1743537968
ეკონომიკური მაჩვენებლები ვიდრე არ მივა იმ ნიშნულზე, რომ ჩინეთი მართლა საინტერესო გახდეს, რაიმე ფინანსურ ინსტიტუციებს შორის კავშირზე ლაპარაკი შეუძლებელია - თამაზ დათუნაშვილი

ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტი, თბილისში დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. სებ-ის დელეგაციამ, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
საკითხზე შეფასებები ოპოზიციაში გაკეთდა, სადაც აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის იმ ნიშნულზე, რომ ფინანსურ ინსტიტუციებს შორის მსგავს კავშირზე, სერიოზულად საუბარი შეიძლებოდეს:
"2018 წლიდან წლევანდელ წლამდე, სტატისტიკა არ შეცვლილა. ჩინეთი, ექსპორტის თვალსაზრისით, 5%-ს ვერ სცდება საქართველოდან გატანილი ექსპორტით. რეალური ეკონომიკური მაჩვენებლები სანამ არ მივა იმ ნიშნულზე, რომ ჩინეთი მართლა საინტერესო გახდეს და მათთან ვაჭრობა იყოს იმ ნიშნულზე, რომ ეს საინტერესო იყოს, მანამდე სერიოზულად ლაპარაკი რაიმე ფინანსურ ინსტიტუციებს შორის კავშირზე, შეუძლებელია,"- აცხადებს "ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თამაზ დათუნაშვილი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას შეხვდა. ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკების ვიცე პრეზიდენტებთან და დირექტორებთან.