სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას სარჩელი დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე შეეხება 2009 - 2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. კერძოდ, მომჩივანი - ვახტანგ მაისაია, 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მომჩივნის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.

სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაყრდნობით მიუთითა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული იყო პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ამასთან, ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

რაც შეეხება გამოძიების ეფექტიანობას, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ჯერ კიდევ 2010 წელს დააყენა, თუმცა გამოძიება წარიმართა ხარვეზიანად. კერძოდ, მას არ ჰქონდა პროცედურული შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში და თვალი ედევნებინა მისი პროგრესისთვის. ამასთან, გამოძიების პროცესში იყო გაუმართლებელი უმოქმედობის პერიოდები საგამოძიებო უწყების მხრიდან.

სახელმწიფოს დაევალა მომჩივნისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15,000 ევროს მოცულობით.