მზარდი სტატისტიკა - კოვიდ ტესტირებისადმი მოთხოვნა წინა კვირასთან შედარებით 53%-ით მეტია

ომიკრონი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდ ტესტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო ტესტირებებზე მიმართვიანობა გავრცელებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველა მოქალაქეს იზოლაციის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება

საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 16 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 24 პაციენტი.