ბათუმის საჯარო სკოლაში სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად აფხაზეთის ე.წ დროშა იყო განთავსებული - სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სკოლაა

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო​ თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა.

„სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტარულად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას“, - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ბათუმის N-7ე საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კუთხეში ერთ-ერთმა მოსწავლემ პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა ჩამოხია რის გამოც დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი დაატოვებინა, გარდა ამისა სკოლის შესასვლელში სხვა ქვეყნების სახელმწიფო დროშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა იყო განთავსებული როგორც სხვა სახელმწიფოს დროშა.

სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია, რაც შეეხება აფხაზეთის დროშას მათი განმარტებით სკოლამ ერთ-ერთ სტამბას დაუკვეთა დროშების სტენდის დაბეჭდვა და სავარაუდოდ აფხაზეთის დროშა შეცდომით აღმოჩნდა სხვა ქვეყნების დროშებთან.

ფაქტთან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, მინისტრ მაია ხაჯიშვილის განცხადებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა როს გამოც სკოლის დირექტორთან სამინისტრომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.