მოზიდული ინვესტიციები და რეკორდულად გაზრდილი დასაქმებულთა რიცხვი - ეკონომიკის სამინისტრო 2023 წელს აჯამებს

გაზრდილი ინვესტიციები

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის ამომწურავი ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას, რომელშიც კონკრეტული მონაცემებითა და შედეგებით დასტურდება ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, რაც ასევე აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებითაც“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს და მიმდინარე წელს აჯამებს.

ცინცაძე განმარტავს, რომ 2021-22 წლებში ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა აენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი. მისივე თქმით, დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა. 

„მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 7 პროცენტი შეადგინა და მოსალოდნელია, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7%-ის ფარგლებში იქნება.

2023 წელი საქართველოსთვის იყო ეკონომიკის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესების წელი. 
როგორც წინა წლის, ასევე მიმდინარე წლის ტენდენციებით საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართე რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო შოკების მიმართ მდგრადობაზე მიანიშნებს. 

2023 წლის მონაცემებით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქონლის ექსპორტის და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მოცულობა დაფიქსირდება.  11 თვეში ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებელს (5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა), ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა სამ კვარტალში უკვე მიაღწია 2019 წლის წლიურ მაჩვენებელს (2023 წლის სამ კვარტალში 3.3 მილიარდი დოლარი). 

საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, გაუმჯობესდა ფისკალური პარამეტრები, შემცირდა საგარეო მოწყვლადობა და ინფლაცია. 

2023 წლის მდგომარეობით ფისკალური დეფიციტი უკვე ჩამოცდება ფისკალური წესით განსაზღვრულ მშპ-ს 3%-ს და 2.8%-ს გაუტოლდება, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 38.2% იქნება. 

საქართველომ  რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება,  რაც განაპირობა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა და თანმიმდევრულმა  ეკონომიკურმა პოლიტიკამ. აპრილიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. 

2023 წლის მდგომარეობით, 5%-ზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ასევე მისი დაფინანსების ჯანსაღი სტრუქტურა, კერძოდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად ფინანსდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. ამასთან, მიმდინარე ანგარიშის შემოდინებებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებების ექსპორტი, რომელმაც წინა წელს ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში უკვე 430 მლნ. დოლარი შეადგინა“, - ამბობს ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, 2023 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა, ამასთან რეკორდულად გაიზარდა დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობაც.

„წინა წელს უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია 2023 წლის სამივე კვარტალში გაგრძელდა. შედეგად, მოსალოდნელია რომ 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე და ასევე რეკორდული იქნება დასაქმებულთა რაოდენობაც. 

ამასთან, აღვნიშნავ რომ ბოლო წლებში არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არაერთი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე.  სარეიტინგო კომპანიების – „Fitch“, „S&P“, „Moodys“ – შეფასებით საქართველომ შეინარჩუნა რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია. წლის დასაწყისში „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები.

ეფექტიანი რეფორმების და ეკონომიკის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებების შედეგად ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს არაერთ რეპუტაბელურ რეიტინგსა და საერთაშორისო შეფასებებში. 
რაც მთავარია, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში ინვესტიციები, გაჩნდეს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და გავატაროთ ამბიციური ეკონომიკური რეფორმები და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის მარეგულირებელ კანონმდებლობას და სტანდარტებს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში“, - აცხადებს იგი.

  • 2022 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (2012 წელთან შედარებით 135%-ით გაიზარდა)
  • 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა (2012 წელთან შედარებით ეს არის თითქმის 2.6-ჯერ ზრდა)

„2023 წლის ეკონომიკური ზრდის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს საინვესტიციო აქტივობის, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა წარმოადგენს. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ფუნდამენტს რაც ხელს უწყობს და ასევე საშუალოვადიან პერიოდში განაპირობებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან განვითარებას. 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში არაერთი სისტემური და სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა. საქართველომ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის და საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა, ბაზრის ეფექტიანობა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, კონკურენციის ხელშეწყობა, დანაზოგების დონის და პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ეკონომიკურ შესაძლებლობზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა,  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და რაც მთავარია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის მარეგულირებელ ნორმებთან ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

2021 – 22 წლებში საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, რა ტენდენციები იყო ამ მიმართულებით 2023 წელს და როგორია სამინისტროს მოლოდინები 2024-ში?

„როგორც იცით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 – 22 წლებში ორნიშნა იყო. მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 7 პროცენტი შეადგინა. ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები ასევე აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებითაც, რაც საქართველოს მთავრობის თანამიმდევრულ და გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიანიშნებს.

ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მდგრად დონეზე შენარჩუნდება და 5%-ს გადააჭარბებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2023-2028 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის 5.3%-ის ოდენობით.

  • 2003-2012 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად საშუალოდ 950.5 მილიონი დოლარი იყო;
  • 2013-2022 წლებში კი ეს რიცხვი 1.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა (57%-იანი ზრდა).
  • 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.  2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 2-ჯერ და 2.1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

2003-2012 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა,  თითქმის 60%-იანი ზრდაა ბოლო 11 წელიწადში ინვესტიციების საშუალო მოცულობის კუთხით.

საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

გლობალურად გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, როგორ მოახერხა საქართველომ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა?

„საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულმა და სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად განხორციელებამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. 

ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდის პარალელურად გაუმჯობესდა ფისკალური პარამეტრები, შემცირდა საგარეო მოწყვლადობა და ინფლაცია.  

აღვნიშნავ რომ ბოლო წლებში არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არაერთი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე.  სარეიტინგო კომპანიების – „Fitch“, „S&P“, „Moodys“ – შეფასებით საქართველომ შეინარჩუნა რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია. წლის დასაწყისში „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა, ინსტიტუციური სიძლიერე და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე განისაზღვრა; დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი; შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

„როგორც იცით, საქართველოს მეწარმეობის გაძლიერების მიზნით 2014 წელს შეიქმნა სააგენტო და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

დღემდე სააგენტომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. "პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი და შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამით 2015-2023 წლებში დაფინანსებულია  12,521 ბენეფიციარის  9,349  ბიზნესპროექტი. ბენეფიციარების 43%  ქალი მეწარმეა. 2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1,140 პროექტი, მათი 50% ასევე ქალი მეწარმეა. ჯამურად გაცემული გრანტების მოცულობა კი 116 მილიონ ლარამდეა.

უმსხვილესი კომპანიების მოზიდვით ქვეყანაში შეიქმნა ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, ეს შესაძლებელი გახდა ისეთი სექტორების განვითარებით, როგორიცაა ბიზნესპროცესების აუთსორსინგი (bpo/it/gbs/ssc) - ამ ინდუსტრიის განვითარება, ფაქტობრივად სრულად სააგენტოს აქტივობების შედეგად მოხდა და დღეს საქართველო მსოფლიო რუკაზე ამ მიმართულებით ამაყად იკავებს საკუთარ ადგილს.
ბოლო წლებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში ოპერირება დაიწყეს მსოფლიოს უმსხვილესმა და მრავალმილიარდიანმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka, Concentrix-ი, Indorama, Teleperformanc-ი და სხვა“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, 2023 წლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანეს: ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სხვადასხვა სერვისების, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

  • მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო ხვდება საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის.

„ბოლო წლებში საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკის ყველა მიმართულებით და ეკონომიკური მდგრადობის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების ფონზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა და გაიზარდა ინკლუზიურობა. ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის მყარი ფუნდამენტის შექმნას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებასთან და ინკლუზიურობის ზრდასთან. ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ კომპონენტს: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესება და  ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

მიმდინარე რეფორმები და მთლიანობაში ეკონომიკური პოლიტიკა არის თანმიმდევრული და სისტემური და მიზნად ისახავს ეკონომიკაში არსებული გამოწვევების გამკლავებას. ფაქტობრივად ყველა გამოწვევის გადაჭრის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, რაც ემყარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიღრმისეულ ანალიზს.დღესდღეობით,  მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო ხვდება საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის. მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით დაანგარიშებული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე კანდიდატ ქვეყანას.

მიმდინარე პროგნოზებით, 2028-2030 წლებში, საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე  შემოსავლების იმ დონეს (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით), რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ“, - ამბობს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებენ ექსპერტები. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა საბოლოოდ გამოვიდა გამოვიდა რეცესიული ციკლიდან.

„ეკონომიკა, რომ  გამოსულია რეცესიული ციკლიდან და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამას საქონლის და მომსახურების ექსპორტის, რაც დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყანაში, მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობაც ასახავს.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი თუ 2012 წელს  იყო 36.5 %, 2019 წელს მან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 54.8 % შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის რეცესიული შოკისას, რაც ეკონომიკის 6.8 %-იან ვარდნაში აისახა, მისი მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა 37.3 %-მდე, თუმცა 2022 წელს 52.6 %-ს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზით, მისი მაჩვენებელი 55 %-ს გადააჭარბებს და არც ის არის შემთხვევითი, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სარეკორდო იქნება 4.4 მილიარდი აშშ დოლარით“, - ამბობს გიორგი ცუცქირიძე.