პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეფრემი ათონელი მამა იყო, მაგრამ არიზონელადაც მოიხსენიება. თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ჯვართამაღლების ტაძრის ადმინისტრაცია (დეკანოზი თეოდორე გაგნიძე), არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში დოკუმენტური ფილმის „ეფრემ არიზონელის კვალდაკვალ ვიდეოს და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მეგობრებო,
მრავალმა თქვენგანმა იცით, ჩვენი სამრევლო მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე:
„ეფრემ არიზონელის კვალდაკვალ (სახელი საბოლოოდ შესაძლოა შეიცვალოს). ამ მიზნით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე სამრევლოდან სპეციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ და გადაიღეს და ჩაწერეს თითქმის ყველა კერა, რომელიც შტატების ტერიტორიაზეა - 15 მონასტერი.
ამჟამად კი, საგანგებოდ თქვენთვის, არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გავაკეთეთ მცირე ვიდეო მონაკვეთი, რომელსაც სიხარულით გიზიარებთ.
გვექნება მხოლოდ ერთი მოკრძალებული თხოვნა:
რადგან ფილმის მასალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, გთხოვთ უნებართვოდ და წყაროს მითითების გარეშე ნუ წაიღებთ მასალას თვითშემოქმედებისთვის, რათა ხელი არ შეეშალოს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც ჩვენი უფლის სადიდებლად და ჩვენივე სულიერი ცხოვრებისთვის კეთდება.
გვერდის ადმინისტრაცია
შენიშვნა: ვიდეოსთვის გამოყენებულ მუსიკაზე არ ვფლობთ არავითარ უფლებებს. იგი მასალას დაედო მხოლოდ საცდელად. ვიდეო არ შექმნილა კომერციული მიზნებისთვის და აქვს მხოლოდ ინფორმატიული დატვირთვა“ - ჯვართამაღლების ტაძრის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს, საქართველოს დროით დაახლოებით დილის 9 საათზე, მიიძინა მართლმადიდებლური სამყაროს, XX-XXI საუკუნეების ყველაზე ნაყოფიერმა მოღვაწე - არქიმანდრიტმა ეფრემ არიზონელმა (ფილოთეველი).
მამა ეფრემი, წმინდანად კანონიზირებული ღირსი იოსებ ისიქასტის, უკანასკნელი (ქრონოლოგიურად) სულიერი შვილი იყო. იოსებ მღვიმელი, ათონელი ბერი -1959 წელს გარდაიცვალა, 2019 წელს კი, ეკლესიამ ოფიციალურად მოახდინა მისი წმინდანად კანონიზირება!
გამოვახატავთ უდიდეს მადლიერებას, ამ ეპოქალური ადამიანისადმი და ვთხოვთ შეწევნას, მისი და ყოველი ადამიანის უმთავრეს საქმეში - ქრისტეს პოვნაში.
ჩვენს სამრევლოში, მისი ღვთის წინაშე წარდგომის შესახებ შეტყობინების მოსვლისთანავე, შესაძლებლისგვარად გამოიხატა მადლიერება, მცირე ღვთისმსახურებით.
მადლობა მამა ეფრემს, რომელიც იყო და არის სტიმული, მაგალითი და ძალა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა;
რომელიც თავადაა მართლმადიდებლობის ნაყოფი და რომლის ცქერითაც ხვდებოდი, რომ დაემსგავსო ქრისტეს - სავსებით შესაძლებელია.
ჩვენგან ყველაზე დიდი მადლიერების გამოხატულება იქნება, რომ მისი ლოცვით, ვიცხოვროთ და ვაკეთოთ, როგორც ის გვასწავლიდა: არც ერთი ნაბიჯი უკან, ქრისტესკენ სავალ გზაზე. რადგან სწორედ ესაა გზა, რომლითაც მოიპოვება სიწმინდე, სიმდაბლე, უბრალოება და მთავარი: ერთადერთი ღირებულება სამყაროში - ჩვენი ტკბილი უფალი, იესუ ქრისტე.
მამა ეფრემი და მსგავსი ქრისტეს მიმსგავსებული მოღვაწენი არიან, მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებისა და მარად ცხოველმყოფელობის დასტური და უტყუარი მოწმობა.
მადლობა მამა ეფრემ. მოგვენატრებით!“ - წერს ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ადმინისტრაციის გვერდი.
„გიყვარდეთ, მოითმინეთ, თვალი დახუჭეთ სხვის შეცდომებზე, ნუ განრისხდებით, ნუ აენთებით ბრაზით, ერთმანეთს შეუნდეთ, ქრისტეს რომ მიემსგავსოთ და სასუფეველში მის სიახლოვეს ყოფნის ღირსი გახდეთ. მოერიდეთ, შვილებო, განკითხვას. ის ძალიან დიდი ცოდვაა. როცა განვიკითხავთ და გვძულს ადამიანები, ღმერთი ძალიან დამწუხრებულია. მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვიზრუნოთ, ისინი გვტკიოდეს, საკუთარი თავი განვიკითხოთ და მაშინ ვპოვებთ ღვთის წყალობასა და მადლს. ერთმანეთი გიყვარდეთ და ეგოიზმის გამო ნუ გამწარდებით. სიმდაბლე საიმედო მეგზურია. იგი არ აძლევს მდაბალს საშუალებას, შეეჯახოს დაუდევრობის წყალქვეშა ქვებს და დაიმსხვრეს ამ შეჯახებისას, არამედ, როგორც ნათელი მეგზური, შეუცდომლად მიუძღვის უსაფრთხოებისკენ! ეგოიზმი, ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით, იგი ყველა შეცდომას თვალსაჩინოს ხდის. გეშინოდეთ მისი და შეეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან, რაც უფრო დიდხანს რჩება ჩვენში თავის ნებაზე მიშვებული, მით მეტ ჭრილობას გვაყენებს შესაბამისი ტკივილებით.
გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს სიამაყეა. ძმის მიერ ძმის შეცდომის გამართლება, სიმდაბლისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, რომელიც ამას აკეთებს, ღვთისაგან დიდ მადლს ჰპოვებს. მან კი, ვინც განიკითხავს და აბრკოლებს მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ არათუ მადლს ვერ ჰპოვებს, არამედ რაც აქვს, იმასაც დაკარგავს, რათა ტანჯვით ისწავლოს სიმდაბლის გაკვეთილი. ყველაზე მეტად - შინაგანი - გულის სიტყვათამიერი განკითხვისა გეშინოდეთ. და ეს იმიტომ, რომ სხვისთვის საცნაური არ ხდება სიტყვის მეშვეობით, და მსმენელის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს. ერიდეთ, ვამბობ, შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად გვაქცევს მომაკვდინებელ დამნაშავედ, გვწყვეტს ღვთაებრივი მადლის ცხოვრებას და უმწარეს სასმელს - სულიერ სიკვდილს გვთავაზობს“ - არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი(ფილოთეველი).