რა ღირს ბილეთები თბილისი-ლონდონის რეისზე - დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.

„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ. 

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.