1732172400
"ამ ორ ანგელოზს მომაკვდავის სულის გაცილება ევალება. მათ ადამიანის გარეგნობა აქვთ, მყარად ჩასჭიდებენ ხელს სულის "თხელ სხეულს" და..." - რას გადის სული გარდაცვალებისას
ადამიანს სულ თან დევს სიკვდილის შიში, იმ შეუცნობელი მდგომარეობის, რომელიც გარდაუვალია. რა მოსდის სულს გარდაცვალებისას, გვაინტერესებს, ცხადია.
არის თუ არა რეალური, ამ დროს, ანგელოზებისა და ეშმაკების გამოცხადება? ნაწყვეტი მღვდელ მონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან - „სული გარდაცვალების შემდეგ“.
***
"მომაკვდავს სიკვდილის ჟამს ჩვეულებრივ ორი ანგელოზი ხვდება. აი, როგორ აღწერს ამას ავტორი წიგნისა – "ბევრისთვის დაუჯერებელი...":
"და როცა მან (მოხუცმა მომვლელმა) ეს სიტყვები წარმოთქვა ("სასუფეველი ცათა დაუმკვიდროს მას, საუკუნო განსვენება..."), ჩემ გვერდით ორი ანგელოზი გამოცხადდა. ერთში, რატომღაც, ჩემი მფარველი ანგელოზი შევიცანი, ხოლო მეორე უცნობი იყო" (მოგვიანებით ერთმა ღვთისმოსავმა მწირმა განუმარტა მას, რომ ის მეორე "შემხვედრი ანგელოზი" იყო).
წმინდა თეოდორა, რომლის სიკვდილშემდგომი გზა "საზვერეებში" აღწერილია წმინდა ბასილი ახლის ცხოვრებაში (X ს. ხს. 26 მარტს), მოგვითხრობს:
"როცა მთლად დავუძლურდი, მაშინ ჩემკენ მომავალი უფლის ორი ანგელოზი ვიხილე ლამაზი ჭაბუკების სახით: პირნათელნი, სიყვარულით მომზირალნი, სპეტაკ თოვლივით თეთრი თმებითა და ოქროსებრ გაბრწყინებულნი; ელვასავით ნათელი სამოსი ემოსათ და მკერდზე ჯვრის სახედ ოქროს სარტყელი ეკრათ".
VI ს. გალიელი ეპისკოპოსი წმინდა სალვია სიკვდილის საკუთარ გამოცდილებას შემდეგნაირად აღწერს: "ოთხი დღის წინათ, როდესაც ჩემი სენაკი შეიძრა და მკვდარი მიხილეთ სარეცელზე, მაშინ ორი ანგელოზის მიერ ცაში ვიყავი ატაცებული" (წმიდა გრიგოლი ტურელი, "ფრანკების ისტორია" VII,1).
ამ ანგელოზებს მომაკვდავის სულის საიქიო ცხოვრების გზაზე გაცილება ევალებათ და არაფერია გაურკვეველი არც მათს საქციელში და არც მათს გარეგნობაში – მათ აქვთ ადამიანის გარეგნობა, ისინი მყარად ჩასჭიდებენ ხელს სულის "თხელ სხეულს" და მიჰყავთ. "ნათელმა ანგელოზებმა ხელში აიყვანეს იგი (სული)" (წმიდა თეოდორა); "ანგელოზებმა ამიყვანეს ხელში და გამიყვანეს პირდაპირ საავადმყოფოს კედლიდან..." ("ბევრისთვის დაუჯერებელი..."); წმიდა სალვიაც "ორმა ანგელოზმა აღიპყრა ხელთ" და სხვა მრავალი მსგავსი მაგალითის მოყვანაც შეიძლება.
ამიტომ არ შეიძლება მტკიცება, რომ ეს "მანათობელი არსება" თანამედროვე შემთხვევებიდან, რომელსაც არ აქვს გარეგნული ფორმა, რომელიც არსად არ მიაცილებს სულს, რომელიც საუბრობს მასთან და რომელიც განვლილი ცხოვრების "დაბრუნებულ კადრებს" უჩვენებს მომაკვდავს – საიქიო ცხოვრებაში თანმხლები ანგელოზია. ანგელოზად წარმოჩენილი ყოველი არსება, სინამდვილეში ანგელოზი არ არის, "რამეთუ თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა" (II კორ. 11,14). ამიტომ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, არსებები, რომლებსაც ანგელოზის გარეგნობაც კი არ აქვთ – ანგელოზები არ არიან. ამდენად, თანამედროვე "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებებში ანგელოზებთან შეხვედრა, როგორც ჩანს, ყოველთვის საეჭვოა, რის განმარტებასაც ქვემოთ შევეცდებით.
***
სიკვდილის მომენტში, მსგავსი ხილვების შესახებ, მართლმადიდებელ წმინდანთა ცხოვრებებში, მრავალი ამბავია მოთხრობილი, რომლის მიზანიც, ჩვეულებრივ, ისაა, რომ მომაკვდავი შეშინდეს და საკუთარ ცხოვრებაზე იზრუნოს.
