"მოერიდეთ ალკოჰოლსა და სხვადასხვა პრეპარატებს..." - ასტროლოგის რჩევა, რას ნიშნავს რეტროგრადული მერკური და როგორ მოვიქცეთ

ასტროლოგია

დღევანდელი მთვარის დაბნელება კურო-მორიელის ღერძზე ხდება. მერკური რეტროგრადულია

ამ პერიოდის პროცესები ყველაზე გამოხატული იქნება მორიელებისთვის, კუროებისთვის, შემდეგ კი ლომებისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. 

მაისის დასაწყისი ზოგადად ყველაზე რთულია მთელი თვის განმავლობაში, სავსემთვარეობა კი უფრო მეტად საგრძნობი იქნება ამ კუთხით, რადგან როგორც წესი ამ დროს მატულობს ადამიანებში შფოთი, გაღიზიანება, ასევე მწვავდება ხოლმე ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ამ საკითხებს.

მიიღეთ საპროფილაქტიკოდ დამამშვიდებელი ჩაი, მიმართეთ არომათერაპიას. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სხვადასხვა პრეპარატების მიღებას.

მთვარის ეს ფაზა როგორც წესი შედეგების დადების პერიოდს უკავშირდება, ამიტომ, თითოეული ნიშნისთვის აქტუალური იქნება გარკვეული საკითხების შეჯერების, დასრულების კუთხით.

მიუხედავად მარსიანული ენერგიებისა, რომელიც აქტუალურია ამ პერიოდში, ცაზე მდგომარეობა მეტნაკლებად მაინც მშვიდია. მნიშვნელოვანი საკითხები შესაძლოა უკავშირდებოდეს კომუნიკაციების თემას, არაპროგნოზირებადობას, ბრძოლას, კონკურენციას. ეცადეთ, იყოთ გეგმიური, მაგრამ ამავე დროს ნებისმიერი საკითხი განსხვავებულად გადაწყვიტოთ.

პირად-სასიყვარულო თემებში არის ილუზიებისა და მოტყუების ალბათობა, ამიტომ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ურთიერთობების გარკვევის კუთხით პერიოდი ხელსაყრელია დაახლოებით შუა თვის შემდეგ.

კარგი დროა, ძველი პროცესებისა და სიტუაციების გადასახალისებლად, დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით, წერეთ, ხატეთ, შექმენით რაღაც ახალი და ფერადი.

რაც შეეხება მერკურის რეტროგრადობას, ის შესაძლოა, აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე რომელიც, კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამ პერიოდში მარტივი საკითხებიც კი რთულდება, ამიტომ ეს სამი კვირა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

რეტროგრადული მერკურის დროს გაითვალისწინეთ!

მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.

ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).

თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის!

მარკეტინგთან, პიართან, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია.

გონებას უჭირს ამ პერიოდში ინფორმაციის ათვისება, ამიტომ არ გირჩევთ სასწავლო საკითხების ამ დროს წამოწყებას, მაგრამ ეფექტურია უკვე მიღებული ინფორმაციების განახლება, გადახედვა.

გადაამოწმეთ და მწყობრში მოიყვანეთ საბუთები, ხელშეკრულებები, ბანკთან დაკავშირებული ოპერაციები.

განაახლეთ ძველი საქმიანობა, პროექტები, რომელიც გარკვეული მიზნით გადადებული ან სულაც მივიწყებულიც გქონდათ.

არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში მგზავრობა.

ეს პერიოდი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც დაბადების მომენტში მერკური რეტროგრადული აქვს.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.