"რამდენიმე დღეში, მზე იბადება..." - რა უნდა ვიცოდეთ ოსტარას შესახებ

ოსტარა

ოსტარა განთიადის, ნაყოფიერების, სასიცოცხლო ენერგიის, სიხარულის, განახლებისა და გაზაფხულის ქალღმერთია. ის არის საწყისი, პირველი იმპულსი ცეცხლისა, მიძინების შემდეგ გამოღვიძებისა და განახლების სიმბოლო - წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.
მისივე ინფორმაციით, ოსტარას ბუნება დუალისტურია, ერთის მხრივ ის გამოხატავს ქალურ საწყისს, ბუნების ძალის სიმბოლიზაციაა, სიცოცხლის მცველია, ჩართულია ყველა პროცესში, სადაც ზრდა და პროგრესია, მეორეს მხრივ კი - ის გვევლინება მებრძოლის სახით, რომელიც სპობს ყველაფერს ხელოვნურსა და უსიცოცხლოს. ორივე მისი გამოვლინება ემსახურება სიცოცხლის გაგრძელების იდეას.
 "ოსტარა ძველისძველი ტევტონური და საქსონიური ხალხების საკრალურ ისტორიაშია ცნობილი. მისი ძირითადი სიმბოლოა კურდღელი. კურდღელი ხშირად წარმოდგენილია, როგორც ნაყოფიერების, აღდგომისა და გარდასახვის წმინდა სიმბოლო.
  საგულისხმოა, რომ სახელი ოსტარა შენარჩუნებულია ქრისტიანულ ისტორიაში აღდგომის სახელით (Easter - ინგ. აღდგომა). ლეგენდებში მოთხრობილია ოსტარას შესახებ, რომლის მიწაზე ფეხის შეხებით გაზაფხულზე პირველი ყვავილები ჩნდებიან, მის ფეხქვეშ მიწა იღვიძებს, ნელ-ნელა აბიბინდება მწვანე ბალახი და მთელი ბუნება ივსება ახალი ენერგიით, მთელი ბუნება ემორჩილება სამყაროს მისტერიას, ეს არის განახლება!
 ამ გაზაფხულის დღესასწაულზე, ქალღმერთს ყოველთვის ახლავს თავის საყვარელი ცხოველი კურდღელი და ასევე ფრინველები.
ალბათ გინახავთ სააღდგომო დეკორაციები, დამშვენებული კურდღლებითა და კვერცხებით, ეს სიმბოლიზმი მოდის ძველი გერმანული ხალხების ისტორიიდან. ერთ-ერთ ლეგენდაში გაზაფხულის ქალღმერთმა ფეხმოტეხილი ჩიტი იპოვა მინდორში და გადარჩენის მიზნით, ის კურდღლად აქცია. თუმცა მისი მაგია გამოარჩევდა ამ კურდღლად ქცეულ ჩიტს იმით, რომ მას შეეძლო ძველებურად კვერცხების დადება. მას შემდეგ, ყოველი გაზაფხულის პირველ დღეს კურდღელი მადლიერების ნიშნად ჩუქნის ოსტარას თავის კვერცხს.
 გაზაფხულის დღეღამტოლობა არის სიცოცხლის, განახლების დღე, რომელიც აღინიშნება ვერძის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსში გადასვლისას. სწორედ ამ ახალ წელს მოგილოცავთ წელს 20 მარტს. მზის ღვთაება ჰელიოსი (სიმბოლურად ვერძი) თავის ცეცხლოვანი ეტლით სწორედ ამ დროს შემოქანდება ცის კაბადონზე. როგორც ხედავთ არა მხოლოდ ქალურ საწყისსა და ენერგიებს, არამედ მამაკაცურ საწყისსაც მოიცავს გაზაფხულის მისტერია, ყველაფერი ხომ ერთი მთლიანობაა.
Omnia ab uno in umum omnia  
 წარმართული დღესასწაულები, გვინდა ეს, თუ არა, პირდაპირ კავშირშია ქრისტიანულ დღესასწაულებთან.
ზამთრის ბუნიობა ხომ გახსოვთ? (იოლი) ასტრონომიული ახალი წელი დგება 21-22 დეკემბერს როგორც წესი, ეს არის დასასრულის წერტილი და შემდეგ, რამდენიმე დღეში, მზე იბადება, როგორც ყრმა (შობის დღე).
აი გაზაფხულის ბუნიობისას, კი მზე-ყრმა უკვე გაზრდილია, ის გვევლინება, დამოუკიდებელ, ენერგიულ, ძლიერ, "მებრძოლ ახალგაზრდად" (სიცოცხლისთვის მებრძოლი).
ეს არის მზის ძალა, სიცოცხლის ძალა, რომელიც დღიდან დღემდე ძლიერდება, რომელსაც არ უწერია სამუდამო სიკვდილი, ის მხოლოდ გარდა-იცვლება და აღდგომის შემდეგ, ამ მშვენიერ სამყაროს გადაასხვაფერებს წლიდან წლამდე... საუკუნიდან -საუკუნემდე... ამ სამყაროს არ უწერია გადაშენება!
"სამეფო მისი საუკუნო სამეფოა და უფლობა მისი- თაობიდან თაობებზე." (დანიელი. თავი 4:34)
ქრისტიანული, მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას წელს, 2024 წელს 5 მაისს აღნიშნავს," - წერს ქეთი ოდიშელი.