წმინდა გრიგოლი თავის "საუბრებში" გვიამბობს, მაგალითად, ერთ მდიდარზე, რომელიც მრავალი ვნების მონა იყო. მან "სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, თავის წინაშე მდგომი საძაგელი სულები დაინახა, რომლებიც რისხვით ემუქრებოდნენ ჯოჯოხეთის სიღრმეში ჩაყვანით... მთელი ოჯახი გარს ეხვია ტირილითა და გოდებით. მართალია, ისინი ვერ ხედავდნენ იქ მყოფ ბოროტ სულებს და მათ საშინელ შემოტევებს, მაგრამ მათ შეეძლოთ ეთქვათ ავადმყოფის საკუთარი განაცხადით – მისი ფერდაკარგული სახიდან და აკანკალებული სხეულიდან, რომ იქ ბოროტი სულები იმყოფებოდნენ. ამ საშინელი სანახაობისგან სასიკვდილოდ ზარგანხდილი ავადმყოფი ლოგინში წრიალებდა და ქანცგაწყვეტილმა და სასოწარკვეთილმა დაიყვირა: "დილამდე მადროვეთ, გათენებამდე მაინც მოიცადეთ!" – აქ შეწყდა მისი სიცოცხლე" (IV, 40).
წმინდა გრიგოლი სხვა მსგავს შემთხვევებსაც გვიამბობს, ასევე ბედა თავის წიგნში – "ინგლისის ეკლესიისა და ერის ისტორია" (წგ. V, თავ. 13,15). მსგავსი შემთხვევები XIX საუკუნის ამერიკაშიც კი არ წარმოადგენდა იშვიათობას: ახლახან დასტამბული ანთოლოგია XIX საუკუნის მოუნანიებელ ცოდვილთა სიკვდილის ჟამის ხილვებს შეიცავს, რომლებიც ამგვარადაა დასათაურებული: "ამომიყვანეთ ცეცხლიდან!", "მიხსენით, შეპყრობილი ვარ!", "მე ჯოჯოხეთში მივდივარ!" და "ეშმაკი მოდის, ჩემი სულის ჯოჯოხეთში წასაყვანად" ("მარადისობის ხმები", ნიუ-იორკი, 1973 წ.).
ეშმაკები თვითონ სთავაზობენ განსაცდელ ადამიანს იმგვარ საცდურებს, როგორიც მათ სულიერ ცნობიერებასა და მოლოდინს შეეფერება. ეშმაკები საზარელი სახით შეიძლება მოევლინონ მათ, ვისაც ჯოჯოხეთის შიში აქვთ, რათა ეს ადამიანები სასოწარკვეთაში გარდაიცვალონ! ვისაც ჯოჯოხეთის არსებობის არ სჯერა (ან პროტესტანტებს, რომლებსაც სწამთ, რომ მათი ხსნა "საიმედოა" და ამის გამო ჯოჯოხეთის არ ეშინიათ) ბუნებრივია, რომ ეშმაკები მათ სხვა საცდურს სთავაზობენ და ასე ცხადად არ ააშკარავებენ თავიანთ ბოროტ ზრახვებს. უკვე საკმარისად ტანჯულ ქრისტიან მოღვაწეს კი ეშმაკი უკვე საცდუნებლად მოევლინება და არა – შესაშინებლად.
ამის კარგი მაგალითია სიკვდილის ჟამს წმინდა მოწამე მავრას გამოცდა ეშმაკებისგან. როდესაც წმინდა მავრა და მისი ქმარი, წმინდა ტიმოთე, ჯვარზე იყვნენ გაკრულნი ათი დღის განმავლობაში, ეშმაკი განსცდიდა წმინდა მავრას. ამ წმინდანთა ცხოვრებაში მოთხრობილია, თუ როგორ უამბობდა ჯვარზე გაკრული წმინდა მავრა მასთან ერთად ჯვარცმულ მოწამე ტიმოთეს თავის განსაცდელზე:
"მხნედ იყავ, ძმაო, და განაგდე ძილი; იღვიძებდე და გულისხმაჰყავი, თუ რა ვიხილე: სულიერი აღტაცების მდგომარეობაში ვიყავი და მეჩვენა, რომ ჩემს წინ ადამიანი იდგა და ხელთ ეპყრა რძითა და თაფლით სავსე სასმისი. მან მითხრა: – აიღე და შესვი ეს სასმისი; მაგრამ მე ვკითხე: – ვინა ხარ? მიპასუხა: – უფლის ანგელოზი. მაშინ მივუგე: – ვილოცოთ უფლისა მიმართ. მითხრა: შენთან იმისთვის მოვედი, რომ წამება შეგიმსუბუქო. ვხედავდი, რომ ძალიან გშიოდა და გწყუროდა, რადგან აქამდე ლუკმა არ მიგიღია. კვლავ ვკითხე: – ვინ აღგძრა შენ ჩემს მოწყალებად? და რა შენი საქმეა ჩემი მოთმინება და მარხვა? განა არ იცი, რომ ღმერთს ადამიანისთვის შეუძლებლის აღსრულებაც შეუძლია? ლოცვა აღვავლინე და დავინახე, რომ იმ ადამიანს პირი დასავლეთით