დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დიდი ხნის წინ, როცა ოჯახი შვილის დაქორწინებას გადაწყვეტდა, ახლობლები სასურველი სარძლოს ძებნით იყვნენ დაკავებული. ძველად სასიძოს საცოლეს ძირითადად დედა ან რძალი ურჩევდა. ცალკეულ კუთხეში კი (განსაკუთრებით მთიანეთში) სარძლოდ ქალს ძირითადად მამაკაცი (ვაჟის მამა, ძმა) ირჩევდა, რომელიც რელიგიურ დღეობაზე თუ ხელსაყრელ შემთხვევაში შეათვალიერებდა სარძლოს. ზოგჯერ თავად დასაქორწინებელი ვაჟი ქორწილსა თუ რომელიმე დღეობაზე შეარჩევდა საცოლეს და მერე ახლობლის პირით მშობლებს შეატყობინებდა თავის განზრახვას. ქალის ავკარგიანობის გაკითხვის შემდეგ, თუ ვაჟის მშობლები რაიმე მიზეზით სარძლოს დაიწუნებდნენ, ვაჟი ვერ შეეწინააღმდეგებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც ქალის, ისე ვაჟის ჯიშ-ჯილაგიანობას. ამით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ვაჟის ოჯახი, რადგან მას კარგი ჯიშ-ჯილაგის ქალის რძლობა ჯანსაღი თაობისა და სახელისთვის სჭირდებოდა.
ქალის გაკითხვის დროს უპირველესად კითხულობდნენ მის დედას, შემდეგ სარძლოს თვისებებს აკვირდებოდნენ. ეს ფარულად ხდებოდა ნათესავ-ახლობლის ოჯახში, სადაც რაიმე მიზნით (მატყლის ჩეჩვა, ძაფის დართვა და ა.შ.) თავშეყრილი იყო უბნის ქალ-რძალი. ვაჟის ოჯახის წარმომადგენელი, რომლის მოსვლის მიზეზი ხშირად მხოლოდ მასპინძელმა იცოდა, აკვირდებოდა შერჩეული ქალის ხელსაქმიანობას, თავდაჭერილობასა და სიტყვა - პასუხს. ქალის დადებით თვისებად ითვლებოდა სადილ-ვახშმის მომზადების ცოდნა, ფარდაგებისა და შალის ქსოვა. დაუფარავად ხდებოდა ქალის გასინჯვა თბილისის აბანოებში, რომელიც გასულ საუკუნეში ქალთა თავშეყრის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი იყო...
თუ ქალის ოჯახს სასიძო გარეგნულად არ მოეწონებოდა, სტუმრებს სუფრასთან არ მიიწვევდა. თუ მიიწვევდა, ისე უგულოდ, რომ ვაჟის მხარე ხვდებოდა, საქმე არასასიკეთოდ დამთავრდებოდა და თავად ამბობდა პურმარილის მიღებაზე უარს.
აკრძალული ქორწინება
ქორწინების ამკრძალავ ფაქტორთა შორის ოდითგანვე ერთ-ერთი პირველი ნათესაობა იყო. საქართველოს მოსახლეობაში სისხლით ნათესავთა (პირდაპირი თუ გვერდითი ხაზით) დაქორწინება შვიდი თაობის მანძილზე დაუშვებელი იყო. ნათესავთა დაქორწინებაზე ზნეობრივ-ფსიქოლოგიურად და ეთიკურად იმდენად მიუღებელი ყოფილა, რომ ამ აკრძალვის თუნდაც უნებლიე დამრღვევი თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს.
თუმცა, მიუხედავად მკაცრი აკრძალვებისა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება ცალკეული გვარები, რომელთა შიგნით ქალ-ვაჟის დაქორწინება ნებადართული იყო (ასეთ გვარებს „გატეხილ გვარებს“ უწოდებდნენ). წერილობითი მონაცემებით, ქართველ დიდგვაროვანთა წრეში, განსაკუთრებით კი სამეფო საგვარეულოში, სისხლით ნათესავი ქალ-ვაჟის დაქორწინება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ნათელმირონობით დანათესავებულთა შორის ქორწინება არ შეიძლებოდა. „მირონის გაცვლა - შებრუნება“ ყოვლად დაუშვებელი იყო.
ქალ-ვაჟის ქორწინების ამკრძალავი ფაქტორი იყო სოციალური მდგომარეობაც. თავადი არათუ გლეხთან, არამედ აზნაურთანაც კი ერიდებოდა დამოყვრება-დამძახლებას. ასევე იქცეოდა აზნაური გლეხის მიმართ. თუ ქალიშვილი მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ჩუმად გაყვებოდა მასზე წოდებრივად დაბლა მდგომ ვაჟს, მამის ოჯახი სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივი დროით მაინც მოიკვეთდა მას.
ქალ-ვაჟის დაქორწინების ამკრძალავ ფაქტორს წარმოადგენდა ასევე რელიგიის სხვადასხვაობაც. ასევე მიუღებელი იყო (განსაკუთრებით მთაში) არათუ უბნის, არამედ ერთი სოფლის ქალ-ვაჟის დაქორწინება. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (მთიულეთ-გუდამაყარი, ხევსურეთი) სოფელი არ იძლეოდა ნებართვას თანასოფლელი ქალ-ვაჟის დაქორწინებაზე. ფშავში სამოსახლო ერთეულისა და სალოცავის მიხედვით გამოყოფილი ჯგუფის შიგნით სასტიკად იკრძალებოდა ქორწინება. იქ თორმეტი გვარი თორმეტ თემად იყო დანაწილებული და თითოეული „ძმათაშვილებად“ იწოდებოდა.
მიუხედავად ამისა, გადახვევებს მაინც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, უკანა ფშაველს ნება ჰქონდა, თავისი თემის წევრის ქვრივთან ქორწინებისა.
პირველი ღამე
ახლანდელ დროში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძველად ქორწილის პირველ სამ ღამეს ნეფე-დედოფალს ერთად დაძინება არ შეეძლოთ. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) არსებობდა რწმენა, რომ ამ სამ ღამეს ნეფეს „ვაზირისთვის“ (უცნობია ვინაობა) უნდა ეცა პატივი და ცოლის გვერდით არ უნდა დაეძინა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, დედოფალს როგორც პირველი, ისე მეორე ღამე ნათლიასთან ერთად უნდა დაეძინა...
რატომ ეცვა თუშ ქალს შავი საქორწინო კაბა
უბიწოების ნიშანი იყო ფატა(მანდილი), რომელიც აუცილებლად თეთრი უნდა ყოფილიყო, თუმცა თუშეთში პატარძალს შავი სამოსით მოსავდნენ. ასაკოვანი თუშების მონათხრობით, მათ მხარეში ქალს გათხოვებამდე იმდენი განსაცდელი ჰქონდა გადატანილი, რომ მისთვის ქორწილი და ტირილი ერთი და იგივე იყო...
ხანგრძლივი იყო ნიშნობიდან ქორწილამდე პერიოდი. როცა ქალი დაინიშნებოდა, საკუთარი მზითვების მომზადებას იწყებდა. იქსოვდა ხურჯინს, ხალიჩებს, სამოსელს. ამის გარდა, ქმრის ოჯახის ყველა წევრი მამაკაცისთვის და ქალისთვის უნდა მოექსოვა წინდები.
ჯავახეთსა და სამხრეთ საქართველოში, პატარძალს პირველ რიგში კერას შემოატარებდნენ, იქვე იდგა მაწონი და ერბო. პატარძალს მაწონში უნდა ჩაეყო ნეკი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ რძალი შვილიერებით შევიდოდა ოჯახში.
ტრადიციები რომლის მნიშვნელობაც დღეს ბევრმა არ იცის
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნეფე-პატარძლის ხანჯლების ქვეშ გატარებით, მაყარი ეშმაკებს უფრთხოდა ახალდაქორწინებულებს. ჯვარდაწერილი წყვილს, როდესაც ოჯახში შესვლის დროს თეფშს ატეხინებდნენ, ესეც ეშმაკის მიწასთან გასწორებას ნიშნავდა. ოჯახში შესვლის დროს, ოჯახის დიასახლისი, როგორც რძალს, ისევე თავის ვაჟს ტკბილს იმიტომ აძლევდა, რომ სიტკბოება შეეტანათ ოჯახში. როგორც ხანჯლების ქვეშ გატარება, თეფშის გატეხვა და ასევე ტკბილის მირთმევის ტრადიცია, დღემდეა შემორჩენილი.