი"-ს გადაღებაზე; როდესაც მოვუყევი ნოველის შინაარსი და ფინალური სცენა, სადაც კახის მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა უდიდესი სიყვარული მისი ცოლისადმი და ასევე სევდა, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება და მისი ძალიან მოხუცი ცოლი ძალიან ძვირფასია მისთვის - მთელ ქვეყანას ურჩევნია.
კახიმ მითხრა - გადავიღოთო, მაგრამ ეს ფინალური სცენა როგორ გამოვა, მარტო თვალებით, არ ვიციო; როდესაც ფილმში ვთამაშობ, მე ტანის და მთლიანი სახის პლასტიკა, ექსპრესია მეხმარება, რომ გადმოვცე ის, რაც საჭიროა და მარტო თვალებით არასდროს შემისრულებია, თან "ისკრები" გინდა გადმოვყარო თვალებიდან, ასეთი რამ არ მითამაშიაო;
ძალიან გამიხარდა, მეც მაგიტომ შემოგთავაზეთ ბატონო კახი და დარწმუნებული ვარ, რომ გენიალურად შეასრულებთ-მეთქი.
დაიწყო გადაღება.
პირველ დღეს ბატონმა კახიმ მითხრა - "თვალების სცენა სულ ბოლოს გადავიღოთ."
გადაღების მეორე დღე - საღამოს დავიწყეთ ფინალის გადაღება - "თვალების სცენის"; სადღაც 7 დუბლი გადავიღეთ; ბატონი კახი ძალიან კარგად ასრულებდა, მაგრამ რაღაცა აკლდა, თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი, ის შეძლებდა; ასეც მოხდა: შემდეგ დღეს მოვიდა და პირველივე დუბლში გამოხატა გენიალურად ის, რაც მე სულში მქონდა ამ ფინალისთვის!
მადლობა ღმერთს და სამყაროს ასეთი ადამიანები რომ მარგუნა ჩემ ფილმებში..."
ასევე დაგაინტერესებთ: