1794471413
Agro Food Expo Georgia 2026: ინოვაციები, ტექნოლოგიები და გამოწვევები
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური ღონისძიება Agro Food Expo Georgia 2026 წელს რიგით 24-ედ Expo Georgia-ს ორგანიზებით იმართება და დარგის პროფესიონალებს ერთ სივრცეში აერთიანებს. საგამოფენო პრეზენტაციებს ტრადიციულად მე-11 პავილიონი უმასპინძლებს. მსურველები ექსპოზე დასწრებას 13 და 14 ნოემბერს (10:00-დან 18:00 საათამდე) შეძლებენ.
ექსპოს მასშტაბი და დასახული მიზნები
წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობს 100-მდე კომპანია 8 ქვეყნიდან. საერთაშორისო სექტორი ფართოდ არის წარმოდგენილი გამორჩეული ბრენდებით, მათ შორის კორეიდან (9 კომპანიით), ნიდერლანდებიდან და იტალიიდან. ფორუმი სრულ აგროსასურსათო ჯაჭვს მოიცავს ნიადაგის დამუშავებიდან გადამუშავებამდე, შეფუთვამდე და ბაზარზე გატანამდე.
გამოფენის კურატორის, ნინო გამრეკელის განცხადებით, ღონისძიება უპირატესად B2B ფორმატში წარიმართება, რაც სფეროს პროფესიონალებს პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარებაში ეხმარება.
დამთვალიერებლები იხილავენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და საწარმოო დანადგარებს, მათ შორის: აგროდრონებსა და მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველ ციფრულ დანადგარებს; სარწყავ სისტემებსა და მოსავლის დამცავ ბადეებს; ორგანულ სასუქებს; ჩირის გამოშრობის ხაზებს და შესაფუთ ტექნოლოგიებს, მათ შორის საცხობი დანადგარების დემონსტრაციას.
“ადგილობრივი ფერმერებისთვის გამოფენაზე სპეციალური საქმიანი დამთვალიერებლის პროგრამა იმოქმედებს, რომელიც რეგიონებიდან ფერმერებისა და მწარმოებლების მოწვევას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მსურველებს რეგისტრაცია გამოფენის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ გაიარონ”, - ამბობს ნინო გამრეკელი.
გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინოვაციური მიმართულება თანამედროვე აგროტექნოლოგიებსა და მაღალტექნოლოგიურ დრონებს უკავშირდება. ამ სფეროს ერთ-ერთი ლიდერის, ინოვაციური ბრენდის (XAG) ექსკლუზიური წარმომადგენელი ალეკო ჭუმბურიძე საუბრობს იმ უპირატესობებსა და გამოწვევებზე, რასაც ეს ტექნოლოგია ქართული სოფლის მეურნეობისთვის ქმნის:
„მცენარეთა მოვლის სერვისი აგრო-დრონის საშუალებით ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა რეალობაში. ერთმოტორიანებში წარმადობა გვაქვს საათში 15-დან 25 ჰექტარამდე, რაც ძალიან მაგრად ადგებათ ფერმერებს, რადგან შესაწამლი ფანჯარა ძალიან პატარაა (ხშირად გადაუღებელი წვიმების შემდეგ). აგრო ტექნიკური სამუშაო არის ბევრად უფრო ზუსტი და თანაბარი, წყალი იხარჯება ნაკლები და ეფექტიც უფრო სწრაფია.
150 ჰექტარი ხორბლის მქონე ფერმერს სეზონზე 5-6-ჯერ სჭირდება შეწამვლა. მხოლოდ მომსახურებით ეს წელიწადში 40-50 ათასი ლარი უჯდება. ჩემი აზრით, ბევრად უფრო რენტაბელურია, გადაიხადონ 100 000 ლარამდე კომპლექტში და ჰყავდეთ საკუთარი დრონი. რადგან ამ ეტაპზე თბილისში შოურუმი არ გვაქვს, ექსპოს ჩვენთვის პრეზენტაციის უდიდესი ეფექტი ექნება. პოტენციური კლიენტები უკვე გაფრთხილებული მყავს და უმეტესობისგან დასტური მაქვს, რომ მოვლენ”,- განმარტავს ალეკო ჭუმბურიძე.
გამოფენის მონაწილე “ნუტრიმაქსი” გამოფენის მთავარ ღირებულებაზე, მის დარგობრივ როლზე ამახვილებს ყურადღებას.
“გამოფენა Agro Food Expo 2026 ერთ სივრცეში აერთიანებს ფერმერებს, დარგის სპეციალისტებსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას. გვჯერა, რომ ცოდნის გაზიარება, ფერმერებთან მჭიდრო თანამშრომლობა და თანამედროვე მიდგომების ხელშეწყობა საქართველოს აგროსექტორის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია”,- აცხადებენ “ნუტრიმაქსში”.
ღონისძიების დამატებითი აქტივობები და პანელები
გამოფენის ფარგლებში, ტექნიკური სიახლეების გარდა, გაიმართება მნიშვნელოვანი პანელური დისკუსიები:
●“საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციასთან” თანამშრომლობით პირველად გაიმართება განხილვა მედიისა და აგროსექტორის დიალოგზე, აგროჟურნალისტიკის გამოწვევებზე.
●პარტნიორი „ფერმერთა ასოციაცია“ განიხილავს განათლების, მდგრადობისა და ინოვაციების მიმართულებებს (მათ შორის დუალურ პროფესიულ სწავლებასა და ექსპორტის შესაძლებლობებს).
●საკონსულტაციო ორგანიზაცია „სერტიფუდი“ მცირე სასურსათო წარმოებების სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და ბიზნესად გარდაქმნის გზებზე ისაუბრებს.
დამთვალიერებლებს ასევე ელოდებათ ტრაქტორების შოუ, ლაივ მასტერკლასები (მათ შორის არტიზანული პურის ცხობა და გერმანული პრეცელი) და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა - დეგუსტაცია.