მიექცია. ამით მივხვდი, რომ ეს იყო სატანის ხიბლი და ჯვარზე ჩვენი ცდუნება უნდოდა. მერე უეცრად ის ჩვენება გაქრა. შემდეგ სხვა ადამიანი მოვიდა და მომეჩვენა, რომ რძისა და თაფლის მდინარესთან მიმიყვანა და მითხრა: – შესვი. მაგრამ მე ვუპასუხე: – აკი გითხარი, რომ არც წყალს და არც სხვა რამ მიწიერ სასმელს არ მივიღებ, სანამ უფალ იესო ქრისტესთვის სიკვდილის სასმისს არ შევსვამ, რომელსაც იგი თავად განმიზავებს ცხონებითა და მარადიული ცხოვრების უკვდავებით. ამას რომ ვეუბნებოდი, ის მდინარიდან სვამდა და უცებ გაქრა ისიც და მასთან ერთად მდინარეც" ("ცხოვრება წმიდა მოწამე ტიმოთესი და მავრასი". 3 მაისი). წმიდა მოწამე მავრას მესამე გამოცხადებაზე, როდესაც მას ნამდვილად ანგელოზი გამოეცხადა, ქვემოთ ვისაუბრებთ, მაგრამ აქედანაც უკვე ცხადია, თუ რაგვარი სიფრთხილე მართებს ქრისტიანს სიკვდილის ჟამს მოვლენილი "გამოცხადებებისადმი".
დოქტორები ოსისი და ჰარალდსონი, რომლებსაც "მედიუმებთან ურთიერთობის უშუალო გამოცდილება ჰქონდათ", მომაკვდავისა და სპირიტიზმის გამოცდილებებს შორის ზოგიერთ მსგავსებას აღნიშნავდნენ, მაგრამ ისინი ხაზს უსვამენ მნიშვნელოვან "თვალშისაცემ სხვაობასაც": "მიწიერის მსგავსი ცხოვრების გაგრძელების ნაცვლად (რომელსაც მედიუმები აღწერენ), სიკვდილგანცდილნი არსებობის და მოქმედების სრულიად ახალი ტიპის გარემოში ხვდებიან" ("სიკვდილის ჟამს" გვ. 200). სინამდვილეში, "სიკვდილშემდგომი" გამოცდილების სამყარო ჩვეულებრივი მედიუმიზმისა და სპირიტიზმის სამყაროსგან მთლად არ განსხვავდება; და მაინც, ეს ის სამყაროა, სადაც ეშმაკთა საცდურებია და სადაც არა მარტო შესაძლებელია ეს საცდურები, არამედ აუცილებლად უნდა ველოდეთ მათ – განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც მოწმე ვხდებით სულ უფრო ახალ-ახალი სულიერი საცდურებისა და ვხედავთ თვით "სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათ. 24,24). ამიტომ ჩვენ მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს "მანათობელი არსებებისადმი", რომლებიც თითქოსდა სიკვდილის მომენტში ცხადდებიან. ისინი ძალიან გვანან "ნათლის ანგელოზად" წარმომდგარ ეშმაკებს, რომლებსაც არა მარტო თავად მომაკვდავის ცდუნება სურთ, არამედ იმათიც, ვისაც ისინი შემდეგ უამბობენ გადახდენილ ისტორიას, თუკი ამქვეყნად მობრუნდებიან (რომლის შესაძლებლობაც, რა თქმა უნდა, ეშმაკებმა კარგად უწყიან).
საბოლოოდ, ჩვენი მსჯელობა ამ და სხვა "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებაზე მაინც მათგან მომდინარე სწავლებას უნდა ეყრდნობოდეს და სულ ერთია ამას სიკვდილის მომენტში დანახული "სულიერი არსებები" გადმოსცემენ, თუ უბრალოდ ამ მოვლენაში იგულისხმება ან გამომდინარეობს მისგან.
ზოგიერთი იმათგანი, ვინც "მოკვდა" და კვლავ დაბრუნდა, ჩვეულებრივ ისინი, ვინც ძალიან რელიგიური იყო ან შემდეგ გახდა ასეთი, "მანათობელ არსებას" აიგივებენ არა ანგელოზთან, არამედ ქრისტეს უხილავ მყოფობასთან. ამ ადამიანებში ამგვარი გამოცდილება ხშირად სხვა მოვლენას უკავშირდება, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, შესაძლოა ერთი შეხედვით ყველაზე იდუმალად წარმოჩნდება იმ მოვლენათაგან, რომლებიც თანამედროვე სიკვდილშემდგომ გამოცდილებებში გვხვდება – ესაა "ზეცის" ხილვა."
თარგმნა მარიამ ნიაურმა