გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტერმინალი შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების კოოპერაციის მაგალითია, რადგან ამ პროექტში მათი კონტრიბუციაა როგორც მშენებლობის ნაწილში, ისე ინვესტიციის და შემდგომში ოპერირების კუთხით.
„მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა სასიხარულოა, რადგან ფოთის სატრანსპორტო კომპლექსში წლებია, არ განხორციელებულა ამ მოცულობის ინვესტიცია და არ გაშვებულა ასეთი თანამედროვე ტერმინალი. ტრანსპორტის სექტორის მუშაკები, რომლებიც გათვითცნობიერებული არიან შუა დერეფნის გადაზიდვების სტრუქტურაში, შეამჩნევდნენ, რომ ტერმინალი სრულად არის ადაპტირებული ბლოკ-მატარებლებზე. სწორედ მათი ხარისხიანი მომსახურებით მიიღწევა ის შედეგი, რომელიც შუა დერეფანს მეტად კონკურენტუნარიან მარშრუტად აქცევს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი სს „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ აშშ დოლარია. ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება. ამასთან, როგორც „ფოთის ტრანსტერმინალში“ აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ტერმინალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადაზიდვებს. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონალური დანიშნულებით საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადამუშავება.
ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს რკინიგზისა და წყლის ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კასიმ ტლეპოვმა, ასევე ჩინეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.