პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იშვიათი გარეგნობის ლევანი ყველას მეხსიერებაში მუდამ 29 წლის, ოქროსფერთმიან, ნათელ ახალგაზრდად დარჩა, მომნუსხველი ღიმილით. გიო მგელაძის ფილმის გადაღებიდან წავიდა აფხაზეთის ომში და 1992 წლის 7 სექტემბერს სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა.
ის მუდამ ახალგაზრდად და მუდამ ულამაზეს, ელეგანტურ მამაკაცად დარჩება, მას არასოდეს შეევერცხლება თმა, მით უმეტეს – არ გამელოტდება, არ დაუშნოვდება.
მას ვერ გარყვნის დრო, ვერ დაამხობს ჩვენს წარმოდგენებში. ის გმირია და გმირად დარჩება – რომანტიკულ გმირად. გმირად, რომელიც ამშვენებდა ქვეყანას, კინოს და რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსთვის.
დრო უძლურია მასთან, დროს ერთადერთი რამ შეუძლია – ჩვენ დაგვავიწყოს ის… რომ არა ავბედითი 1992 წელი და აფხაზეთის ომი.
ის კაცი იყო და იცოდა, რომ არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც სწორედ ამ უპირველესს შესწირა.
1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე – მარლონ ბრანდოს.
ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის.
ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ლევანს ეს არ დასცალდა. ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა.
„გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, „ნაცნობობით“. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ჰოდა, აი, ამ ფილმში, მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი.
ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი.
ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.
საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა.
უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში „ჩვენი პატარა ქალაქი“.
ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი „ბორიაყი“.
მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი… გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? – ორი თვე მაინცო… მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში…
მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო…“ – ჯერ კიდევ 1985 წელს უამბობდა 22 წლის ლევან აბაშიძე „სოვეტსკაია კინოს“.
ლევან აბაშიძეს კინოში მართლაც დაქალმა „ჩაუწყო“ საქმე.
ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ულტიმატუმი წაუყენა დედას – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო. და აი, ლევანს იღებენ ფილმში, დანიშნულია გადაღების დღეც, და როგორც დედამისი იხსენებს, გადაღების წინა ღამეს თეთრად ათენებს ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭებულიყო.
ლევანის ბავშვობა სავსე იყო ტრავმატოლოგიურ-რომანტიკული თავგადასავლებით. ერთხელ შეყვარებულისთვის იჩხუბა და თითიც მოიტეხა, მერე ეს თაბაშირი შეინახა და თურმე საკონტროლო წერების დროს მშვენივრად იყენებდა.
ერთხელ ფეხმოტეხილი წავიდა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე ავიდა თაბაშირიანი ფეხით, მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა კართან.
ერთხელ ჟანგიანი მილით ამძვრალა შეყვარებულის აივანზე… დანჯღრეული მოტოციკლით ბაკურიანში მეგობრებთან ჩასვლაც ლევან აბაშიძის სტილი იყო. ერთხელ „ნივით“ ორმოში ჩავარდნილა და იქვე დაუტოვებია…
ქეთუსია იგნატოვა გაიხსენებს, რომ მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა, მონუსხვა. ლევან აბაშიძის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ. და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ…
ლევანის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი თვალცრემლიანი მიყვება: „რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან…
არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო… გაუთავებელი რომანები ჰქონდა…“ და ამ გაუთავებელ რომანებს შორის იყო ერთი დიდი და გამორჩეული რომანი – ლევანის და მოლდაველი მსახიობი გოგონას, მიკას რომანი…
მანანა ხიდაშელი: „მიკა მოლდაველია, აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი.
თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა, დედა, მე ცოლს არასოდეს არ შევირთავ (რატომღაც ასე ამბობდა ყოველთვის…)…“
ლევან აბაშიძის განუმეორებელი სილამაზე აჯადოებდა ყველას, დიდსა და პატარას. ნატა მურვანიძე და ლევან აბაშიძე ერთ ეზოში იზრდებოდნენ.
ნატა მურვანიძე: „პირველად რომ ვნახე, ალუბლის ხეზე იჯდა და იქიდან გადმომძახა: ეი, ალუბალი არ გინდაო?! იმდენად ლამაზი იყო იმ ალუბლებში, გული შემეკუმშა… ჩვენს ეზოში ბროწეულის ხე დგას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს, მაგრამ ის არასოდეს ყვაოდა.
