ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მკაცრი პოზიცია ხანგრძლივად შეინარჩუნოს ან საჭიროების შემთხვევაში გაამკაცროს კიდეც

 თამთა სოფრომაძე

„ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. მონეტარული პოლიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს და შეინარჩუნებს ფასების სტაბილურობას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის მაკროენოკომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძემ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდა.

როგორც თამთა სოფრომაძემ აღნიშნა, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება, რაც მისი შეფასებით, შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობს. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის დაბალი დონე კი ყველაზე კარგად ასახავს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების გავლენას.

„ნოემბერში ინფლაციური მოლოდინები კლებადია, გარემო დაბალინფლაციურია. ეროვნული ბანკის მოლოდინით და შეფასებით ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი, საშუალოდ 1,2% შენარჩუნდება. საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან დასტაბილურდება", - აღნიშნა სებ-ის მაკროენოკომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

თამთა სოფრომაძემ ყურადღება გაამახვილა ინფლაციურ რისკებზე, რაც როგორც შიდა ასევე საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე გაზრდილი გაურკვევლობა და საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის და ტრანსპორტირების ფასების მატება, მისი შეფასებით ქვეყნის სუვერენული რისკის პრემიის ზრდის საფრთხეს ქმნის, რაც ინფლაციური რისკების წინაპირობაა.

„თუ ინფლაციური რისკები არ რეალიზდება ან მათი სიმწვავე შემსუბუქდება ეროვნული ბანკი განაკვეთის ნეიტრალურ 7%-მდე შემცირებას ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. თუმცა, თუ ინფლაციური რისკი რეალიზდა ან გამწვავდა ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მკაცრი პოზიცია ხანგრძლივად შეინარჩუნოს ან საჭიროების შემთხვევაში გაამკაცროს კიდეც“, - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს გაიმართება.