საქართველოში უახლოეს პერიოდში სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შევხვდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეისთან შეხვედრის შემდეგ.

„ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ მისიაზე, რომელიც საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი საკითხების შესახებ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის, იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელოდება საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში.