გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა... ამ კონკრეტული ხატის ხსენების დღე წელიწადში რამდენიმეჯერ აღინიშნება. ხატი ათონის წმინდა მთაზე 999 წლიდანაა დავანებული და მისი სასწაულებრივი ისტორია ყველასთვის ცნობილია. (ისტორიის წასაკითხად გადადით ბმულზე)
არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის სასწაულთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია.
ამ სასწაულმოქმედი ხატის მოლოცვის შესაძლებლობა გაქვთ სიონშიც. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხებდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის.
ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.
არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმინდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო...
2000 წლის შობის მარხვის მიწურულს კი, თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა, სარწმუნოებაში, კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა თავისი მორწმუნენი. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღვთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
***
ეს ამბავი კი, აფხაზეთის ომის დროს მოხდა, სოხუმი უკვე თითქმის აღებული იყო, როდესაც მისი დედათა მონასტერი მტრისგან აწიოკებას ელოდა. დედებს, მტრისგან შეურაცხყოფა რომ აერიდებინათ, გადაწყვეტილი ჰქონდათ, როდესაც მონასტრის აოხრება დაიწყებოდა, თავი მოეკლათ. მონაზვნები ღვთისმშობელს მთელი ღამის მანძილზე სთხოვდნენ მფარველობას...
აი, თუ რა მოხდა იმ საოცარ ღამეს, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია ელისაბედ ზედგინიძემ, წლების წინ უამბო გადაცემა - "პროფილს".
მონაზონი ელისაბედ ზედგინიძე: მე მაშინ სამონაზვნე მელანია ვიყავი. სოხუმის დედათა მონასტერში ვმსახურობდი. სოხუმი თითქმის დაკარგვის პირას იყო. გარკვეული პერიოდი შერიგება დამყარდა. ჩვენებს პირობა ჰქონდათ შესრულებული და ჯარი გაყვანილი გვყავდა. თუმცა, ამ შერიგების დროს, მტერმა მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. სამასი ჯარისკაცით იყო დარჩენილი გენო ადამია, რომელთა შორის 20 წლამდე ბავშვები იყვნენ. დაიწყო საშინელი დაბომბვა. ავედით მონასტრის რეზიდენციის სახურავზე და ვხედავთ, რომ მტერი ბაზართანაა მოსული და ხდება საშინელება, მოხუცებს აუპატიურებდნენ, შეურაცხყოფდნენ, აცვამდნენ კამერებს და ცეცხლს უკიდებდნენ. შიშველ ხალხს საქონელივით ერეკებოდნენ. ზუსტად ათ წუთში იგივე გველოდა.
პატრიარქმა იქ რომ გაგვგზავნა ქვეშეცნეულად ვფიქრობდით, რომ სიკვდილი ახლოს იქნებოდა. ასე თუ ისე მზად ვიყავით, რომ ღვთისთვის და სამშობლოსთვის თავი გაგვეწირა. მაგრამ შეურაცხყოფისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ადამიანური კუთხით მზად არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, გაგვახსენდა "ბაში აჩუკი", როგორ ხტებოდნენ დედები შუამთის დედათა მონასტრის გალავნიდან, როდესაც მონასტერს აწიოკებდა მტერი. დავფიქრდით და ვთქვით, მოდით, ვილოცოთ და თუ არაფერი გამოვიდა, ჩავკეტოთ ჭიშკარი და სანამ ისინი მას გახსნიან, ჩვენ ასვლას და გადმოხტომას მოვასწრებთო.
ვიყავით ოთხნი: დედა თეოდორა, ბოდბის იღუმენია, მონაზონი აღათია, მორჩილი თამარი (ახლა უკვე დედა თამარი, ბოდბის მონასტერში მოღვაწე) და მე. ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მის სახელზე დავიწყეთ ლოცვა. ავიღეთ სხვადასხვა ღვთისმშობლის სალოცავ-სავედრებელი, პარაკლისი, დაუჯდომლები.
ღამეა; ჩვენ მორიგეობით ვლოცულობთ. ათ წუთში ერთხელ, ერთ-ერთი ჩვენგანი ადის და ამოწმებს, გარეთ რა ხდება?! ზუსტად იმ ადგილას, რაც ჩვენგან ჩანს მიმდინარეობს საშინელი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ღამის თევა ხშირი გვქონდა სოხუმის მონასტერში, მაგრამ ბოროტი ძალის შემოტევა იმდენად დიდი იყო, რომ ხან ერთი დავვარდებოდით ძირს, ხან - მეორე. ოთხივე ერთმანეთს უწყვეტ ლოცვაში ვენაცვლებოდით. თითქოს ყველაფერი ამოვწურეთ და ფსკვნილზე იესოს ლოცვა დავიწყეთ ხმამაღლა, ოთხივემ ერთად...
დილის ექვსი საათისკენ კარზე ხმაური დაიწყო. დედებო, არ შეგეშინდეთ, ჩვენ ვართო - ჩვენმა ჯარისკაცებმა შემოგვძახეს (ჩვენი ჯარისკაცები ნუგეშისთვის ხშირად მოდიოდნენ მონასტერში). გავხსენით კარი, შემოდიან მდუმარედ, სათითაოდ, მიდიან ღვთისმშობლის ხატთან, რომელთანაც ჩვენ ვლოცულობდით, იჩოქებენ, პირჯვარს იწერენ და დგებიან გვერდზე. ასე შემოვიდა გენო ადამია თავისი სამასი მეომრით. ულამაზესი 19 წლის კოლხი კოტე დგას და ცრემლად იღვრება. კოტე, რა ხდება-მეთქი, ვეკითხები. დედაო, თქვენ ღვთისმშობლის ამ ხატთან ლოცულობდითო? შენ რა იცი-მეთქი? მთელი ღამე ეს ივერის ღვთისმშობელი იდგა ცაში და ჯვარს გვსახავდა; ვინც იქ ვიბრძოდით ჯარისკაცები, ყველანი ვხედავდით ღვთისმშობლის ამ ხატსო...
აი, ასე გადავრჩით დედებიც...
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."