1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მებაღე, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საინტერესო ამბებს როგორც საკუთარი საქმიანობიდან, ისე ცხოვრებიდან. ცოტა ხნის წინ ის მეგობრებსა და გამომწერებს ბებიის, ესმას შესახებ მოუყვა. ესმას ფიგურა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ზურას ცხოვრებაში, რომ მან ქალიშვილს სწორედ ბებიის სახელი დაარქვა:
„ესმა ბებია ასკანელი თალაკვაძის ქალი იყო, ლადიმე ბაბუასთან ერთად წულაძეების ოჯახში, ბახვში 80 წელი იცხოვრა. ერთი ქალი, ქეთო და 4 ვაჟი, შალვა, შოთა, შაქრო და გაბილა გაზარდა. შაქრო და გაბილა ტყუპები იყვნენ. ახოვანი და კარგი შესახედები, ლაღები ყოფილან, მხიარულები და უსაშველოდ შრომისმოყვარე, დიდი ოჯახი ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ძალიან მალე, ისე, როგორც თითქმის ყველა ოჯახში მოსულა წერილი, ორ უფროს ვაჟს, შალვას და შოთას ომში იწვევდნენ. მშვიდად შეხვედრია ბებია ამ ამბავს.
ვახშამზე, შუაცეცხლთან ტყუპ ძმებს უთქვამთ, როგორ დავრჩებით შინ, როცა ჩვენი ორი ძმა ომში წავა, ჩვენც წავალთ და მათთან ერთად ვიომებთო. არ შეეწინააღმდეგა შვილებს მამა და ჰყვებიან, რომ ესმა ბებიამ მოუწონაო კიდეც გადაწყვეტილება ბიჭებს. ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან გააცილეს ბახვიდან ბევრი ახალგაზრდა და ესმამ და ლადიმემ 4 ვაჟიშვილი ერთად ომში. ესმას კურცხალი არ გვინახავსო, ამასაც ჰყვებიან, იდგა გამეხებული და გულში ლოცულობდაო, თავისთვის…
სადგურიდან სოფელში ფეხით დაბრუნებულა ლამის მთელი სოფელი. დუაბზუში ესმა თანასოფლელებს გამოეყო და ასე ისურვა, ბჟუჯის რიყეს გაუყვა თურმე მარტო. რიყეზე უპოვია ნახვრეტიანი კარგად მოზრდილი ქვა, ცახოცისთვის ნაპირი ჩამოუხევია და გულზე დაუკიდებია.
ზუსტად ეს ამბავი არავინ იცოდა, ქვას საგულდაგულოდ მალავდა თავსაფრებისა და ხილაბანდების ქვეშ. ის კი ყველამ იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს ლეიბი დაბლა ჩამოუგდია და ექვს წელიწადზე მეტი კაბაგაუხდელს ძელის ტახტზე ფარდაგზე ეძინა.
ომში წასული ბიჭების უმრავლესობა ქერჩში დაიხოცა, არ დარჩა ბახვში ოჯახი, რომელიც არ გლოვობდა. დაობლდნენ შვილები, დაქვრივდნენ ქალები, კვირაში ორჯერ, სამჯერ შეიცხადებდნენ თურმე ხან რომელ და ხან რომელ მეზობელს, მოყვარეს, ნათესავს.
ჩვენი სოფლიდან წასული 128 ჯარისკაცი არ დაბრუნებულა შინ. ესმა ბებიამ ყველა იგლოვა, ყველაზე შავი ატარა, ყველა შეიცხადა და საკურთხი უკეთა. თვითონ კი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მისი ოთხივე შვილი დაბრუნდებოდა. ვერავინ ვერ უბედავდა შეკითხვას, ცხოვრობდა, შრომობდა, ელოდა...
გათავდა ომი, დაბრუნდა შალვა, დაბრუნდა ტყუპისცალი გაბილა, დაბრუნდა შოთა, არ ჩანდა შაქრო... ესმა ბებიამ ზუსტად იცოდა, რომ ისიც დაბრუნდებოდა. ომის დაწყებიდან ექვსი წლის თავზე, ტყვედ ნამყოფი, ნატანჯი, მაგრამ უვნებელი დაბრუნდა ისიც. მთელი სოფელი მიყოლია შინ. შაქრო ბაბუას, ესმას და შაქროს შეხვედრის ამბავს ბევრი ჰყვება დღესაც. ესმას თვალზე მაშინაც არავის დაუნახავს კურცხალი, მიიღო შვილი, ჩაიკრა, შუბლზე აკოცა, წაღმა დაატრიალა, ხელები ცაში აღაპყრო, ღმერთს მადლობა უთხრა, ყველას თანდასწრებით ცახოცი მოიხადა, გულისპირი შეიხსნა, გულიდან გაპრიალებული, ტარებისაგან კიდეებდაბლაგვებული ქვა მოიხსნა და ღობეზე დაკიდა, ვითომდა აქ არაფერიო. მეზობლებს სთხოვა, მომეხმარეთ, მეზობლებო, დღეს ჩემს ოჯახში ლხინია და სუფრა გამაშლევინეთო.
2017 წლამდე ეკიდა ეს ქვა ესმა ბებიას ღობეზე, ვერავინ გაბედა, ამდენი წელი მას შეხებოდა. დიდი ნაგრამი დარჩა ბებიას, ვერავინ გაბედა შვილისთვის მისი სახელის დარქმევა.
2017 წლის11 დეკემბერს ჩემი შვილი დაიბადა. ჩავედი გურიაში, ვამცნე ოჯახს და ნათესავებს ჩემთვის უსაშველოდ სასიხარულო ამბავი და მათგან ვითხოვე უფლება, მისთვის ესმა დამერქმია იმის იმედით, რომ ჩემი ესმა ცოტა მაინც დაემსგავსებოდა დიდ წინაპარს.
ქვა კი თან წამოვიღე, ავწონე, კილოგრამს 50 გრამი აკლია…" - წერდა ზურა შევარდნაძე.