მარნეულის სასურსათო ქარხნის ნაწარმი გაძვირდება

ფასი იზრდება

ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ “მარნეულის სასურსათო ქარხანაში”, მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროდუქტებზე ფასების 5-დან 10 თეთრამდე ზრდა იგეგმება. ამის შესახებ იფნრომაციას BM.ge ავრცელებს.

კომპანიაში ფასების კორექტირების მიზეზი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივ აირზე  ფასების მატება გახდა.

როგორც “მარნეულის სასურსათო ქარხნის” მფლობელი კომპანიის “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი აღნიშნავს, ტარიფის ზრდა და შედეგად მომატებული ფასები მათ გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედებს.

“ბუნებრივ აირზე ფასები 2022 წელს სამჯერ გაგვიძვირდა. პირველი იანვრიდან, პირველი მაისიდან და ახლა უკვე ფასის მატება პირველი ივლისიდან მოხდება. ეს ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა. ჩვენთან, ბუნებრივი აირის მოხმარება დიდია და ახლა წლიურ ჭრილში ბუნებრივ აირზე გადასახდელი თანხა 100 000 ლარამდე გვიძვირდება. ასეთი ცვლილება გავლენას საბოლოო ფასზე თავისთავად ახდენს და ახალი პროდუქციის გამოშვება ბაზარზე გაზრდილი ფასით მოგვიწევს.” - აღნიშნა ბერიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის კუბური მეტრი გაზის მოხმარების ტარიფი 25 თეთრი ძვირდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება.