დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„ომიკრონთან“ ბრძოლის პარალელურად ინფიცირებულები აღნიშნავენ, რომ განურჩევლად ასაკისა, აქვთ ცხვირიდან სისხლდენა. ფიქრობენ, რომ ეს კონკრეტულად ამ შტამს ახასიათებს და არ იციან, არის თუ არა საშიში.
„პრაიმთაიმი“ აღნიშნულ საკითხზე პროფესორს, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ ექსპერტს მაკა ბულეიშვილს ესაუბრა.
როგორ ირკვევა, გარდა „ომიკრონისა“, ეს პრობლემა სხვა რესპირატორულ დაავადებასაც ახასიათებს.
მაკა ბულეიშვილი: ცხვირიდან სისხლდენა მხოლოდ „ომიკრონს“ არ ახასიათებს. ეს შესაძლებელია იყოს მწვანე რესპირატორული დაავადების დროს, გრიპის ვირუსის დროსაც, ასევე, ახასიათებდა „ღორის გრიპსაც“.
ეს არ არის ინტენსიური სისხლდენა. შეიძლება იყოს გამონადენი ლორწოსთან ერთად. ხშირად „ომიკრონის“ დროს ლორწოვანი გამონადენიც არის. ცხვირის სიმშრალე ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც მანამდე ქრონიკული სინუსიტი, ზოგადად, ოტოლარინგოლოგიური პრობლემები ჰქონდათ, ხშირ შემთხვევებში, ცხვირის წვეთებზე არიან დამოკიდებულები, ასევე, აქვთ ძგიდის გამრუდება, ნიჟარების შეშუპება, ასეთ დროს ყველაზე ხშირია ლორწოვანი გამონადენი.
„ომიკრონის“ ერთ-ერთი სიმპტომი ზედა სასუნთქი გზების ანთებაა. სურდო, ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი, შესაბამისად, ვირუსი ლოკალიზებულია და ეს კარგია, „ომიკრონის“ შემთხვევაში ვირუსმა კარგი გარემო მოძებნა და ფილტვებში არ ჩადის. თუმცა, ასაკობრივ ჯგუფებში სარისკოა.
გააჩნია სისხლდენა როგორი ტიპისაა. თუ მასიურია და გამეორდა, შესაძლებელია, ეს არტერიულ წნევის მატებასთან იყოს დაკავშირებული. ამავე დროს, აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ იღებენ ანტიკოაგულანტებს, რომელსაც ხშირად ჩვენი მოსახლეობა ყოველგვარი დანიშნულების გარეშე იღებს. აქვე, „დელტას“ დროს მოდაში შემოვიდა სისხლის გამათხელებლის მიღება, ახლა არავითარ შემთხვევაში არანაირი მედიკამენტის მიღება არ შეიძლება, თუ ქრონიკული დაავადება არ აქვს პაციენტს.
საშიში არ არის სისხლდენა და ექიმთან მისვლას არ საჭიროებს თუ 4 დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება. თუ მოიმატებს, ცხადია ექიმთან კონსულტაცია უნდა გავიაროთ.
განსაკუთრებით საყურადღებოა ქრონიკული პაციენტებისთვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონეებისთვის, მათთვის, ვინც მუდმივად იღებს ანტიკოაგულანტებს. თუ ამ ადამიანებში არის ჭარბი სისხლდენის გამოხატული ეპიზოდი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადასახედი იქნება მათი ლაბორატორიული კვლევა.
რა უნდა ვქნათ სისხლდენის დროს - კარგია ცივი ტამპონი, ორივე მხარეს ცხვირში. შესაძლებელია, რომელიმე ცხვირის წვეთი კონკრეტული ადამიანისთვის იყოს გამაღიზიანებელი და ალერგიული რეაქცია განვითარდეს. ამიტომ განუსაზღვრელი რაოდენობით ცხვირის წვეთების მოხმარება არ შეიძლება, რადგან შემდეგში სიმშრალეს და სისხლდენას იწვევს.