სამწუხაროდ ომი იქნება - გიგა მაქარაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

giga maqarashvili

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და პარალელს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან ავლებს.

მისი თქმით, უკრაინაში ომი იქნება და მათ მხარდაჭერას უცხადებს.

„გახსოვთ 2008 წელს მოხუცები, ბავშვები და ქალები რომ ჩასვეს ავტობუსებში და ცხინვალიდან ღრუსეთში გახიზნეს? 2 დღეში ომი დაიწყო. ზუუუსტად იგივე ხდება უკრაინაში! სამწუხაროდ ომი იქნება, გამაგრდით ძმებო “, - წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

17 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.

ამავე დროს, კრემლი უკრაინას დონბასში "პროვოკაციების გაძლიერებაში" ადანაშაულებს.

დღეს, 18 თებერვლის დილიდან კი უკრაინის სამხედრო სამსახურებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 6 შემთხვევა დააფიქსირეს. მათგან 4 მოიცავდა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღების გამოყენებას.

რუსული საოკუპაციო ძალებმა 5 პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის ინფორმაციით შემთხვევებს ადამიანური დანაკარგი არ მოჰყოლია.