პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იშვიათი გარეგნობის ლევანი ყველას მეხსიერებაში მუდამ 29 წლის, ოქროსფერთმიან, ნათელ ახალგაზრდად დარჩა, მომნუსხველი ღიმილით. გიო მგელაძის ფილმის გადაღებიდან წავიდა აფხაზეთის ომში და 1992 წლის 7 სექტემბერს სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა.
ის მუდამ ახალგაზრდად და მუდამ ულამაზეს, ელეგანტურ მამაკაცად დარჩება, მას არასოდეს შეევერცხლება თმა, მით უმეტეს – არ გამელოტდება, არ დაუშნოვდება.
მას ვერ გარყვნის დრო, ვერ დაამხობს ჩვენს წარმოდგენებში. ის გმირია და გმირად დარჩება – რომანტიკულ გმირად. გმირად, რომელიც ამშვენებდა ქვეყანას, კინოს და რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსთვის.
დრო უძლურია მასთან, დროს ერთადერთი რამ შეუძლია – ჩვენ დაგვავიწყოს ის… რომ არა ავბედითი 1992 წელი და აფხაზეთის ომი.
ის კაცი იყო და იცოდა, რომ არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც სწორედ ამ უპირველესს შესწირა.
1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე – მარლონ ბრანდოს.
ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის.
ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ლევანს ეს არ დასცალდა. ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა.
„გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, „ნაცნობობით“. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ჰოდა, აი, ამ ფილმში, მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი.
ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი.
ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.
საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა.
უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში „ჩვენი პატარა ქალაქი“.
ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი „ბორიაყი“.
მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი… გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? – ორი თვე მაინცო… მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში…
მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო…“ – ჯერ კიდევ 1985 წელს უამბობდა 22 წლის ლევან აბაშიძე „სოვეტსკაია კინოს“.
ლევან აბაშიძეს კინოში მართლაც დაქალმა „ჩაუწყო“ საქმე.
ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ულტიმატუმი წაუყენა დედას – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო. და აი, ლევანს იღებენ ფილმში, დანიშნულია გადაღების დღეც, და როგორც დედამისი იხსენებს, გადაღების წინა ღამეს თეთრად ათენებს ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭებულიყო.
ლევანის ბავშვობა სავსე იყო ტრავმატოლოგიურ-რომანტიკული თავგადასავლებით. ერთხელ შეყვარებულისთვის იჩხუბა და თითიც მოიტეხა, მერე ეს თაბაშირი შეინახა და თურმე საკონტროლო წერების დროს მშვენივრად იყენებდა.
ერთხელ ფეხმოტეხილი წავიდა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე ავიდა თაბაშირიანი ფეხით, მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა კართან.
ერთხელ ჟანგიანი მილით ამძვრალა შეყვარებულის აივანზე… დანჯღრეული მოტოციკლით ბაკურიანში მეგობრებთან ჩასვლაც ლევან აბაშიძის სტილი იყო. ერთხელ „ნივით“ ორმოში ჩავარდნილა და იქვე დაუტოვებია…
ქეთუსია იგნატოვა გაიხსენებს, რომ მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა, მონუსხვა. ლევან აბაშიძის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ. და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ…
ლევანის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი თვალცრემლიანი მიყვება: „რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან…
არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო… გაუთავებელი რომანები ჰქონდა…“ და ამ გაუთავებელ რომანებს შორის იყო ერთი დიდი და გამორჩეული რომანი – ლევანის და მოლდაველი მსახიობი გოგონას, მიკას რომანი…
მანანა ხიდაშელი: „მიკა მოლდაველია, აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი.
თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა, დედა, მე ცოლს არასოდეს არ შევირთავ (რატომღაც ასე ამბობდა ყოველთვის…)…“ წაიკითხეთ ვრცლად