ვიღაცამ გვითხრა, ხე შეაშინეთ და აუცილებლად მოისხამს ნაყოფსო. ლევანმა ცული მოუქნია ხეს, მე ვეხვეწებოდი, არ მოჭრა, წელსაც ვაცალოთ-მეთქი.
ბროწეული მართლაც აყვავილდა… ლევანი ჩვენთან აღარაა, მაგრამ ხე ყოველ წელს ყვავილობს…“
რეჟისორ გოგი ქავთარაძის დისშვილმა, იმ პერიოდისთვის პატარა გოგონამ, მაცაცომ, როგორც იყო, ნახა თავისი კერპი – ლევან აბაშიძე.
ლევანმა ალუჩა შესთავაზა გოგონას. გოგონას ალუჩის შენახვა უნდოდა. მაგრამ ლევანი უყურებდა და სხვა რა გზა ჰქონდა, ჩაკბიჩა. მაგრამ კურკა მაინც გადაინახა. ლევანისგან ნაჩუქარი ალუჩის კურკა… სამახსოვროდ.
სახლში დაბრუნებულმა დედის ძვირფასთვლიანი ბეჭედი აიღო, ბუდიდან თვალი ამოიღო, იქ კურკა ჩადო და ყველას გამოუცხადა, ეს უფრო ძვირფასიაო. მერე მიწაშიც დარგო, ალუჩა უნდა გავახაროო. და… ელოდა.
იმ შემოდგომაზე ლევანიც დაიღუპა… მხოლოდ გოგონა კი არა, ოჯახის ყველა წევრი მოუთმენლად ელოდა ლევანის ალუჩის ამოსვლას. მაგრამ ამაოდ. 1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა.
არადა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო.
ომში წასვლა უნდოდა ლევანს და გიორგი გაჩეჩილაძეს (შემდგომში ეკონომიკის მინისტრი). კომისარიატსაც მიაკითხეს. შეიკრიბნენ ბიჭები – ლევანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი, სულხან სულხანიშვილი, გიორგი ნიჟარაძე…
წასვლას დღე-დღეზე ელოდნენ, ლევანს ყველა ერიდებოდა, რადგან ბათუმში გადაღებები ეწყებოდა, არადა გემი დაქირავებული იყო, ფულიც გადახდილი, ლევანის გარეშე კი გადაღებები ჩაიშლებოდა.
ლევანი ბათუმში გადაღებებზე ისე წავიდა, რომ იცოდა – აფხაზეთში ჯერჯერობით ვერ მიდიოდნენ. წასვლისას ბიჭებს დაუბარა, თუ უჩემოდ მოგიწიათ წასვლა, მე კოორდინატებს გავიგებ და ადგილზე პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვალო. მაგრამ აფხაზეთში წასული ბიჭები ზუსტ კოორდინატებს არ ტოვებდნენ თბილისში.
საახლობლოს აიმედებდნენ, შტაბის სამუშაოებს ვასრულებთ, საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობთო. არადა, პირველივე დღიდან იარაღი ეჭირათ ხელში.
რა ერთობლივი საქმე წამოიწყეს ლევან წულაძემ და თემურ უგულავამ?
ბათუმში გადაღებები დასრულდა. 5 სექტემბერს ლევან აბაშიძე თბილისში დაბრუნდა და ნახა აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული გია ნადირაშვილი. რომელიც მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზეთში ბრუნდებოდა.
ლევანმა ისიც გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო. ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ.
შედის გია ნადირაშვილი და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და შედის ლევანი. მეგობრებსა და ნაცნობებზე ლაპარაკიც არაა, ყველას გაუხარდა მისი დანახვა, ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ… იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე.
ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები _ სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე.
ბრძოლის ველი. სანგარი. საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი.
ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ქართულ (და არამარტო ქართულ) კინოს ხელიდან გა მოსტაცა ახალგაზრდა, 28 წლის ულამაზესი მამაკაცი. ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძემ ფრესკიდან გადმოსულს შეადარა.
ლევან აბაშიძის მშობლები – მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელს თბილისში სი ლამაზით განთქმული წყვილი იყო.
ჩამომავლობით კი ლევანი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო- თეკლა ბატონიშვილის შტოდან.
ლევანის პანაშვიდზე პატა რა, 12-13 წლის ბიჭების გუნდი მივიდა, ქალბატონმა მანანამ ჰკითხა: ვინ ხართ, ბიჭებოო? ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, უპასუხეს ბავშვებმა…
(სტატია მომზადებულია „პრაიმტაიმის“ არქივიდან/ ავტორი: რეზო შატაკიშვილი)