ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა იესო ქრისტეს უკავშირდება - როგორ მოხვდა ანჩისხატი საქართველოში

anchisxati

29 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ედესიდან კონსტანტინოპოლში ჩამობრძანებას - ანჩისხატობას დღესასწაულობს.

ანჩისხატი  ანუ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, გასაბჭოებამდე, ანჩისხატის ტაძარში იყო დაბრძანებული. 1920-იანი წლებიდან კი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.

სულმნათი მამა გაბრიელი ამბობს:

"სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?"

რა ისტორია აქვს ანჩის ხატს?

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.

ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას - იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი - ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.

იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა. გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად მაშინვე ავგაროზისკენ გაემართა. ქალაქ იეროპოლისს რომ მიუახლოვდნენ, მგზავრებს დაუღამდათ და ღამე ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნის ოჯახში გაათიეს, ხოლო ხატი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს.

შუაღამისას ზეციდან ჩამოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის გამგებლის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის ხატი ზემო კეცზეც გადასულიყო.

ქალაქის გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმინდა ანტონ მარტომყოფელმა, ცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და რათა ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო, ხოლო როცა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან ჩამოასვენა.

რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი მხატვარმა და მოციქულმა თადეოზმა ედესაში ჩაასვენეს. ქალაქის მახლობლად მან უკვე სასწაული მოახდინა, განკურნა კუტი ჭაბუკი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. მეფემ რომ ეს ამბავი შეიტყო, სასწაულმოქმედ ხატს თავისი კარისკაცები შეაგება, რომელთაც იგი დიდი პატივით შეასვენეს მასთან.

ავგაროზი, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო საწოლზე მიჯაჭვული, ემთხვია თუ არა ხატს, მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით გაკვირვებულები მეფეცა და მისი ქალაქის მცხოვრებნიც უფალს ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ. ავგაროზი და მისი ცოლ-შვილი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს, მოციქულმა თადეოზმა წმინდა სამების სახელით მონათლა.

მეფემ ტილო, რომელზედაც მაცხოვრის სახე იყო აღბეჭდილი, ფიცარზე დააკვრევინა და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენებინა, რათა ყველას, ვინც ქალაქში შევიდოდა ან გამოვიდოდა, მისთვის თაყვანი ეცა. ეს ხატი იქ ორასი წლის მანძილზე ესვენა, მაგრამ დადგა დრო, როცა ქრისტიანების ჟლეტა ედესაშიც დაიწყო. ამიტომ ედესის ეპისკოპოსის რჩევით, ხატი ქალაქის კედელში დაკრძალეს და წინ დიდი კელაპტარი დაუნთეს. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი - წმინდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად. გავიდა კიდევ ხანი და აი, 539 წელს ედესაზე ხორსო მეფის მეთაურობით სპარსელებმა გაილაშქრეს. ქალაქის ეპისკოპოსს ის ადგილი, სადაც ხატი იყო დაკრძალული, სიზმარში ეჩვენა, კედელი გამოანგრიეს და ხატი გადმოასვენეს. სწორედ ამ დროს სპარსელების ბანაკში დიდი არეულობა მოხდა და ხოსრო მეფე იძულებული გახდა უკან გატრიალებულიყო.

 არაბების ხელყოფილსაგან რომ დაეცვათ, ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში დიდი ლიტანიობით გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.

VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტია ხატმებრძოლეობის მწვალებლობამ მოიცვა და ხატებს განადგურების საფრთხე ემუქრებოდა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენეს, რომელიც მდინარე ჭოროხის ხეობაში იდგა. ანჩაში მეფიდან დაწყებული უკანასკნელი მდაბიოებით დამთავრებული, მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანსაცემად  და მისგან წყალობის მისაღებად.

1194 წელს, როცა თამარ მეფემ თურქები დაამარცხა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი შესწირა ეკლესიებს ხატების შესამკობად. მაშინ ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა მეფეს ხელთუქმნელი ხატის შემკობაც სთხოვა. თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა დიდი ხელოვნებით, რასაც  ხატის არშიაზე მიწერილი წარწერაც გვამცნობს: „ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთიურ გვიგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვჰყავ საშინელსა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“.

კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ (1453 წ.) ოსმალებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდა წინ, ქვეყნის სიღრმეში... ზედიზედ ნადგურდებოდა წინაპართა ჯაფით აშენებული ტაძრები და იქ დაცული სიმდიდრენი. მდგომარეობას ართულებდა ღალატიც ქართველთა მხრიდან, რომელნიც მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მაჰმადიანდებოდნენ. თავზევით ძალა აღარ იყო და სამღვდელოება იძულებული გახდა ხატები და ჯვრები, საეკლესიო სამკაულები და წიგნები გამოერიდებინა, რათა ბარბაროსი დამპყრობლების გასათელად არ ქცეულიყო.

ამ დროს გადმოასვენეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც ანჩიდან ახალციხეში, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში, იოთამ ამილახვრის ოჯახში მოხვდა. იოთამის ვაჟს, ღვთისმოყვარე გივი ამილახვარს, ხატის განახლებისათვის დიდად უზრუნია.

20 წლის შემდეგ ხატი ხელახლა შეუმკიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დომენტის ბრძანებით. ის ვახტანგ მეექვსის ძმა იყო. პატრიარქის დომენტისავე ბრძანებით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ამილახვართა ოჯახიდან თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აიგო, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.

წყარო: გაზეთი „მადლი“, № 16 (58), 1992 წ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"მამა გაბრიელის გვერდით ყოფნა იყო სასუფეველი დედამიწაზე. ჰაერიც ისეთი წმინდა იყო მის ირგვლივ. ფრენა-ფრენით მიდიოდი მასთან..." - დღეს უდიდესი წმინდანის დაბადების დღეა

"მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი...“ - ფაქტები საოცარი მამა თეიმურაზის ცხოვრებიდან

"ამ ქვეყნიდან შენი გასვლის ჟამი იყო, მაგრამ უფალს იმდენად შეებრალა შენი ქმარ-შვილი, რომ შენი თავი მათ აჩუქა!" - მამა გაბრიელის სულიერი შვილის საოცარი ისტორია