ქვეყანა ელოდება ანტივირუსულ წამალს, რომელიც გართულებებისგან 90%-ით იცავს - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ელოდება ანტივირუსულ წამალს, რომელსაც გართულებებისგან 90 %-იანი დაცვა აქვს. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, “ფაიზერისა” და “მოდერნას” კომპანიები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც ომიკრონის შტამის წინააღმდეგ მუშაობს:

“დაგიზუსტებთ, რომ “ფაიზერი” და “მოდერნა” მუშაობს ომიკრონადაპტირებულ ვაქცინაზე, ანუ ვაქცინაზე, რომელიც ომიკრონის შტამზე მუშაობს.

ესენი გახლავთ კლინიკური კვლევის ბოლო ფაზებში და დაანონსებული იყო, რომ მარტის ბოლოსთვის, პირველ რიგში,”ფაიზერს” და შემდეგ “მოდერნას” ეს კვლევები უნდა დაესრულებინა, თუმცა იგივე “ფაიზერის” განცხადებებიდან ჩანს, “ფაიზერის” ვაქცინის ბუსტერს მთავარი გართულებებისგან სერიოზული დამცველობითი უნარი აქვს.

“ომიკრონი” გამოდგა ისეთი შტამი, რომ გიდასტურებთ, ჩვენს მასალაზეც გაანალიზებული გვაქვს, დაახლოებით, 40-50 %-ში, იანვარში და თებერვალში ვისაც ომიკრონი დაემართა, ორჯერ იყო აცრილი და ვისაც ბუსტერი ჰქონდა გაკეთებული, იქ შედარებით ნაკლები იყო დაინფიცირების შემთხვევები.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, იქ, ჩემი აზრით, კიდევ ამ კონტექსტიდან იყო, რომ ქვეყანა ელოდება ძირითადად ანტივირუსულ ახალ წამალს, (“ფაიზერის” ერთ-ერთი ინოვაციური პრეპარატი არის) რომელსაც 90 %-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან და ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და უკვე დაზუსტებული არის, რომ ქვეყანამ ეს უნდა მიიღოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.