ეროვნული ბანკი - ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 652 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის 292 მილიონი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 944.67 მილიონი ლარით, ანუ 1.39%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.75% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 652.59 მლნ ლარით, ანუ 1.65%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 292.08 მლნ ლარით, ანუ 1.02%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.05%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 19.35 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იგივე მაჩვენებელს 1.40%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 444.53 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსათვის 35.97 მილიარდილარი შეადგინა.

2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.18% შეადგინა.წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.151 პროცენტული პუნქტით.