„ამ თვეში უნდა დანიშნულიყო...“ - ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1791144257
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.
„თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული - თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ.
თბილისის სიყვარული ამ ქალაქის ყველაზე დიდი ტრადიციაა. თბილისი, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქი, პირველ რიგში ადამიანების შრომაზე, მათ ნიჭზე, შემოქმედებასა და საქმიანობაზე დგას. თბილისის ნამდვილი ისტორია სწორედ იმ ადამიანების ისტორიაცაა, რომლებმაც საკუთარი ცოდნით, ნიჭით, შრომითა და სიყვარულით ამ ქალაქს თავისი კვალი დაატყვეს.
თბილისზე საუბრისას ხშირად ვიხსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას - ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ჩემთვის თბილისი, პირველ რიგში, ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს; ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს.
თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს - ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა - თბილისელი.
იყო თბილისელი, ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე - გიყვარდეს, ზრუნავდე და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდე მას, ხოლო იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, განსაკუთრებული პატივია და, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა.
საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის. ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს. ეს ნიშნავს დაიმსახურო თბილისელების პატივისცემა და სიყვარული. იყო ადამიანი, რომლის საქმიანობაც უკვე ამ ქალაქის ისტორიის ნაწილია.
მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებმაც თბილისს ცოდნა დაუტოვეს, თბილისური კულტურა შექმნეს, ემსახურებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს, საზოგადოებას; ადამიანები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ, ყოველდღიური შრომით ქმნიდნენ ამ ქალაქის წარმატებას.
დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით - თბილისს ახსოვს თქვენი შრომა, აფასებს თქვენს ღვაწლს და ამაყობს თითოეული თქვენგანით. ქალაქები შენობებით, ქუჩებითა და ინფრასტრუქტურით შენდება, მაგრამ ქალაქის სულს ადამიანები ქმნიან. თბილისის ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოველთვის მისი ადამიანები იყვნენ და იქნებიან.
ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია დღეს ჩვენი ქალაქის სახელით ამ ადამიანებს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვუთხრა - მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით. მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც ამ ქალაქში დატოვეთ და მადლობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობით თბილისს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ქალაქად აქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი; დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი; რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი; ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი; რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი; ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი; იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი; გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი; მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი; მურმან გელენიძე - მხატვარი; მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი; ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი; გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი; ტარიელ ონაშვილი - მომღერალი; ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი; ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი;
ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი; იური ოსიპოვი - მოფარიკავე; ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი; გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი; კირა ანდრონიკაშვილი - მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე; გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.